თურქეთი ქურთებს ერაყის ტერიტორიაზეც ებრძვის თურქეთი ქურთებს ერაყის ტერიტორიაზეც ებრძვის />


  14:09:10     18-08-2011

თურქეთი ქურთებს ერაყის ტერიტორიაზეც ებრძვის

a9103.jpg

თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა, წუხელ ღამით, ერაყის ჩრდილოეთით, ქურთი სეპარატისტების პოზიციები დაბომბეს. თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 15–მა საბრძოლო თვითმფრინავმა F-16 – მა, ქურთისტანის შრომის პარტიის მებრძოლების ბაზებზე იერიში განახორციელა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. კომენტარი არ გაუკეთებია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასაც, რომელიც ქვეყანაში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის და ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად,  ერაყის ქურთების უსაფრთხოების გარანტია,

თურქეთსა და ქურთებს შორის კონფლიქტი, როგორც ცნობილია, 25 წელზე მეტია გრძელდება. ამ დაპირისპირებამ 40 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თურქეთის მუშათა პარტია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, თუმცა ერაყის ტერიტორიაზე, გაერთიანებას მოქმედების თავისუფლება აქვს. მუშათა პარტიის მებრძოლები, ბოლო თვეების განმავლობაში, თურქეთის ხელისუფლებას შეიარაღებული წინააღმდეგობის აქტივიზაციით ემუქრებოდნენ, თუ მრავალწლოვანი ქურთული პრობლემის გადაწყვეტისათვის კონკრეტული ნაბიჯები არ გადადაიდგმებოდა.    

ერაყის ქურთისტანთან დაკავშირებით, აშშ–სა და თურქეთის ინტერესები სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის. ამის ემატება თავად თურქეთის ტერიტორიაზე გართულებული მდგომარეობა. რამდენიმე ხნის წინ, ქურთულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიული გაერთიანების კონგრესმა“ თურქეთის შემადგენლობაში ქურთული ავტონომიის შექმნის შესახებ გამოაცხადა. ამ ფაქტს თურქებსა და ქურთებს შორის დაძაბულობის ზრდა, შეტაკებები და მსხვერპლიც მოჰყვა. ერთ–ერთი თავდასხმისას, ქურთებმა 13 თურქი ჯარისკაცი მოკლეს.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ განაცხადა, რომ მათი სახელმწიფო არასდროს შეეგუება მუქარას, შანტაჟს და ძალადობას. პრემიერი ერდოგანი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ქურთები მიზანს ვერ მიაღწევენ. ავტონომიის თვითნებურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, უკვე აღიძრა საქმე, სადაც ქურთი დეპუტატები, პოლიტიკური მოღვაწეები და პარტიის აქტივისტები ფიგურირებენ. საომარი მოქმედებების ერაყის ტერიტორიაზე გადატანა კი, მდგომარეობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაამძიმებს.       

0

ავტორი: