10:59:19     16-08-2011
გოეთეს „შილერის თავისქალის ჭვრეტისას“
გოეთე და შილერი, უდიდესი შემოქმედები „გენიოსთა ეპოქისა“, რომლებიც თავისი ზეკაცური ტალანტით ემსახურებოდნენ „ქარიშხლისა და შეტევის მოძრაობას“ გერმანულ ხელოვნებაში, დიდი მეგობრებიც გახლდნენ. ორივე განსაკუთრებული მოვლენა იყო გერმანულ და მსოფლიო ლიტერატურაში, როგორც პოეტები და როგორც მეგობრები.
ორივეს უყვარდა სხვა დიდი შემოქმედის დაფასება. შილერი ადრე გარდაიცვალა. შილერის გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო გოეთესათვის. როგორც ამბობენ, მას შთაგონებაც მოკლდა კარგა ხნით. სიკვდილის წინ გოეთეს შილერი მოელანდა...
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ დიდი გოეთეს ლექსი „შილერის თავისქალის ჭვრეტისას“, ლექსი შთაგონებულია შილერის თავის ქალის პოვნით აკლდამაში. ლექსი თარგმნილია ხარიტონ ვარდოშვილის მიერ (სხვა ლექსებთან ერთად).
წიგნის განმარტებებში წერია:„ციკლიდან სხვადასხვა ლექსები“. შილერი დასაფლავებული იყო წმ. იაკობის ეკლესიის საერთო აკლდამაში. 1826 წელს აკლდამის გაწმენდის დროს მესაფლავემ მიუთითა ქალაზე, რომელიც, მისი აზრით, შილერისა უნდა ყოფილიყო. გოეთეს კომპეტენტური დადასტურების შემდეგ ეს წმინდა რელიქვია გადატანილ იქნა ვაიმარის ჰერცოგის ბიბლიოთეკაში და მოთავსებული შილერის ბიუსტის კვარცხლბეკზე, რომელიც ცნობილი მოქანდაკის დანეკერის მიერ იყო გამოკვეთილი. გოეთე არ დასწრებია ამ ზეიმს, მაგრამ ითხოვა შილერის თავის ქალა დროებით გადაეტანათ მის სახლში. ასე დაიწერა ეს ლექსი 1826 წლის 25 სექტემბერს ღამით“.
დიახ, თვალცრემლიანი გოეთე წერდა ამ დიდებულ ლექსს და თან უცქერდა თავისი გარდაცვლილი ჯუფთი გენიის თავის ქალას.
ფრიდრიხ შილერზე ვისაუბრეთ ამა წლის 9 მაისს, პუბლიკაციაში: "დიადი ლტოლვით გატაცებული" - ფრიდრიხ შილერი“, სადაც მკითხველს ვუამბეთ ასეთი ამბავი:
1805 წელს ვაიმარის საჰერცოგოში გარდაიცვალა დიდი გერმანელი პოეტი და დრამატურგი ფრიდრიხ შილერი (იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი, Johann Christoph Friedrich von Schiller).
სიცოცხლის ბოლო წლებში დიდი გერმანელი ავადმყოფობდა. როცა ვამბობთ სოცოცხლის ბოლო წლებს, სამწუხარო რეალობა გულს ტკენს ადამიანს - ფრიდრიხ შილერი გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა, სულ 45 წლისა. დიდ დრამატურგსა და პოეტს აწუხებდა ფილტვების ქრონიკული დაავადება. ხშირად ჰქონდა ანთება. გარდაიცვალა ტუბერკულიოზით.
ფრიდრიხ შილერი დაკრძალეს 12 მაისს ვაიმარის იაკობსფრიდჰოფის სასაფლაოზე, ერთ აკლდამაში. რომელიც სპეციალურად იყო გამოყოფილი იმ არისტოკრატებისა და გამოჩენილი ადამიანებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ საკუთარი საგვარეული აკლდამები. 1802 წელს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა დააფასა შილერის ტალანტი და აზნაურის წოდება მიანიჭა მას. გერმანიაში და ევროპაში უკვე დიდად აფასებდნენ მის გენიას.
