13:58:47     05-12-2020
ქალის მონაწილეობა კონფლიქტების გადაჭრის საქმეში
ახალმა დრომ მოიტანა გენდერის და ქალის ცნების ახლებური გაგება ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტთან მიმართებაში. ქალი არის არა მხოლოდ მსხვერპლი ამ სიტუაციებისა, არამედ – აქტორიც, რომელიც იძულებულია ჩაერთოს არა მხოლოდ თავისი ოჯახის გადარჩენის, არამედ ომის და კონფლიქტების პრევენციის და გადაჭრის, ასევე ომისა და შეიარაღებული კონფლიქტით დაზიანებული საზოგადოების აღდგენის პროცესში.
მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მოხდა მსოფლიოში არის ის, რომ პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციისას ძირითადად ქალები იღებენ თავის თავზე ოჯახის რჩენის ვალდებულებებს. ქალებისათვის ჩნდება ახალი შესაძლებლობები. მათ ბუნებრივად ექმნებათ ახალი ასპარეზი და შესაძლებლობები სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობისათვის, ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები მათ გენდერულ როლებში.
ომის და გენდერის მიმართებების კვლევისას მნიშვნელოვანია ქალის, როგორც მრავალგანზომილებიანი კატეგორიის განსაზღვრა. ქალები, რომლებმაც ომი,
შეიარაღებული კონფლიქტი საკუთარ თავზე გამოსცადეს, არ წარმოადგენენ ერთ მონოლითურ ჯგუფს, რამდენადაც გენდერი სოციალური კონსტრუქტია და ქალები თავისი ასაკის, ეკონომიკური კლასის, რასის, ეთნიკურობის, რელიგიის, სექსუალურობის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდებიან, ხოლო ომგადახდილი ქალების შემთხვევაში, ქალს კიდევ ერთი განზომილება ემატება — ომში გამარჯვებული ან დამარცხებული მხარის წარმომადგენლობა. ეს განზომილებები არის შეირაღებულ კონფლიქტთან ქალების კავშირების და მიმართებების განმსაზღვრელი.
2000 წლის 31 ოქტომბერს გამოიცა გაეროს უშიშროების საბჭოს № 1325 რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმულია ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა კონფლიქტების პრევენციისა და გადაჭრის საქმეში. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა მხარეს, გაზარდონ ქალთა მონაწილეობა გაეროს ეგიდით მიმდინარე ყველა სამშვიდობო პროცესში და ასევე მიიღონ განსაკუთრებული ზომები შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში ქალებისა და გოგონების ძალადობისაგან დასაცავად.
შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, კონფლიქტების შედეგად ლტოლვილთა და დევნილთა ტალღების ზრდამ და მისი თვისობრივი შემადგენლობის განსხვავებულობამ, სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობამ, პოსტ კონფლიქტური რეკონსტრუქციების და მშვიდობის მშენებლობის მხრივ მსოფლიოში შექმნილმა რეალობამ და ფემინისტურმა კვლევებმა წარმოაჩინეს მიმართულებები, რომელიც მოითხოვს, რომ, გენდერის თვალსაზრისით, ახლებურად იქნეს გააზრებული.
0