16:36:29     27-09-2010
საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მიმოხილვა
წერილის მიზანია არსებული ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მიმოხილვა. ამასთანავე იმის გარკვევა, თუ რამდენად რეალური და შესრულებადი იყო ის ამოცანები, რაც დოკუმენტში იყო მოცემული, მით უფრო აგვისტოს ომის გათვალისწინებით. თუ რა შეცდომები იყო დაშვებული საფრთხეების შეფასებისას დოკუმენტში და რამდენად სწორედ იყო დაგეგმილი შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე განსახორციელებელი ცვლილებები.
მოგეხსენებათ, აგვისტოს ომის შემდეგ ბრიუსელში 2008 წლის 2-3 დეკემბერს ნატო-საქართველოს საბჭოს პირველი შეხვედრა შედგა. შეხვედრისას ნატოს მინისტერიალმა მოუწოდა საქართველოს გაეგრძელებინა რეფორმების განხორციელება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, დაეწყო ომის დროს მიღებული გაკვეთილების შედეგად ახალი უსაფრთხოების დოკუმენტების შემუშავება. ამ დროდან თითქმის ორი წელია გასული, თუმცა საქართველოს არც განახლებული უსაფრთხოების კონცეფცია და არც ეროვნული სამხედრო სტრატეგია არ გააჩნია. აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილმა რეალობამ დღის წესრიგში დააყენა სამხედრო სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობა. თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სტრატეგიის ახალ დოკუმენტზე მუშაობა, რომლის განხილვებში სამოქალაქო სექტორიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას.
არსებული ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ამა წლის მაისში გადაუგზავნა ახალი სამხედრო სტრატეგია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად, თუმცა რატომ ვერ მოხერხდა დოკუმენტის ხელმოწერა აქამდე - გაურკვეველია. შესაბამისად, სანამ პრეზიდენტი მოიცლიდეს ამ დოკუმენტისთვის, ისღა დამრჩენია არსებული ეროვნული სტრატეგიის ჩემეული მოკრძალებული მიმოხილვა შემოგთავაზოთ. (დოკუმენტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე).
2005 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის პირველი ეროვნული სამხედრო სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი შეიარაღებული ძალების მიზნებს ხუთწლიანი პერიოდისთვის ადგენდა და გულისხმობდა მის საჭიროებისამებრ განახლებას ყოველწლიურად, ნებისმიერ ცვლილების გასათვალისწინებლად, რომელიც მოხდება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, საფრთხეების შეფასების ხელახლა განხილვის საფუძველზე.
სტრატეგია ადგენს შეიარაღებული ძალების სტრუქტურას და განსაზღვრავს მის შესაძლებლობებს მომავალის 5 წლის მანძილზე, 2010 წლამდე. სტრატეგიის თანახმად საქართველოს თავდაცვა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
· პირდაპირი აგრესიის თავიდან აცილება და მისგან დაცვა
· ნატო-სთან ინტეგრაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა
· სტრატეგიული გარემოს ზუსტი შეფასების უნარი
· კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა
· საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა
ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში განსაზღვრულია საქართველოს 4 ძირითადი სამხედრო მიზანი: თავდაცვა, მზადყოფნა, შეკავება/პრევენცია და საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა. დოკუმენტში აგრეთვე განსაზღვრულია ზოგადი ვადები და სამხედრო შესაძლებლობები, რომელთა დაცვაც უნდა მოხდეს შეიარაღებული ძალების მიერ.
აგვისტოს ომმა დაადასტურა, რომ 2005 წ. დოკუმენტს გააჩნდა სერიოზული ხარვეზები, რის გამოც რეალურ ცხოვრებაში მისი შესრულება რთული აღმოჩნდა.
ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საფრთხეები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა დოკუმენტი, არ იყო რეალისტურად შეფასებული. დოკუმენტის მიხედვით მთავარ საფრთხედ გაყინული კონფლიქტები და ახალი კრიზისული კერების წარმოშობა იყო დასახელებული. ამასთან, საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიიის განხორცილების ალბათობა განსაზღვრული იყო როგორც დაბალი, თუმცა ქვეყნის უდედეს საფრთხედ იმავდროულად მის ტერიტორიაზე არსებულ სეპარატისტულ ძალებს და რუსეთის სამხედრო ბაზებს მოიხსენიებდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის იარსებებენ ძალები, რომლებიც აქტიურ დახმარებას აღმოუჩენენ სეპარატისტულ რეჟიმებს და ამისთვის რუსული სამხედრო ბაზების გამოყენებასაც შეეცდებიან. აქედან გამომდინარე, რუსეთის ირიბი ჩართულობა სეპარატისტებისგან მომდინარე საფრთხის შემთხვევაში საფრთხედ იყო განხილულილი, თუმცა, რატომღაც, ფართომაშტაბიანი სამხედრო აგრესიის ალბათობა ნაკლებად იყო გათვალისწინებული. აგვისტოსს ომმა დაადასტურა ამ გათვლების მცდარობა.