1826 წელს გადაწყდა გადაესვენებინათ შილერის ცხედარი, მაგრამ ვეღარ მოახერხეს ზუსტი იდენტიფიცირება მისი ნეშტისა. რომელიც ყველაზე მეტად მიამსგავსეს, ის ნაწილები გადაასვენეს ჰერცოგინია ანა ამალიას ბიბლიოთეკაში. დიდმა გოეთემ ლექსიც კი მიუძღვნა შილერის თავის ქალას. 1827 წლის 16 დეკემბერს ეს ნაწილები გადაასვენეს ახალი სასაფლაოს სამთავრო აკლდამაში, სადაც მერე, ანდერძის მიხედვით, შილერის გვერდით დაკრძალეს გოეთეც.
პრესა.გე-ს მკითხველს სტატიაში, გოეთეს გარდაცვალების შესახებ ("მეტი სინათლე გოეთესათვის"), ჩვენ შევახსენეთ, რომ გოეთემ სიკვდილის წინ ფრიდრიხ შილერი ახსენა. ეს ორი გენია, "ქარიშხლისა და შეტევის" უმთავრესი წარმომადგენლები, განუყოფელი იყო გერმანული ლიტერატურისათვის თუ საერთოდ გერმანიისათვის - დიდი გერმანული აღორძინების ტიტანები. როცა შილერი გარდაიცვალა, გოეთემ იტირა და თქვა: "მე დიდი მეგობარი და ცხოვრების ნახევარი დავკარგეო".
1883 წელს გერმან ველკერმა, რომელმაც გამოიგონა წნევის საზომი აპარატი და რომელიც იკვლევდა დიდი ადამიანების გარეგნობას, განაცხადა, რომ შილერის ნიღაბი, რომელიც სიკვდილის მერე დაამზადეს და მისი სიცოცხლის დროინდელი პორტრეტები დიდად განსხვავდებოდა შილერისად მიჩნეულ თავის ქალასგან პროპორციებით.
1911 წელს აღმოაჩინეს კიდევ ერთი თავის ქალა, რომელიც შილერისად მიიჩნიეს. კამათი დიდ ხანს გაგრძელდა. 2008 წელს ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ფრიდრიხ შილერის საფლავში არსებული ნაწილები მინიმუმ სამ ადამიანს ეკუთვნის და არ ემთხვევა არც ერთ იმ ორ თავის ქალას დნმ-ს. "ვაიმარის კლასიკოსთა" ფონდის გადაწყვეტილებით ფრიდრიხ შილერის საფლავი ცარიელი დატოვეს.
გასაიდუმლოებული საფლავების თუ დიდი ადამიანების გაუჩინარებული ნაწილების შესახებ პრესა.გე-ში გაკვრით დავწერეთ, სტატიაში "დავით აღმაშენებლის საფლავი და საიდუმლო" (ამა წლის 8 თებერვალს). ასეთი ფაქტები დიდი ადამიანების გარშემო ხანდახან გვხვდება. ჩემი აზრით, ეს საგანგებოდ ხდება ღვთის მიერ, რათა მეტი იდუმალებით იყოს მოცული დიდი გენოისების სახელი. ეს ერთგვარი მისტიფიცირებაა - მისტიკური ძალების მიერ მოქმედებული.“
მაშასადამე, თავის ქალა, რომლის დანახვაზე ცრემლები სდიოდა დიდი გოეთეს და რომელიც შთააგონებდა ლექსის დასაწერად, არ ეკუთვნოდა მის მეგობარს, დიდ შილერს, თუმცა, იმდენად დიდი იყო წარმოსახვა დიდი გოეთესი, იმდენად დიდი შთაგონების წყარო იყო დიდი შილერი, რომ დღეს კაცობრიობის საგანძურში გვაქვს ასეთი შედევრი. შედევრი პოეზიისა, ბრწყინვალე გამოხატულება მეგობრული გრძნობისა, მაგალითი სხვისი ტალანტის დაფასებისა.
კარგად ჩანს, რომ სიმბოლო სიმბოლოა, მთავარი არის აღქმა ადამიანისა, რაც მეტად დიდია წარმოსახვა, ფანტაზია, რაც მეტად მდიდარია შინაგანი სამყარო შემოქმედისა, მით მეტად მოქმედებს მასზე სიმბოლო. ამ შემთხვევაში, მეგობრის, დიდი შილერის თავის ქალა. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ბუნებაზე...
