დიდი შავი ფული - ვინ არის მიხეილ ბინიაშვილი და როგორ ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს საქართველოდან?


  10:29:18     06-04-2021

დიდი შავი ფული - ვინ არის მიხეილ ბინიაშვილი და როგორ ძარცვავენ ევროპელ პენსიონერებს საქართველოდან?

161769071712-42205889.png

2021 წლის 27 მარტს, ტვ.პირველის გადაცემა „შაბათის ეთერი“-ში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სავარაუდოდ გუშინ, შსს-მ, ამ საქმესთან დაკავშირებული სქემების ფარგლებში, 11 პირი დააკავა.

საქმე ეხება თაღლითურ სქემას, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ისრაელის მოქალაქე მიხეილ ბინიაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატ კახი კახიშვილის სიძესთან ერთად, ევროპელებს ფულს სძალავს.

სიუჟეტის მიხედვით, ანონიმურობის 100 %-იანი გარანტიის მოთხოვნით, გადაცემის წამყვანს, ამავე სქემაში ჩართული ერთ-ერთი პირი დაუკავშირდა და მოუყვა ყველა ის დეტალი, რითაც ისინი ხელმძღვანელობენ.

ლოკაცია, რომელიც წყარომ ჟურნალისტს გაანდო, შარტავას 31-ია. მისი თქმით, სწორედ აქ მდებარეობს საიდუმლო ოფისი, სადაც ოპერატორები სხედან და ე.წ. ქოლ ცენტრებიდან  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ძარცვავენ. ეს მისამართი ემთხვევა იმ ოფისს, რომელზეც "პრესა.ჯის" ჟურნალისტები აწარმოებდნენ გამოძიებას.

„შაბათის ეთერი“  მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით ამბობს, რომ თაღლითური სქემით, ათასობით ევროპელს ფულს აბანდებინებენ  და შემდეგ, უკვალოდ ქრებიან.

როგორც ირკვევა, საქართველოს დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე კონსპირაციული ოფისი მუშაობს, აქ ის ახალგაზრდები არიან დასაქმებული, ვინც ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ ენას კარგად ფლობს.

ეს ადამიანები მთელი დღის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან თბილისიდან რეკავენ, მათ თავს საერთაშორისო საბროკერო კომპანიის წარმომადგენლად აცნობენ და სთავაზობენ, რომ დანაზოგი ვირტუალური ვალუტის ბიზნესში ჩადონ, ჰპირდებიან დიდ საპროცენტო სარგებელს.

პენსიონერი ტყუვდება და წლობით ნაგროვებ ფულს ე.წ.საბროკერო კომპანიის ანგარიშზე რიცხავს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ეს ფული და დაპირებული დიდი მოგება ქრება - დაზარალებულები ვერც საკუთარი ფულის კვალს პოულობენ და ვერც იმ კომპანიას, ვის ანგარიშზეც ეს ფული ჩარიცხეს.

სწორედ ასე გამოიყურება ფორექსის ცნობილი სქემა. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ეს საქმიანობა აკრძალულია, ამიტომაც არის საქართველო სარფიანი ბაზარი. აქ ინგლისური, ფრანგული და გერმანულენოვანი ოპერატორების დაქირავება ბევრად იაფია და რაც მთავარია, თუ ფულს გადაიხდი, არც მფარველის შოვნაა რთული.

სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში ამ შავი ბიზნესის უკან  კახი კახიშვილის სიძე - ნიკა ასანიძე დგას, სწორედ მას გააქვს ყოველდღიურად 200 ათასი დოლარი გასაიდუმლოებული ოფისიდან. თავად ასანიძეც ადასტურებს ოფისში ხშირად სტუმრობას, თუმცა ამბობს, რომ იქ სიმამრის მეგობართან მიხეილ ბინიამინთან დადის, მაგრამ მისი საქმიანობის შესახებ, ინფორმაციას არ ფლობს. 

წყარო „შაბათის ეთერს“ უყვება, რომ საიდუმლო ოფისი სწორედ  ისრაელის მოქალაქე მიხეილ ბენიამინს ეკუთვნის. "პრესა.ჯის" ინფორმაციით, ის აფინანსებდა კახი კახიშვილის საარჩევნო კამპანიას და ამიტომაც მფარველობს დეპუტატი მეგობრის შავ ბიზნესს. 

თავად კახიშვილი სიუჟეტშივე ადასტურებს ბენიამინთან მეგობრობას, ასევე იმასაც, რომ მის ოფისშიც არის ნამყოფი, თუმცა რას საქმიანობს - არ იცის (ბინიაშვილ-კახიშვილის კავშირების შესახებ "პრესა.ჯი"-მ რამდენიმე ექსკლუზივი ჯერ კიდევ გასულ თვეებში მოამზადა).

ჯამში, 100 ათასობით დოლარი, მმართველი პარტიის ყულაბაში გროვდება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არ დაინტერესებულა აღნიშნული თაღლითური სქემის მთავარი ფიგურანტებით და სავარაუდოდ, როგორც შსს-ს გუშინდელი განცხადებით აიხსნება, მხოლოდ სქემაში მონაწილე "წვრილფეხობის" ნაწილი დააკავა.


ავტორი: presa.ge