ყურადღებას იქცევს ასევე დოკუმენტის V მუხლში გაწერილი ეროვნული სამხედრო მიზნები, სადაც ნათქვამია, რომ ერთის მხრივ, აგრესიის პირობებში საქართველოს შეიარაღებული ძალები მაქსიმალური წინააღმდეგობის პრინციპს და არაპროგნოზირებადი სივრცის შექმნას მიმართავს: “საქართველოს ტერიტორიის სიმცირის, შეზღუდული ოპერატიული სივრცისა და გაფანტულად მდებარე სტრატეგიული ადგილების (ქალაქები, ინდუსტრიული ცენტრები, სადგურები, საკომუნიკაციო ხაზები) გამო უკანდახევის შესაძლებლობა არ არსებობს. შეზღუდული რესურსების გამო შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებათ დაკარგული და მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიის დარუნება”.
მეორე მხრივ კი ციტატა:“შეიარაღებული ძალები მოერიდებიან სამხედრო თვალსაზრისით ძლიერ მოწინააღმდეგესთან სრულმასშტაბიან, გადამწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს სრული განადგურების საშიშროების გამო. საჭიროების შემთხვევაში, სშძ მიმართავენ ასიმეტრიულ ბრძოლას, პარტიზანულ მოქმედებებსა და მობილური ქვედანაყოფების ტაქტიკას, რათა შეინარჩუნონ ბრძოლისუნარიანობა და მიაყენონ საგრძნობი ზიანი მოწინააღმდეგეს”.
აქ ერთმანეთს უკვე ეწინააღმდეგება ეს ორი დებულება - საუბარია უკანდახევის შესაძლებლობების არქონაზე, რამდენადაც შეიარაღებული ძალებს გაუჭირდებოდათ დაკარგული და მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნება. ამის გამო ისინი მაქსიმალური წინააღმდეგობის პრინციპით იმოქმედებენ, ხოლო მეორე შემთხვევაში არმია წინააღმდეგობას არ უწევს მოწინააღმდეგეს და მოერიდება სრულმასშტაბიან გადამწყვეტ საბრძოლო მოქმედებებს და ასიმეტრიული ბრძოლას მიმართავს.
როგორც აგვისტოს მოვლენებმა დაგვანახა, ქართულმა სამხედრო შენაერთებმა მეორე ტაქტიკას მიმართეს – თავიდან აიცილეს რუსეთთან სრულმასშტაბიანი ბრძოლა, რის შედეგადაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მთლიანი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ომში არ მიანიჭეს უპირატესობა ასიმეტრიულ ბრძოლებს, პარტიზანულ მოქმედებებსა და მობილური ქვედანაყოფების ტაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის დაკარგვის საფრთხე რეალური იყო. შესაბამისად, გამომდინარეობს დასკვნა, რომ სამხედრო ძალები არ იყვნენ მზად გადასულიყვნენ მობილური ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკაზე.
პრობლემური საკითხია ასევე 2005 წ. სამხედრო სტრატეგიაში განსაზღვრული წინააღმდეგობის მართვის ჰორიზონტალურობის (ავტონომიურობა - დეცენტრალიზაცია) თემა. აგვისტოს ომის გამოცდილებამ აჩვენა, რომ რეალურად ვერც ეს პუნქტი განხორციელდა, რამდენადაც მართვის ჰორიზონტალურობა კომუნიკაციის არარსებობის და არმიის არაეფექტიანი მართვის გამო ვერ მოხერხდა.
გარდა ამისა, მოსალოდნელი იყო, რომ სამხედრო ნაწილებისათვის წარმოდგენილი დეცენტრალიზაციის პრინციპები ისედაც რთულად შესრულებადი იქნებოდა, ეს უფრო სამხედრო კორპუსის გრძელვადიანი წვრთნისა და პროფესიულ ზრდის შედეგი შეიძლება იყოს. დღევანდელ ვითარებაში მსგავსი გამოცდილება არათუ თავდაცვის, არამედ სახელმწიფო მართვის სისტემაში და საერთოდ, სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, არ არსებობს (დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, მოქმედება ბრძანების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება, როდესაც გაცემული ბრძანებები არაადეკვატურია და როდესაც ჩნდება გაუთვალისწინებელი შესაძლებლობები.
