11:07:26     15-08-2011
ადამ მიცკევიჩი („სიმღერა“ და „ფილარეტების სიმღერა“)
დიდი პოლონელი პოეტი, პუბლიცისტი და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ადამ მიცკევიჩი (Adam Bernard Mickiewicz) დაიბადა 1798 წლის 24 დეკემბერს, ლიტვის გუბერნიაში, ხუტორ ზაოსიეში, ნოვოგრუდკასთან ახლოს (ახლა ბელორუსიის ტერიტორიაა).
მამა, მიკოლა მიცკევიჩი ნოვოგრუდკის სასამართლოს ვექილი იყო. დიდი პატრიოტი, ლიტერატურის მოყვარული. მიკოლა 1812 წელს გარდაიცვალა და მრავალრიცხოვანი ოჯახი სიღატაკეში ცხოვრობდა.
17 წლის ასაკში ადამი ვილნოს (დღევანდელი ვილნიუსი) უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
მისი სამშობლო, რეჩ პოსპოლიტა არა ერთხელ გაინაწილეს და დაიმონეს მეზობელმა სახელმწიფოებმა. 1817 წელს ადამ მიცკევიჩი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ქმნის „ფილომატების (სიბრძნის მოყვარულთა) საზოგადოებას“. საზოგადოების ლიტერატურულ ნაწილს იგი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი სამშობლოს თავისუფლებაზე ოცნებობდა.
უნივერსიტეტის დამთავრების მერე, 1819 წელს გაამწესეს კოვნოში მასწავლებლად. კოვნოდან ხელმძღვანელობდა „ფილომანტებს“. მალე მის მიერ შედგენილი წესდების საფუძველზე „ფილომატებმა“ შექმნეს ახალი ორგანიზაცია: „ფილარეტების (სიკეთის მქმნელების ანუ სიკეთის მოყვარულების) საზოგადოება“. ორგანიზაციამ კავშირი დაამყარა ვარშავის, უკრაინისა და რუსეთის საიდუმლო ორგანიზაციებთან, რათა გაერთიანებული ძალებით ებრძოლათ მჩაგვრელების წინააღმდეგ.
ამ დროს ადამ მიცკევიჩი ქმნის საპროგრამო ლექსებს: „სიმღერა“, „ფილარეტების სიმღერა“, „ოდა ახალგაზრდობისადმი“; ბალადებს „რომანტიკა“, „სვიტეზი“, „თევზი“. იწყება ახალი ერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა - შეტევის ერა. მისი „სიმღერა“ ჰიმნად იქცა.
რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიამ დააპატიმრა „ფილომატებისა“ და „ფილარეტების“ ასამდე წევრი. 1823 წლის 22 ოქტომბერს დააპატიმრეს ადამ მიცკევიჩი. დაპატიმრებულმა მეგობრებმა შეძლეს და ხელისუფლება თითქოსდა დაარწმუნეს, რომ ადამ მიცკევიჩი ვითომ არ იყო მათი საზოგადოების წევრი, ის ხომ შორს, კოვნოში ცხოვრობდა. ექვსი თვის მერე მიცკევიჩი გაათავისუფლეს, თუმცა აუკრძალეს სამშობლოში ცხოვრება და „რუსეთის შიდა გუბერნიებში“ გადასახლება მიუსაჯეს.
ემიგრაციის წლებში ადამ მიცკევიჩმა შექმნა „ყირიმული სონეტები“, რომელმაც სახელი გაუთქვა მას.
1829 წელს მიცკევიჩს ნება დართეს საზღვარგარეთ გამგზავრებისა. ევროპაში მოგზაურობისას მიცკევიჩმა ვაიმარში გოეთე ინახულა, რომელსაც ახალგაზრდა პოლონელი პოეტი თბილად მიუღია.
180 წელს პოლონეთი აჯანყდა. მიცკევიჩი სამშობლოსაკენ მიემგზავრება, რათა ჩაერთოს ბრძოლაში, მისი სიმღერებით გულანთებულ ხალხს მიეშველოს... ვერ ახერხებს, აჯანყება მარცხდება, პოეტი ისევ დრეზდენში რჩება. მერე პარიზში მიემგზავრება, შემდეგ იტალიაში. იტალია აჯანყდა ავსტრიის წინააღმდეგ. მიცკევიჩი მონაწილეობს პოლონელი ემიგრანტების ლეგიონის შექმნაში, რომელიც დაეხმარება აჯანყებულ იტალიელებს ავსტრიელებთან ბრძოლაში. შემდეგ პარიზში ჩადის ისევ, იქ დაარსებს გაზეთს და აჯანყებულ პარიზელებს ეხმარება პოლიტიკური პუბლიცისტიკით.
1855 წელს ადამ მიცკევიჩი ჩადის სტამბულში და იწყებს ემიგრანტთა ლეგიონების შექმნას, რომლებიც უნდა დაეხმარონ ინგლისელებს და ფრანგებს რუსებთან ომებში.
... მაგრამ, დიდი პოლონელი პოეტი ქოლერით დაავადდა და 1855 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი ცხედარი გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს მონმორანსის სასაფლაოზე. 1890 წელს დიდი პოეტის ნეშტი სამშობლოში, კრაკოვში გადაასვენეს.