ადამიანს თუ განვითარებული აქვს მამულიშვილური გრძნობა, თავის ქვეყნის დროშა ყოველთვის ააღელვებს მას, ხოლო თუ არა, დროშა კი არა, ემიგრაციიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ილუმინატორიდან თავის დიდი ხნის უნახავი სამშობლოს ულამაზესი და ძალიან ნაცნობი ხედების დანახვაც კი არაფერს ეტყვის მის გულს.
მახსენდება მსგავსი ამბავი: გალაკტიონს არ ჰქონია ნანახი ნიკორწმინდა. მას ისე ნათლად მოუთხრო ერთმა რაჭველმა დურგალმა ნიკორწმინდის აღნაგობისა და ჩუქურთმების შესახებ, რომ გალაკტიონმა იმგვარად დაგვიხატა ნიკორწმინდა - უნახავადაც ვხედავთ „თორმეტ სარკმელს“...
აქვე მახსენდება კონსტანტინე გამსახურდია და სვეტიცხოველი, არსუკიძის მარჯვენა მკლავის გამოსახულება...
დიახ, დიდი შემოქმედი თვითონაა თავის თავისთვის სიმბოლო, ის უამრავ სიმბოლოს იტევს და სულ უბრალო წარმოსახვაც კი საკმარისია, რომ იფეთქოს შემოქმედებითმა გენიამ და უკვდავი შედევრი შეიქმნას.
დღეს ამგვარი შედევრია ჩვენს წინაშე.
შილერის თავისქალის ჭვრეტისას
(თარგმანი ხარიტონ ვარდოშვილისა)
ბნელ საძვალეში მდუმარება სუფევდა მკვდრული,
ვიდექ, ვუჭვრეტდი ურიცხვ გორას თავისქალების,
ჭაღარა წარსულს ვიგონებდი გაოცებული.
წინათ ურთერთის მაცქერალნი მტრული თვალებით,
დამშვიდებულან, ბრძოლის ცეცხლი მათში ჩამქრალა
და ისვენებენ დამაშვრალნი დიდი წვალებით.
აი ბეჭები! მაგრამ ვინღა იკითხავს კვლავად,
ისინი თუ რას ატარებდნენ, მტკიცე და მხნენი,
უქმად დახსნილან, აღარ გრძნობენ სიცოცხლის ძალას.
ძვალნო, დაღლილნო სასტიკ დღეთა გრიგალის ფრენით
აქ უქმად ძევხართ, ისევ გმოსავთ ნათელი სრული.
საფლავშიაც არ მოასვენეს სახსრები თქვენი.
ვისღა აღეძვრის კვლავ თქვენდამი აწ სიყვარული,
კეთილშობილი თქვენი თესლის სადღაა კვალი!
მხოლოდ ეს ჩემთვის, ადეპტისთვის, არ არს ფარული,
რაც სხვებისათვის უცნობია და იდუმალი:
აღმოვაჩინე ძვალთა შორის მე დიდებული
განძი უკვდავი, უაღრესად ძვირფასი ძვალი.
და ცივ მღვიმეში სიხარულით გამითბა გული.
გამოქცევია, ვხედავ, სიკვდილს, სიამის მგვრელი
ერთ-ერთი წყარო, ლაღ სიცოცხლის სხივით გზნებული.
და მოვიხიბლე დიად განძის ფორმის მხილველი,
რასაც ღვთაებრივ ფიქრებისა კვლავ აჩნდა კვალი.
გადაისალა ჩემს წინ დიდ ზღვის ხატება ვრცელი,
ციურ სახეთა აღმომჩქეფი გრძნეულ შრიალით.
ჭმინდა ჭურჭელო, ორაკულის ენით მეტყველო,
ღირსი ვარ განა, ხელი გახლო მთვრალმა სიამით?
აქ არ დაგტოვებ, თან წაგიღებ, საუნჯევ ჩემო,
სადაც მზე ბრწყინავს მარადიულ ნათელით სავსე,
მთების ზეფირით საამურად ბიბინებს მდელო.
ვიტყვი: ის არის ბედნიერი ამ ქვეყანაზე,
ბუნება - ღმერთი ვისაც უმხელს გულის ხვაშიადს,
და მაგარ სხეულს უკვდავ სულად ის როგორ აქცევს
და ვით ინახავს მკვიდრად სულის ქმნილებას დიადს.
1826 წელი
0