12:25:52     02-12-2020
ბრიტანეთმა "ფაიზერის" ვაქცინა დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის ვაქცინა დაამტკიცა. იუწყება BBC-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთში მოელიან, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ფარმაცევტულ გიგანტებს ვაქცინის 40 მლნ დოზა, რაც 20 მლნ მოქალაქისთვის არის საკმარისი. უპირველესად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები აიცრებიან.
შეგახსენებთ, Pfizer-მა და BioNTech-მა მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის დამტკიცების თხოვნით ევროპის სამედიცინო სააგენტოსაც (EMA) მიმართეს.
მანამდე ამ კომპანიებმა ვაქცინის დამტკიცების მოთხოვნა წარადგინეს აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA). ფედერალური უწყების დამოუკიდებელი ექსპერტები კლინიკური კვლევების შედეგების განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბებიან.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ადმინისტრაცია და ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია იმისთვის, რომ ვაქცინის დამტკიცება და შემდეგ მისი დისტრიბუცია რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდეს. ვარაუდობენ, რომ ამერიკაში ვაქცინა უკვე 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი.
0