13:14:31     06-11-2020
ჯო ბაიდენი გამარჯვების ნიშნულს მიუახლოვდა
აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი მიუახლოვდა გამარჯვების ნიშულს. როგორც FOX News იტყობინება, მას პრეზიდენტობისთვის აუცილებელ 270 ხმამდე, სულ რაღაც, კოლეგიის 6 ხმა აკლდება. დონალდ ტრამპს 11:50 საათისთვის [თბილისის დროით] კოლეგიის 214 ხმა აქვს მოპოვებული.
FOX News-ის ინფორმაციით, ელოდებიან შედეგების გამოქვეყნებას ოთხ შტატში - პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში. ბაიდენს პრეზიდენტობისთვის ნებისმიერ მათგანში გამარჯვებაც ჰყოფნის.
11:50 საათისთვის, ნევადაში ბაიდენი ტრამპს 8 ათასამდე ხმით უსწრებს (დასათვლელია ხმების 14%), ჯორჯიაში ტრამპი იგებს 1 300-მდე ხმით (დასათვლელია 1%), პენსილვანიაში ასევე ტრამპი ლიდერობს 18 ათასამდე ხმით (დასათვლელია 3%), ხოლო ჩრდილოეთ კაროლინაში ასევე ტრამპი იმარჯვებს 75 ათასზე მეტი ხმით.
ჯო ბაიდენმა ამ დრომდე მოიგო “მერყევი შტატების” ნაწილი, რომლებშიც 2016 წელს დემოკრატი ჰილარი კლინტონი დამარცხდა. მათ შორისაა მიჩიგანი, ვისკონსინი და არიზონა.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მას ამ დრომე რეკორდულად მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო აშშ-ის მასშტაბით (popular vote), რაც 73.5 მილიონს აღწევს. ამ მონაცემით მან აშშ-ის ყველა სხვა პრეზიდენტის შედეგი გააუმჯობესა.
ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2008-2012 და 2012-2016 წლებში. მანამდე, ის ათწლეულების განმავლობაში იყო სენატორი დელავერის შტატიდან.
0