15:38:38     18-08-2011
,,უკვე 20 წელია, რაც რუსეთის ავიაციას კლავენ“
მოსკოვის შემოგარენში, ჟუკოვოს რაიონში, გრომოვის სახელობის ინსტიტუტის მოედანზე საერთაშორისო ავიაკოსმოსური სალონის მე–10 საიუბილეო გამოფენა ,,მაკს–2011“ გაიხსნა. გამოფენაში მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის 240 მფრინავმა აპარატმა მიიღო, ასევე მონაწილეობდნენ აშშ–ს, საფრანგეთის, იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნების თვითმფრინავები.
რუსეთმა გამოფენაზე ყველა ის თვითმფრინავი და შვეულმფრენი გამოიყვანა, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის. მათ შორის, უახლესი, მეხუთე თაობის გამანადგურებელი T-50, რომელიც გამოფენის სტუმრებმა პირველად იხილეს. ის გამოფენაზე არ იდგა, მხოლოდ რამდენიმეჯერ გადაუფრინა ინსტიტუტის შენობას და მოედანს.
როგორც ცნობილია, T-50–ს ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 2016 წელს შეიყვანენ. ამ დროისთვის, ტესტირებას სამი T-50 გადის და თუ ისინი ყველანაირ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, მაშინ ის ახალი საბაზისო თვითმფრინავი გახდება.
რუსეთის ავაიმშენებლობის კორპორაციის დირექტორის, მიხეილ პოღოსიანის თქმით, რუსეთი მეხუთე თაობის გამანადგურებელ თვითმფრინავს ინდოელ სპეციალისტებთან ერთად ქმნის.
,,ახალი თვითმფრინავის ესკიზი ინდოელებთან ერთად შეიქმნა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამ ქვეყანასთან და იმედი გვაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ და ისეთ გამანადურებელს შევქმნით, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია,“– გამაცხადა პოღოსიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დიდი სიამაყით მოახდინა ახალი თვითმფრინავის დემონსტრირება, გამოფენის დამსწრე საზოაგდოება და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა გამოფენამ რუსეთის ავიაციის არა მარტო ძლიერი, არამედ სუსტი მხარეებიც გამოავლინა.
,,ნეზავისიმაია გაზეტას“ თქმით, რუსეთის ავიაციის ახალი ტექნიკა მაინც ჩამორჩება მსოფლიო ავიაციის ისეთ ლიდერებს, როგორიც აშშ და ევროპის ქვეყნებია, მათ შორის ჩინეთსაც.
,,რუსეთმა შეწყვიტა თავისი სამგზავრო თვითმფრინავების გამოშვება, მკვეთრად შემცირდა დისტანციური, უპილოტო აპარატების წარმოებაც. აქედან გამომდინარე, ,,მაკს–2011“–მა დაგვანახა არა მარტო წარმატებები, არამედ რუსეთის ავიაციის წარუმატებლობაც. მეტიც, ჩვენ დავინახეთ ავიაციის კრიზისი, რომლიდან გამოსვლის გზაბიც უნდა მოიძებნოს,“–ნათქვამია ,,ნეზავისიმაია გაზეტაში.“
რუსეთის გმირი, დამსახურებული მფრინავ–ინსტრუქტორი მაგომედ ტოლბოევი ,,მასკოვსკი კამსომოლეცი“–სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ,,უკვე 20 წელია, რაც რუსეთის ავიაციას კლავენ.“
,,ისეთი სკოლა, რომელიც რუს მფრინავებს ჰქონდათ, დღეს არ არის და არასოდეს აღარ იქნება. როგორც ოფიცერს, მრცხვენია და მტკივა ის, რაც რუსულ ავიაციაში ხდება. რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს, ყველაფერი გავანადგურეთ, შვილიშვილებს და მომავალ თაობას კი არაფერს ვუტოვებთ,“–განაცხადა ოფიცერმა.
რუსეთის ავიაციის პრობლემებზე საუბრისას, ტოლბოევმა კომენტარი ბოლო დროს გახშირებულ ავიაკატასტროფებზეც გააკეთა. მისი თქმით, დღეს რუსეთში არსებული სამგზავრო თვითმფრინავების უმრავლესობა ძველი და ჩამოსაწერია.
,,პატარა თვითმფრინავები Як–40 და Ан–24 უკვე მოძველდა და მათი რესურსი თითქმის ამოიწურა, მათ აუცილებლად უნდა შეწყვიტონ ფრენები. რაც შეეხება სამგზავრო Ту–134–სა და Ту–154–ს, მათ ერთ დროს მთელი საბჭოთა კავშირი შემოიფრინეს და კარგადაც მუშაობდნენ, მაგრამ არ შეიძლება ბებერი ვირი ისე დატვირთო, როგორც ახალგაზრდა. ამიტომაც ხდება ავიაკატასტროფები. ძალიან მეცოდებიან ის მგზავრები და მფრინავები, რომლებიც სახელმწიფოსა და სამოქალაქო ავიაციის გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას შეეწირნენ. წინ შემოდგომა და ზამთარია, რომელიც კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. დარწმუნებული ვარ, ავიაკატასტროფები ზამთარში უფრო გახშირდება,“–განაცხადა რუსეთის დამსახურებულმა მფრინავ–ინსტრუქტორმა მაგომედ ტოლბოევმა.
მან ასევე კომენტარი გაკეთა ახალ, მეხუთე თაობის თვითმფრინავზე და განაცხადა, რომ ასეთი თვითმფრინავებით ისინი 80–იან წლებში დაფრინავდნენ და მათი 2011 წელს ჩვენება და ამით თავმომწონეობა, დიდი სირცხვილია.
0