დონ ბიძინა და მისი "არჩევნები" დონ ბიძინა და მისი "არჩევნები" /> "/> " />


  16:45:51     11-11-2020

დონ ბიძინა და მისი "არჩევნები"

a102843.jpg

კატასტროფულად ჩატარებული არჩევნების, კრიმინალ-ძველი ბიჭების ძალმომრეობის, გინების, სროლის, ოქმების თავხედურად გადაწერის, მოსყიდვისა და გამგელებულ გამგებელთა უბნებზე სირბილის შემდეგ, ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო მისი წინამორბედი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ბნელი ხერხების გამოყენება: ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა. 

ძალაუნებურად გვახსენდება 2007 წელი, „შპიონომანია“, „გადატრიალების მცდელობა“ და  ამ „ბოროტი გეგმის“ დამადასტურებელი ჩანაწერების გამოყრა გინებით და ფეკალიების ხსენებით. 

ეს ორი პოლიტიკური მონსტრი რომ „ერთმანეთზე უკეთესია“ დიდი ხანია ვიცით, მაგრამ რა დააშავეს სხვებმა, ვინც ცდილობდა ქვეყანა ჩაკეტილი წრიდან გამოეყვანა, ორპარტიულ მარაზმში არ ჩაეტოვებინა, ხალხისთვის რაღაც ახალი ალტერნატივა, ახალი გეგმა შეეთავაზებინა? 

პირველ რიგში ხმები ხომ სწორედ ამ ძალებს და მოსახლეობის ამ ნაწილს წაართვეს, ვინც გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა 31 ოქტომბერს - „უკეთესის“ და არა „უარესზე ცუდის“ სასარგებლოდ?!

ახლა, უამრავი გაყალბებული ოქმის ფონზე თავს იმით იმართლებენ,  საარჩევნო ადმინისტრაცია, თურმე, წერა-კითხვის და გამრავლების ტაბულას უცოდინარი თანამშრომლებით ჰყოლიათ სავსე, ვისაც შვიდჯერ-ცხრა 69 ეგონა. 

და ასეც  რომ იყოს, ამისთვის ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს?

თუმცა, სინამდვილე ბევრად უარესია: საბოლოო „ხელის მომწერებმა“ ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა, „თვლაც“ შესანიშნავად იცის საკუთარი ჯიბისთვის, მაგრამ ასეთი იყო შეკვეთა: ისევ ერთპარტიული მმართველობა, ისევ ორი პოლუსი და ქვეყნის ტარება იმავე ჩაკეტილ წრეზე.

ამ წრეზე სიარული ბიძინა ივანიშვილს არაფერს აკლებს. უფრო პირიქით. ჩვენ ვიკითხოთ ჩვენ, თორემ მას რა ენაღვლება? ისტორიაში პირველად, „მესამე ვადით“ იფორმებს ძალაუფლებას! ესე იგი, საბოლოოდ იქცევა მთიდან მაცქერალ ტოლკიენისეულ „საურონად“, რომელიც არ სჩანს, ვერავინ ხედავს, არსად ჩნდება, თუმცა ყველგანაა, ყველაფერს აკონტროლებს, თვითონ ყველაფერს და ყველას ხედავს, მის გარეშე ხე არ იძვრის, კანონის ნაცვლად „გაგებას“ ნერგავს, იწყალებს და სჯის, კლავს და შობს, ბორკავს და ათავისუფლებს - საკუთარი ხუშტურის მიხედვით.

არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, რომელსაც სიტყვიერად მაინც აქვს „დემოკრატიის“ პრეტენზია -  ასეთი მარაზმატული რეჟიმის ამარა რჩებოდეს: როდესაც ის, ვინც ნამდვილ ძალაუფლებას ფლობს, სადღაც იდუმალების ბურუსში იმალება, მიუკარებელია, პრეს-კონფერენციებს არ ატარებს, ხალხს არ ხვდება, ინტერვიუებს არ კადრულობს, წელიწადში ერთხელ თუ მაინც გამოვა, შოკურ საშინელებას „დააბრეხვებს“: „ხალხნო, ავიაბილეთს გიყიდით და ამ ქვეყნიდან გაასწარითო“, შემდეგ ისევ გაქრება სანამ „ტიკ-ტოკზე“ არ იცეკვებს გამწარებულ ადამიანთა გულის გასახეთქად.,.....

ასეთი ქვეყანა მართლა არ არსებობს ჩრდილო კორეის გარდა, თუმცა დიდი ხნის წინ, სიცილიურმა მაფიამ ან ნეაპოლიტანურმა კამორამ სცადეს რაღაც მსგავსი იტალიაშიც შეექმნათ - სანამ დემოკრატიამ არ დაამტვრიათ ის საცეცები! 

ეს ყველაფერი კიდევ რამდენ წელს შეიძლება გაგრძელდეს? ოთხი? ათი? ორმოცდაათი?

ნუთუ ამ ქვეყნის ბედისწერა ესაა: სისხლით და ბრძოლით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ შევტოპოთ  ფეოდალურ აღვირახსნილობასა და უძრავ, კორუმპირებულ ჭაობში?!

არადა,  მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული! 

0

ავტორი: