ედგარ პოს „სფინქსი“ ედგარ პოს „სფინქსი“ />


  10:56:12     13-08-2011

ედგარ პოს „სფინქსი“

a8934.png

ორიოდე თვის წინ გამოვაქვეყნეთ წერილი: "საუბარი ედგარზე" და ედგარის რამდენიმე ლექსი“, სადაც საუბარი იყო ამერიკული ლიტერატურის კარგად გაცნობის აუცილებლობაზე. იქვე მკითხველს შევთავაზეთ გალაკტიონის ლექსი „საუბარი ედგარზე“, რომელიც შთაგონებულია ედგარ პოს შემოქმედებითაც თუ მიძღვნილია ედგარ პოსადმიც. იქვე დავბეჭდეთ ედგარ პოს ბრწყინვალე ლექსი „ანაბელ ლი“, რომელიც ინგლისურიდან თარგმნა მერაბ მეტრეველმა. შემდეგ მკითხველს შევთვაზეთ ედგარ პოს ასევე შესანიშნავი ერთი ლექსის ქართული თარგმანის ორი ვარიანტი „ელდორადო“ (ინგლისურიდან თარგმნა  ვასილ გულეურმა) და „ოცნების მხარე“ (ინგლისურიდან თარგმნა მერაბ მეტრეველმა).

ედგარ პო ყოველთვის პოპულარული იყო საქართველოში. ვფიქრობ მისი მკითხველი ახლაც ბევრი მოიპოვება ჩვენთან. მას დრო ვერაფერს დააკლებს, როგორც სხვა დიდ შემოქმედს. ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს გავიხსენოთ მისი მოთხრობა „სფინქსი“, რომელიც ინგლისურიდან თარგმნა ზაურ კილაძემ. ეს მოთხრობა, ჩემი ინფორმაციით დიდი ხანი არ გამოქვეყნებულა საქართველოში.

ედგარ პო, თავისი საოცარი ექსპრესიულობით და ორიგინალობით გვიამბობს ერთი, ქოლერის ეპიდემიით შეშინებული ადამიანის უცნაურ მოჩვენებაზე, თითქოს ჰალუცინაციაზე, უფრო სწორად დაუკვირვებლობაზე თუ არასწორ, გადამეტებულ დაკვირვებულობაზე, გაზვიადებულ ასოციაციაზე, რომელიც გამოწვეული უნდა იყოს სხვადასხვა მიზეზებით: შიშით, წარმოსახვის ჰიპერბოლიზებით, ცრურწმენით, დაუშვებლობის დაშვებით, მისტიფიცირებით, მანძილის (ან ეპოქის) შეუცნობლობით. „ყოველგვარი გამოკვლევის ცდომილებათა თავწყარო ის გარემოებაა, რომ ადამიანს არ შეუძლია სწორად შეაფასოს ან განსაზღვროს საგანი, რაკიღა ზუსტად ვერ გამოითვლის ხოლმე მანძილს ამ საგნამდე“ - ამბობს მოთხრობის მთავარი გმირის ნათესავის პირით გენიოსი ამერიკელი მწერალი.

მოთხრობაში საინტერესოა ფრაზა: „„სრულიად რომ შეფასდეს, მაგალითად, - თქვა მან, - რა გავლენა ექნებოდა კაცობრიობაზე დემოკრატიის საყოველთაო გავრცელებას, უცილობლად უნდა განიჭვრიტოს ეპოქის სიშორე - ან გავრცელების ხანა. დამისახელეთ თუნდაც ერთი ავტორი, რომელიც აგვიწერს მმართველობის ფორმებს და ეს საკითხი მნიშვნელოვნად მიუჩნევია?“. მართლაც, საინტერესოა...

მაგრამ მაინც, ედგარ პოსათვის იქნებ ის განცდები არანაკლებ საინტერესოა, რომელიც აწუხებს მისი მოთხრობის შეშინებულ, „უცნაურ“ გმირს. ჩვეულებრივი განცდები ჩვეულებრივია, მაგრამ არაჩვეულებრივად მათი დახატვა მხოლოდ დიდ მწერალს შეუძლია.

ედგარ პო - წერდა დოსტოევსკი: „თითქმის ყოველთვის ყველაზე უფრო განსაკუთრებულ სინამდვილეს გვიხატავს, თავის გმირს მოაქცევს ყველაზე უფრო განსაკუთრებულ გარემოებასა და ფსიქოლოგიურ მდგგომარეობაში და განსაცვიფრებელი სიზუსტით წარმოგვიჩენს ამ გმირის სულის ამბავს“.

