11:14:23     17-08-2011
დიზაინის უდიდესი კოლექცია მსოფლიოში
ვიტრას დიზაინის მუზეუმი ვეილ-ამ-რაინზე, გერმანიაში მდებარეობს. დაარსდა 1989 წელს, ვიტრას აღმასრულებელი ხელმძღვანელის, როლფ ფელბაუმის მიერ, როგორც დამოუკიდებელი კერძო ფონდი. კორპორაცია ვიტრა უზრუნველჰყოფს მას ფინანსური სუბსიდიებით, ვიტრას არქიტექტურით და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტით.
მუზეუმის კოლექციის ფოკუსი ავეჯსა და ინტერიერის დიზაინზეა. მის ძირითად ბირთვს შეადგენს აშშ-ის დიზაინერების ჩარლზ და რეი იმსების დანატოვარი, ჯორჯ ნელსონის, ალვარ აალტოს, ვერნერ პანტონის, დიტერ რამსის, ჟან პრუვესა და მიქაელ თონეს მრავალრიცხოვანი ნამუშევრები. აქ თავმოყრილია თანამედროვე ავეჯის დიზაინის მსოფლიოში უდიდესი კოლექცია, რომელიც მოიცავს ნიმუშებს ყველა მნიშვნელოვანი პერიოდიდან და სტილიდან მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე.
ეს ნამუშევრები, რომლებიც, თავდაპირველა, როლფ ფელბაუმის საკუთრებას წარმოადგენდა, მუდმივად გამოფენილი არ არის, ზოგიერთი რჩეული დიზაინერული სკამის გარდა, რომელთა ნახვა ზაჰა ჰადიდის სახანძროს სადგურში შეიძლება, ვიტრას ტერიტორიაზე. მათ ნაცვლად, მუზეუმი დროებით გამოფენებს აწყობს, რომელთა ფოკუსი ერთი რომელიმე დიზაინერია, ხშირად სხვა მუზეუმების კოლექციებიდან ნასესხები ექსპონატებით. შესაბამისად, კოლექციის დანარჩენი ნაწილი სხვა მუზეუმებზეა გასესხებული, მსოფლიოს გარშემო დროებითი გამოფენებისთვის.
0