10:41:33     18-08-2011
გრიგოლ ვოლსკის (გრ. უმწიფარიძის) რამდენიმე ლექსი
ცნობილი ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ვოლსკი დაიბადა 1860 წელს ქუთაისში. მისი ოჯახი XIX საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში გადმოასახლეს პოლონეთიდან, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების ჩახშობის შემდეგ. გრიგოლ ვოლსკი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო და ფილოლოგიის ფაკულტეტებზე.
ილიას მეგობარი და თანამებრძოლი გრიგოლ ვოლსკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიავლინა ბათუმში, სადაც ხელმძღვანელობდა ამ საზოგადოების აჭარის განყოფილებას. 1888 წელს აირჩიეს ბათუმის სათათბიროს წევრად. არა ერთი კარგი საქმე გააკეთა ბათუმში. სოფრომ მგალობლიშვილი ბათუმის სათათბიროს არჩევნების შემდეგ წერდა: „ძნელი წარმოსადგენია, რა ჯაფა, შრომა დასჭირდა ბათუმის ქართველობას და, კერძოდ, გრიგოლ ვოლსკის თავისი თავგანწირული ამხანაგობით საქალაქო არჩევნებში გამარჯვებისათვის… ეს იყო და ეს, ქართველობამ ძირი მოიმაგრა და მის უკან დღემდე ბათუმს განაგებს ქართველობა. მიზეზი ამისა იყო და არის გრიგოლ ვოლსკი“.
მართლაც, მისი ინიციატოვით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც თვითონ ექიმად ემსახურებოდა უფასოდ. მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში. გრიგოლ ვოლსკის ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს ბათუმის საბავშვო მუზეუმი. დავით კლდიაშვილთან და ივანე მესხთნ ერთად დაუღალავად იღწვოდა აჭარის მოსახლეობის მხარდასაჭერად. ბათუმის თვითმმართველობაში მუშაობის პერიოდში იყო რიგითი ხმოსანიც, ხაზინადარიც, გამგეობის წევრიც, ქალაქის თავის მოადგილეც.
1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს, შესაძლოა მოწამლული ხანჯლით. 1908 წლიდან შეძლო საქმიანობის გაგრძელება, დაიწყო მუშაობა თბილისის კერძო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. თუმცა დიდხანს ვეღარ იცოცხლა და გარდაიცვალა თბილისში 1909 წლის 5 ოქტომბერს (ძველი სტილით), სისხლის მოწამვლით. კიტა აბაშიძეს გამოსათხოვარ სიტყვაში უთქვამს: „ჩვენის ბედკრულის, გაწამებულის ერის პირუთვნელი ისტორია მკვდრეთით აღადგენს იმის სახელს. ჩვენს მიერ ვერ დაფასებულს და თავს მოიხრის ამ უცხო თავგანწირული მუშაკის წინაშე”.
გრიგოლ ვოლსკი დაკრძალეს ბათუმში. სამწუხაროდ მისი საფლავი დაკარგულია. მადლიერმა შთამომავლობამ ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდა.
1878 წლიდან გრიგოლ ვოლსკი თავის ლექსებს, კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებსა და თარგმანებს გრ. უმწიფარიძის ფსევდონიმით აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში. მის ლექსზე, „შენ გეტრფი მარად“ მელიტონ ბალანჩივაძემ დაწერა მუსიკა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო. ქართულად თარგმნა ჩეხოვისა და ანდერსენის ნაწარმოებები. ქართულიდან რუსულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის, შიო არაგვისპირელის, ეკატერინე გაბაშვილის ნაწარმოებები.
როგორც ვთქვით, გრიგოლ ვოლსკი გარდაიცვალა 1909 წელს.
დღეს გავიხსენოთ გრიგოლ ვოლსკის რამდენიმე ლექსი.
ელეგია
გუნდ-გუნდ ვარსკვლავნი,
ანგელოზთ თვალნი,
ეშხით დამზერენ ტურფა გარემოს.
მთები მაღალნი,
უზარმაზარნი,
ადიან ზეცას, ისვრიან ჩეროს.