სფინქსი

(ინგლისურიდან თარგმნა ზაურ კილაძემ)

ნიუ-ორკში ქოლერის მძვინვარების ჟამს ერთმა ნათესავმა მიმიწვია ორიოდე კვირით ჰუძონის ნაპირას მდებარე cottage ornee*-ში. საზაფხული გასართობი არაფერი გვაკლდა, ასე რომ ტყე-ტყე ხეტიალით, ხატვით, თევზაობით, ბანაობით, მუსიკითა თუ წიგნებით დროს კარგადაც გავატარებდით, რომ ხალხმრავალი ქალაქიდან შემაძრწუნებელი ცნობები არ მოგვსვლოდა ყოველ დილით. დღე ისე არ გავიდოდა, ვინმე ნაცნობის ავადმყოფობა არ გაგვეგო. რაკიღა ეს უბედურება აღარ თავდებოდა, შიშმა დაგვრია ხელი, ვაითუ, დღეს-ხვალ რომელიმე მეგობრის დაღუპვის ამბავი შეგვატყობინონო, ამ ყოფაში ჩვენი დაგვემართა და თავგზააბნეული ველოდით წერილის დამტარებლის მოსვლას. თითქოს სულთამხუთავის სუნთქვა მოჰქონდა სამხრეთულ ქარებსაც, დაბოლოს, მთლად მომიცვა ღონის წართმევმა ფიქრებმა და ასე გატანჯული ვაღამებდი და ვათენებდი. მასპინძელი არ გახლდათ ჩემსავით მგრძნობიარე კაცი და თუმც თავადაც შეურვებული იყო, ჩემს გამხნევებას მაინც ცდილობდა. ფანტაზიები არასდროს ჩაითრევდა მის ძალუმ ფილოსოფიურ გონს. საზარელ სინამდვილეს დიახაც განიცდიდა, მაგრამ მის ჩრდილებს არ დაგიდევდათ.

შავი ფიქრებით დათრგუნვილ კაცს გუნება ვერ გამომიკეთდა. ჩემი გულისმომწყველი განწყობილება კი გამოეწვია მის ბიბლიოთეკაში მიკვლეულ წიგნებს. სწორედ ამ წიგნებში ამონაკითხმა გამიღვივა მემკვიდრეობით გამოყოლილი ცრურწმენათა თესლი.  ნათესავმა არ იცოდა, რას ვკითხულობდი. ასე რომ, ხშირად ვერც ხვდებოდა ჩემი შფოთის მიზეზს.

ხალხში გავრცელებული იმ ავის მომასწავებელი ნიშნების ამბავმა გამიტაცა, წინათგრძნობას რომ უკავშირებენ. ამ ნიშნების არსებობას იმხანად თითქმის გაუთავებლად ვამტკიცებდი და ცხარედ ვეკამათებოდი ნათესავს ამ საგანზე. მას სრულიად უსაფუძვლოდ მიაჩნდა ასეთი შეხედულებანი. მე კი ვეუბნებოდი, ადამიანის უნებური რაიმე წინათგრძნობა თავისთავად შეიცავს-მეთქი უცდომელი ჭეშმარიტების ყურადსაღებ კვალს.

საქმე ის იყო, რომ მთლად აუხსნელი რაღაც შემემთხვა ახალჩამოსულს, ფრიად ღირსშესანიშნავი ამბავი გადამხდა, რომლის ავ ნიშნად მიჩნევა სწორედ რომ მეპატიება, თავზარი დამცა, რამდენიმე ხანს საგონებელში ჩამაგდო და გონება ამიმღვრია. მხოლოდ მრავალი დღის შემდეგ მოვიკრიბე ძალა და ჩემს ნათესავს ვუამბე ეს შემთხვევა.

პაპანება დღე ილეოდა, წიგნით ხელში ვუჯექი ღია სარკმელს, საიდანაც მოჩანდა მდინარის სანაპიროს თვალუწვდომელი ხედი და შორეული სერი, რომლის უახლოესი კალთა თითქმის მთლად მოტიტვლებულიყო, რამდენიმე ხეღა შერჩენოდა ნამეწყრალ ალაგს. წანაკითხს ვერაფერს ვხვდებოდი, რაკიღა ფიქრები მომძალებოდა მეზობლად მდებარე გაჩანაგებულ ქალაქზე. წიგნს თვალი რომ მოვაცილე, დავინახე მთის მოშიშვლებული ფერდობი და ზედ რაღაც... რაღაც შემზარავი ურჩხული, კორტოხიდან მალიად ჩამოვიდა და ცოტა ხნის შემდეგ უსიერ ტევრში მიიმალა. ჯერ გავიფიქრე, ხომ არ შევქანდი ან თვალმა ხომ არ მომატყუა-მეთქი. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ დავრწმუნდი, თურმე არც შევშლილვარ და არც სიზმარში ვყოფილვარ. მაგრამ ვაითუ იმ ურჩხულის აღწერის მერე (რომელიც ნათლად ვიხილე და ვინემ მიიმალებოდა, თვალი არ მომიშორებია) მკითხველმაც არ დაიჯეროს ეს ამბავი.