უნდა აღინიშნოს, ასევე, რომ შეკავება და პრევენცია არის არა მხოლოდ სამხედრო საქმე, არამედ შეიცავს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპექტებსაც და მტრის შეკავება მიიღწევა ასევე მოსახლეობის საბრძოლო სულისკვეთებით. საქართველო-რუსეთის ომის დროს მოსახლეობას არ ჰქონდა ელემენტარული ინფორმაციის მიღების საშუალება, როგორ ემოქმედა. ამასთან, საქართველოში არ არსებობდა სამოქალაქო თავდაცვის სისტემა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად არ აღმოჩნდა ადეკვატური რეაგირებისათვის, რისი მაგალითიც ომის დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა იყო მოსახლეობისადმი, რომელმაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ამგვარად, მიუხედავად დოკუმენტის დეკლარირებული ნაწილისა, რომ შეიარაღებულ ძალებს უნდა გააჩნდეთ ქვეყნის თავდაცვის დაგეგმვის ეფექტური სისტემა და უნდა შეიმუშაოს მოსალოდნელი კრიზისების სამოქმედო გეგმები, მსგავსი გეგმების არსებობა ომმა არ დაადასტურა. ომის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ გაერთიანებულ შტაბს წინასწარ მომზადებული საბრძოლო და ოპერატიული გეგმა და სავარაუდო სცენარებზე აგებული გათვლები არ ჰქონია.
სტრატეგიის დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო საჭიროებს სადაზვერვო შესაძლებლობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო დაზვერვის კომპონენტი გაუქმებული იყო 2005 წელს და მისი ფაქტობრივი აღდგენა მოხდა მხოლოდ 2007 წელს, შესაბამისად ამ ფაქტორმაც ნეგატიურად იმოქმედა ომის პრევენიციის საკითხზე.
გარდა ამისა, სამხედრო სტრატეგია ზედმეტ ნდობას უცხადებდა საერთაშორისო სამხედრო თანამშორმლობას, როგორც ომის შემაკავებელ ფაქტორს. ეს ზედმეტი ნდობა, როგორც ქართველი ექსპერტების უმრავლესობა აცხადებს, გაუმართლებელი აღმოჩნდა, რადგანაც საქართველოს დაცვის ფორმალური პასუხისმგებლობა დღეს არცერთ მოკავაშირეს და არც ერთ ალიანსს არ გააჩნია.
სამხედრო სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალები საჭიროებენ ხელმძღვანელობის და პირადი შემადგენლობის პროფესიონალურ სამხედრო განათლებას. 2008 წლისათვის ქართულ ჯარში აშკარად არსებობდა სამხედრო განათლების სისტემის ხარვეზები. 2005-06 წლებში გაუქმდა სამხედრო საგანმანათლებლო სასწავლებლები. გაუქმდა თავდაცვის აკადემიის 4–წლიანი სასწავლებელი და გადაკეთებულ იქნა იგი 9–თვიანი მომზადების კურსად, 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებით კი გაუქმდა ე.წ. კადეტთა კორპუსი, სადაც მოსწავლეები ზოგადი განათლების პროგრამასთან ერთად ეუფლებოდნენ სამხედრო თეორიას.
განათლების სფეროში დაშვებული შეცდომების ნაწილობრივ აღიარება იყო პრეზიდენტის 2009 წელს გაკეთებული განცხადება კადეტთა კორპუსის და თავდაცვის აკადემიის აღდგენის აუცილებლობის შესახებ. 2010 წლის 13 სექტემბერს ქუთაისში საზეიმოდ იქნა გახსნილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. იგეგმება ასევე გორში თავდაცვის აკადემიის ამოქმედებაც.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, იქამდე სანამ ახალი სამხედრო სტრატეგია არ გამოქვეყნდება შეუძლებელი იქნება იმის თქმა, თუ რამდენად იქნა გათვალისიწნებული აგვისტოს ომის გაკვეთილები დოკუმენტის წერის დროს. თუმცა ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი ამ საკითხებით დაინტერესებული პირი იქნება გათვიცნობიერებული არსებული საჯარო სამხედრო დოკუმენტების რაობის შესახებ და მეტი ანალიზი გაკეთდება ამ საკითხების შესახებ, მით უფრო მეტი შანსია საფუძვლიანი კრიტიკა მოისმინოს როგორც დოკუმენტის შემქმნელებმა, ასევე უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა ამ საკითხების ირგვლივ, რაც იმედია, დადებითად იმოქმედებს საბოლოო ჯამში ამ სფეროს განვითარებაზე.
0