გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა -  სალომე ზურაბიშვილი


  23:52:27     21-04-2021

გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა - სალომე ზურაბიშვილი

1619034809სალომე-ზურაბიშვილი.jpg

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლა 27 აპრილს იგეგმება, პრეზიდენტი, აქამდე გაკეთებული განცხადების თანახმად, შეწყალების აქტს იმავე დღეს გამოსცემს.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეწყალების აქტის გამოსაცემად პრეზიდენტის მიერ დასახელებული ორივე პირობა შესრულებულია.

„საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ „ფეიუსბუქ“ გვერდზე ვრცელდება.


ავტორი: პრესა.ჯი