მიცკევიჩი მის სიცოცხლეშივე გახდა პოპულარული საქართველოში. იმ დროს კავკასიაში იმყოფებოდნენ გადმოსახლებული პოლონელები, მიცკევიჩის მეგობრები და თანამებრძოლები, რომლებიც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყდნენ... 1832 წელს საქართველოშიც უნდოდათ აჯანყება... ჩვენს პატრიოტებსაც აღაფრთოვანებდა მიცკევიჩის ნაწარმოებები, მაშინ უკვე თარგმინდნენ მის შედევრებს... ამ თემაზე სხვა დროს უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. დღეს კი გავიუხსენოთ დიდი პოლონელი პოეტის ორი ლექსი, ორივე თარგმნილია ა. გელოვანის მიერ.
სიმღერა
ძმებო, დაფნები რარიგ დაგვშვენდა!
ძმობა სიყვარულს უშენებია!
უცხო არ არის არვინ აქ ჩვენთან.
ყველა - ძმებია! სულ ჩვენებია!
ვგმობთ მუქთახორას, ორგულს და მრუდეს,
ბრძოლის ხალისით ივსება გული:
ჩვენს წმინდა ძმობას საძირკვლად უდევს
მეცნიერება, სიმხნე, მამული.
მაშ დავამსხვრიოთ ბორკილი გულის,
ერთურთს გავანდოთ ძმურად, რაც გვინდა.
ყოველი სიტყვა, ჩვენგან აქ თქმული,
იყოს მართალი, სუფთა და წმინდა.
ძმობა ანელებს წუხილის გრძნობას,
მხიარულება ამაგრებს ძმობას,
მაგრამ შრომაში თუ განცხრომაში,
დარდით თუ შვებით გული გევსება,
ტახტზე, სახნისთან, შინ თუ ბრძოლაში,
ძმაო, გახსოვდეს ჩვენი წესდება.
არ დაივიწყო ეს ფიცი არსად,
აღთქმა, რაც გულზე დღეს იწერება,
სიტყვები წმინდა, დროშების მსგავსად:
სიმხნე, მამული, მეცნიერება.
მედგრად! ბოლომდე გავივლით ამ გზებს,
ძლევს დაბრკოლებებს გმირთა თაობა,
ყველა სიძნელეს დალეწავს, დაძლევს
შრომა, ძმობა და გამბედაობა.
ფილარეტების სიმღერა
ძმებო, სინორჩე სად არი?
სიცოცხლემ ერთხელ იალა!
ავწიოთ ფიქრის სადარი
ეს ჩვენი ოქროს ფიალა!
ჩემოვატაროთ პატარა
მეგზური ლარი დროების,
ფსკერამდე შევსვათ მათარა,
გამოჩნდეს სიღრმე ცხოვრების!
ყველამ მიხედოს მის კერას,
ჩვენ კი ჩვენი გვაქვს ფიალა,
და ჩვენს მშობლიურ სიმღერას
ვმღერივართ ომახიანად.
ვისწავლოთ, ჟამთა სრბოლაში
რომ არ ცამოვლპეთ ზეზედა!
გვწამს რომაელი - ბრძოლაში,
სმა და სიმღერა - ბერძენთა!
ჰა, სჯულმდებელო სასმისი!
მემუსიკენიც იქ სხედან!
დღეს აქ ილხინე ხალისისთ,
ხვალ კი სამართალს მიხედავ.
ბრბო ისევ ოქროს ბრჭყვიალით
დათვრეს და მოილხინოსა!
ჩვენა ვსვამთ ოქროს ფიალით
მაგ სანაქებო ღვინოსა!
თავისუფლებას ვერ ვნახავთ
ფუჭი კაზმული ფრაზებით;
თუ ჩვენს თანხმობას შევლახავთ,
გვიჯობს გავჩუმდეთ სავსებით.
ვინ სძლევს ქიმიკოსს ცოდნაში!
სიბრძნე მოგვიტანს სიახლეს;
სხვა კიდევ ქალის კოცნაში
ეძებს სიცოცხლის სიამეს.
თვით არქომედი - წვდომითა
და სიღრმით გამორჩეული,
იყო, მენცარი ცთომილთა,
უსახლკარო და ეული.
თუ ნიუტონიც ხალისით
ზომავდა ურიცხვ სამყაროს,
დათვალოს ძმები თავისი,
ცათა ძვრა მერე გვახაროს!
ფარგლით ნახაზი ზეცისა
მკვდარია - ზეცა შორია!
ჩვენთვის ხომ ძალა რწმენისა
ძალთა ზომაზე სწორია!
ფარგალი რაღას გვიკეთებს,
სად გული გულებს ენდობა!
საყოველთაო სიკეთე -
ორზე დიდია ერთობა!
ძმებო, ბავშვობა სად არი?
დრო მიდის განა ტაატით?
ასწიე, თასი მზად არი -
საათს ნიჰყვება საათი!
სისხლი ცივდება უალოდ,
ძლევს ფელას ბედის ტრიალი,
გვშთანთქავს უფსკრულში უკვალოდ
მარადისობა ტიალი.