წყარო მჩქეფარე,
ვითა მწყრომარე
ჩამორბის კლდიდან ვარსკვლავთ მჩინარი,
ძირსა ველს გაშლილს,
ვარდნარით ფენილს,
ბულბული კვნესის ნაზი, ნარნარი.
კოშკნი ნგრეულნი,
მოხუცებულნი,
თეთრი თმის გაშლით ჩაფიქრებულან.
წარსულის, ძველის,
გულის მომწველის
ვერ მპოვნი, მწარედ დაღონებულან.
ქცევა კაცური,
ზნე მამაცური
მათ გარს ეხვევათ, ვითა სიზმარი...
მათ არ ამხნევებს,
მათ არ აღელვებს
ცეცხლის მომდები იმედი მტკბარი...
ვჭვრეტ ჯერ მეც წყვდიადს,
მაგრამ განთიადს
მაინც კი ველი, ვიყო გინდ მკვდარი.
ოდესა, 1878 წელი
(„დროება“, 1879 წ., # 2)
მოტყუებულს
რაზედ მიკლავ გულს, კაცო ურწმუნო,
ვითომ განქრესო ჩემი ოცნება,
მან დამამწაროს, მე მას ვუმტყუნო,
გადამიბრუნდეს საწყლად გუნება?
ნატვრა არ მაფრენს შორს, უწვდელ ზეცას,
გულს არ იტაცებს ზღაპრულ-ციური,
სრულად ვეკუთვნი ჩვენს ცოდვილ მიწას,
სადაც ბევრს გვიჭირს ლუკმა დღიური...
სად ფეხქვეშ სთელავს უძლურს ძლიერი,
ძმებმა დასწყევლეს დედის ნანინა,
ზეცას შესტირის ბედკრული ერი,
გალილეველიც არსით არვინა!
მაშინ დამცინე, სულით უძღებო,
როცა გამიქრეს სიცოცხლის ალი,
საფლავს ჩამძახე ხმა უგემური:
„განქრა ოცნება, ვაჰ, შენი ბრალი!“
ოღონდ მაშინა პასუხს არ გაგცემ,
არ შევიწუხებ ტკბილ განსვენებას;
და თუ ცოცხალ ვარ, გეტრფი, თაყვანს ვცემ
ჩემს სულის მოთქმას, ოცნებ-რწმუნებას!
ოდესა, 1878 წელი
(„დროება“, 1878 წ., # 37)
* * *
მე იქ შევზრდილვარ, იმ ტურფა მხარეს,
სად სჩქეფს რიონი ამპარტავანი,
რასაც ის დამღერს ნაპირს მძინარეს,
იმას მოვძახო, მსურს მე დღეს, ბანი.
მიყვარდა ხოლმე მის ჩქარ ზვირთების
ზაფხულის ღამეს ალერსი ტკბილი,
მაგრამ ალერსი შვილისა მთების
იყო მდუღარი მოთქმა-ტირილი.
იგი დასტირის ობოლს ერთობას, -
ვაჟ-კაცთ ზნეაო ეხლა გამქრალი,
და გვევედრება მაღალსა ძმობას,
თუ გვწადს, რომ გვქონდეს ჩვენ მომავალი.
ძმად მიმაჩნიხართ, ძმებო, თქვენ მისთვის,
რომ სისხლს გვიდუღებს ერთი წადილი,
ერთი გვწადს მრწამსი ქართველისათვის -
თავისუფლება ანუ სიკვდილი!
ძმები ვართ, მაშ რა, თუ გვიძგერს გული,
ზენა გრძნობისთვის ღია, გაშლილი,
თუ ლხინშიც გვახსოვს ბედი წარსული
და გვესმის ცხარე აწმყოს ტკივილი.
თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენთვის წუთისოფელი
ტახტი როდია ვარდ-მოფენილი,
თუმც ვიცით ლხინი, ანდერძი ძველი -
განცხრობა გვძულდეს, იყოს დევნილი!*
(“ივერია“, 1881 წ., # VII)
---
* ამ ლექსის უკანასკნელი სტროფი 1881 წლის „ივერიის“ VII წიგნში ცენზორის მიერ ამოშლილი ყოფილა.
0