ურჩხული მეწყერს გადარჩენილ იმ გოლიათ ხეებს დავატოლე თვალით, რომელთა ახლოსაც ჩამოიარა. მაშინვე გავიფიქრე, ეს საოცრება ყველანაირ სახაზო ხომალდზე დიდია-მეთქი. სახაზო ხომალდი-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ჩვენმა სამოცდათოთხმეტზარბაზნიანმა გემმა შეიძლება წარმოგვიდგინოს ურჩხულის ანაგობა. პირი ჰქონდა სპილოს ტანის სისხო სამოცი თუ სამოცდაათი ფუტი სიგრძის ხორთუმის ბოლოს. ხორთუმის ძირში ისეთი ხშირი ბანჯგვლები უჩანდა, ოცამდე ბიზონსაც ეყოფოდა. ამ ბანჯგვლებიდან ველური ტახის დარად ცერად ჩამოშვეროდა ზღაპრული სიდიდის ორი მოზიმზიმე ეშვი. ფერდებზე მოუჩანდა ოცდაათი თუ ორმოცი ფუტი სიგრძის რაღაც გამონაზარდები, წმინდა კრისტალებივით უზადო, ფორმოთ პრიზმისმაგვარი, თვალისმომჭრელად რომ აელაპლაპებინა ჩამავალი მზის სხივებს. მახვილივით ბოლოსკენ წაწვრილებულ სხეულზე ერთიმეორის მიყოლებით ესხა ლითონის ქიცვოვანი, ასი იარდი ზომის ორი წყვილი ფრთა, ყოველი ქიცვი ათი თუ თორმეტი ფუტი დიამეტრისა იქნებოდა, ზედა და ქვედა ფრთები ერთმანეთზე მსხვილი ჯაჭვით იყო გადაბმული. ყველაზე მეტად მაინც თავის ქალას გამოსახულებამ შემზარა, მთელი მკერდის ჩაშავებულ ზედაპირზე თითქოს ვინმე მხატვარს საგულდაგულოდ რომ გამოეყვანა თოვლზე უთეთრესი ხაზებით. ვიდრე შეძრწუნებული და უბედურების მოლოდინით თავზარდაცემული ვუყურებდი ამ საზარელ ცხოველს და განსაკუთრებით მის მკერდს, ხორთუმის ბოლოში უცებ გაიღო ვეებერთელა ხახა და ჩამესმა ისეთი ძლიერი და სასოების წამრთმევი ხმა, რომ გულმა დოლაბივით დამიწყო ბრუნვა; მიეფარა თუ არა მთის ძირს ცხოველი, იმწუთას უგონოდ გავიშხლართე იატაკზე.

გონს მოსულმა, რაღა თქმა უნდა, პირველად ის გავიფიქრე, ნანახსა და გაგონილს ჩემს მეგობარს ვუამბობ-მეთქი. მაგრამ რაღაც ენით უთქმელმა და გაურკვეველმა ზიზღის გრძნობამ გამაჩერა და არაფერი მითქვამს.

სამი თუ ოთხი დღე იქნებოდა გასული ამ შემთხვევის შემდეგ, როცა საღამო ხანს იმავე ოთახში ვიმყოფებოდი, საიდანაც ის ჩვენება ვიხილე და იმავე სარკმელთან ვიჯექი, მასპინძელი იქვე ტახტზე წამოწოლილიყო. ადგილისა და დროის ასოციაციით ჩაგონებულმა ვუამბე იმ საოცრებაზე. ბოლომდე მომისმინა, ჯერ გულიანად გაეცინა, მერე გაჩუმდა და მოიღუშა, თითქოს უკვე საბოლოოდ ირწმუნაო ჩემი სულიერი ავადობის ამბავი. უცებ ნათლად დავინახე ურჩხული და გულგახეთქილმა ჩემს მასპინძელს შევძახე, აბა შეხედე მეთქი. გულისყურით გახედა და მითხრა, ვერაფერს ვხედავო, თუმცა ზუსტად ვუჩვენებდი მოტიტვლებულ ფერობზე ჩამავალ ცხოველს.

