10:55:15     18-08-2011
ჯავშანტრანსპორტიორი БТР-3У
БТР-3У არის 8x8 კონფიგურაციის ჯავშანტრანსპორტიორი. მისი კონსტრუქცია შემუშავებულია კომპანია ADCOM MANUFACTURING - ის მიერ (არაბთა გაერთიანებული საემიროები), ხოლო იწარმოება უკრაინული კომპანია Харківське конструкторське бюро машинобудування-ს მიერ.
ახალ ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა 2003 წელს დაიწყო. БТР-3У წარმოადგენს საბჭოთა წარმოების ჯავშანტრანსპორტიორის БТР-80-ის გაუმჯობესებულ, მოდიფიცირებულ ვარიანტს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ჯავშანტრანსპორტიორს ძალიან დიდი მსგავსება აქვს БТР-80-თან, ის თავისი შესაძლებლობებით ბევრად აღემატება მას. БТР-3У-ს აქვს გაცილებით უფრო დიდი შიდა მოცულობა და გაცილებით უფრო ძლიერი ძრავი. ასევე გაუმჯობესებულია სხვა სისტემებიც.
მცირე რაოდენობით БТР-3У-ები ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: აზერბიჯანში, ეკვადორში, ყაზახეთში, ნიგერიაში, არაბთა გაერთიანებული საემიროებში და სხვა. გავიდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტი ბირმაში განხორციელდა. ბირმის არმიამ უკვე შეისყიდა 210 ერთეული БТР-3У-ს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი და კიდევ 1000 ერთეულის შესყიდვის თაობაზე გასცა შეკვეთა.
თავად უკრაინას ახალი მანქანები ჯერჯერობით შეიარაღებაში არ მიუღია, თუმცა БТР-3У-ებით თავის არმიაში მოძველებული ჯავშანტრანსპორტიორების ჩანაცვლებას გეგმავს.
БТР-3У შეიარაღებულია „შკვალის“ ტიპის საბრძოლო მოდულით, რომელიც აღჭურვილია 30 მმ-იანი ქვემეხით, 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, 30 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნითა და ოთხი „კონკურსის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით.
ჯავშანტრანსპორტიორ БТР-3У-ს ჯავშანი მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. მასზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო და დაცვის სისტემები. ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება, ესენია: მეთაური, მსროლელი და მძღოლი. ხოლო დესანტის სახით 6 სრულად აღჭურვილი ჯარისკაცს იტევს. დესანტს ჯავშანტრანსპორტიორში შესვლა და მისი დატოვება გვერდითი კარებებიდან და ლუკებიდან შეუძლია. БТР-3У-ს ბორტებზე დამონტაჟებულია სპეციალური საცეცხლე ამბრაზურები, რომლებიდანაც მასში მსხდომ დესანტს ცეცხლის წარმოება შეუძლია.
ჯავშანტრანსპორტიორზე ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია Dეუტზ BF6M1015-ის ტიპის დიზელის ძრავა, რომელიც 326 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. БТР-3У სრულად ამფიბიურია და მისი ცურვის უნარს ერთი წყალმტყორცნი ძრავა უზრუნველყოფს.
0