უსაზღვრო შიშმა ამიტანა, რაკიღა ეს ზმანება ჩემი აღსასრულის ან კიდევ უარესი, მოახლოებული სიგიჟის მაცნედ ჩავთვალე. შეწუხებული გადავაწყდი სავარძელს და სახე ხელებში ჩავმალე. თვალი რომ გავახილე, ჩვენება გამქრალიყო.

ჩემს ნათესავს კი რამდენადმე გამოუკეთდა გუნება და წვრილად გამომკითხა ფანტასტიკური ურჩხულის ანაგობა. ყველაფერი რომ მოვუყევი, შვებით ამოისუნთქა და, ჩემი აზრით, ფრიად შემაძრწუნებელი თავდაოკებით მოჰყვა მსჯელობას ფილოსოფიის განყენებულ საკითხებზე. მახსოვს, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა, ყოველგვარი გამოკვლევის ცდომილებათა თავწყარო ის გარემოებაა, რომ ადამიანს არ შეუძლია სწორად შეაფასოს ან განსაზღვროს საგანი, რაკიღა ზუსტად ვერ გამოითვლის ხოლმე მანძილს ამ საგნამდე. „სრულიად რომ შეფასდეს, მაგალითად, - თქვა მან, - რა გავლენა ექნებოდა კაცობრიობაზე დემოკრატიის საყოველთაო გავრცელებას, უცილობლად უნდა განიჭვრიტოს ეპოქის სიშორე - ან გავრცელების ხანა. დამისახელეთ თუნდაც ერთი ავტორი, რომელიც აგვიწერს მმართველობის ფორმებს და ეს საკითხი მნიშვნელოვნად მიუჩნევია?“

შემდეგ წამით შეჩერდა, წიგნის კარადასთან მივიდა და „საბუნებისმეტყველო ისტორიის“ ცნობარი გადმოიღო. მერე მთხოვა, ადგილები გავცვალოთო, რაკიღა აქ, სარკმელთან უკეთ შეძლებდა წვრილად ნაბეჭდის გარჩევას. წიგნი გადაშალა და წინანდელ კილოზე განაგრძო საუბარი.

- ის ურჩხული რომ აგრე წვრილად არ აგეწერა - მითხრა მან, - ვერც მივხვდებოდი და ვერც რასმე გეტყოდი. მაგრამ ჯერ აი, ამ სასკოლო ცნობარიდან ერთ ადგილს წაგიკითხავ -Sphinx-ის სახეობაზე, Grepuscularia-ს გვარეულობას, Lepidoptera-ს ჯგუფს, Insecta-ს კლასს, რომ ეკუთვნიან, ანუ მწერები არიან, აბა, ყური მიგდე: ლითონივით მბზინავი პატარა, ფერადი ქაცვებით დაფარული ოთხი აპკოვანი ფრთა; ყბების გაგრძელებაზე ხორთუმივით დახვეული პირი, რომელსაც გვერდებზე აქვს ჩანასახობრივი საღეჭები და ფაფუკი საცეცები. ხეშეშა ბალნით შეერთებული ზედა და ქვედა ფრთები; მოგრძო, პრიზმისებური მსხვილბოლოებიანი პრწკალები. ეს მწერი, რომელსაც თავიქალიანი სფინქსი ეწოდება, ზოგჯერ თავზარსა სცემს საქმეში ჩაუხედავ ხალხს თავის საწყალობელი ხმითა და მკერდზე სიკვდილის ემბლემის გამოსახულებით.

წიგნი რომ დახურა, სავაძელი იმ ადგილისაკენ მიაჩოჩა, საიდანაც თვალი მოვკარი „ურჩხულს“.

- ოჰო, ის არის, ის! - წამოიძახა უცებ, ფერდობზე მიძვრება, მართლაც უცნაური სანახავი კია, უნდა გამოვტყდე. მაგრამ არც ისე დიდია და არც ისე შორსაა, შენ რომ გეგონა. მართალი თუ გინდა, იგი მიჰყვება ამ სარკმლის კიდეებს შუა გაბმულ ობობას ქსელს, რომელიც ასე თექვსმეტი დუიმი** სიგრძისაა და ჩემს თვალს ასევე დაახლოებით თექვსმეტი დუიმით არის დაშორებული.

----

* ქალაქგარე აგარაკი (ფრანგ.).

**დუიმი - 2,54 სმ.

0

ავტორი: