რუსული პოლიტელიტა და ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები რუსული პოლიტელიტა და ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები />


  19:09:24     12-08-2011

რუსული პოლიტელიტა და ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები

a8917.jpg

რუსულ სინამდვილეში, პოლიტიკურის გარდა, საკმაოდ საინტერესო პროცესები კრიმინალურ სამყაროშიც მიმდინარეობს. საქართველოსგან განსხვავებით, იქ კრიმინალთან და კრიმინალებთან ბრძოლა არათუ არ დაუწყიათ, ამ მხრივ ფორმალობებისგანაც კი შორს დგანან. გაუგებარია, ფიქრობს თუ არა ვინმე რუსულ პოლიტიკურ ელიტაში, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებსა და მათ ფანატ, წვრილფეხა კრიმინალებს, მხოლოდ მილიციის პოლიციად გარდაქმნა შეაშინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ სახელის შეცვლის მიუხედავად, სამართალდამცველები მათ ვერაფერს უხერხებენ. როცა უწყებრივი მოწოდება აშკარად აღემატება შენი მოწინააღმდეგის მოწოდებას, როცა ზემდგომი, თუნდაც ფორმალურად, ეფექტურად მუშაობას გთხოვს იმის წინააღმდეგ, ვინც გკვებავს შენ და კვებავს შენი ოჯახის წევრებს, ბუნებრივია, არც ის შეიარაღება გიშველის, რაც ზურგს გიმაგრებს, არც იარაღის არსენალი და  არც ყოველდღიური თათბირები განყოფილებების უფროსებთან – ამით ვერც „კანონიერ ქურდებს“ შეაშინებ და მით უმეტეს, შენს მიმართ პატივისცემით ვერ განაწყობ რიგით მოქალაქეებს...

ასეთ დროს – როცა ზედაფენებს (პოლიციის უფროსები, გამომძიებლები, რუსეთის შს სამინისტროს მაღალჩინოსნები) აღარ შეუძლიათ ძველებურად მართვა, ხოლო ქვედაფენებს (წვრილ–წვრილი „მომპარავებიდან“ დაწყებული – სუნამონაპკურებ, თანამედროვე „კანონიერ ქურდებამდე“) ძველებურად ცხოვრება არ სურთ, მხარეებმა ერთმანეთს უნდა გაუძლონ – თანაცხოვრების მეთოდები შექმნან, თანაც, დროდადრო ისეც უნდა წარმოჩინდნენ, თითქოს ერთმანეთს ხელს უშლიან და ვერ იტანენ....

კაცმა რომ თქვას, რუსეთში შსს–ს რეალური რეფორმა ვერ მოახერხეს, თორემ ამ თანაცხოვრებას კი ჩინებულად ახერხებენ ისე, რომ დროდადრო „სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაც“ გამართონ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მაინც არ არის სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა, რომელიც ერთი ინსტიტუტის ან ინსტიტუციის მხრიდან მეორის მოსპობას ისახავს მიზნად – ეს გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის ბრძოლაა...

რუსი ჟურნალისტები ბოლო დროს საკმაოდ იშვიათად, მაგრამ მაინც ინტერესდებიან კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე პროცესებით და ფრიად საინტერესო დასკვნებს აკეთებენ. მაგრამ რუსეთის კრიმინალური სამყარო ისევე თვალუწვდენელია და ისეთივე თვალუწვდენელი სტეპებითაა მოფენილი, როგორც თავად რუსეთი. და მაინც, „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რის დაპირიპირებას აპირებს სამართალდამცველთა ქმედებებისთვის რუსული კრიმინალური სამყარო, სხვაგვარად და გათანამედროვებულად რომ ვთქვათ – რუსული მაფია, რომლის სათავეებთან, უძველესი დროიდან მოყოლებული, ისევ ქართველები დგანან.

„ლუბერცში მდებარე კერძო „ასობნიაკი“. სახლი, ფაქტობრივად, სადღეღამისო კონტროლზე ჰყავს აყვანილი პოლიციას. იკითხავთ და მართალიც იქნებით – რით არის გამორჩეული იგი სხვა სახლებისგან? იმით, რომ აქ კრიმინალური სამყაროს ლეგენდა – „დედ ჰასანი“ ცხოვრობს“, – ასე იწყება „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ გამოქვეყნებული სტატია. „მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ „უგვირგვინო მეფე“ სახლს თითქმის არასდროს ტოვებს, თუმცა, იქ მხოლოდ სტუმარია. მაგრამ როგორი სტუმარი და თანაც, ვისი: „ასობნიაკი“ სამ „რამკიანს“ – ტარიელ, დავით და გურამ ფიფიებს ეკუთვნით. სამივე ჯერ კიდევ „უხსოვარ“ დროს „მონათლეს“ ქურდებად, მაგრამ ტარიელი უკვე ჩამოშორდა საქმეებსაც და „წოდებასაც“ – რა თქმა უნდა, საკუთარი გადაწყვეტილებით. სწორედ ის კურირებს ახლა ამ ოჯახში ცხოვრების საკითხებს, დედ ჰასანთან ერთად.

„როგორ ცხოვრობენ? როგორც „შაშლიკ–მაშლიკები“, – ამბობს გაზეთის ტატუირებული თანამოსაუბრე, ინკოგნიტო ავტორიტეტი – „სხოდკებს“ არ აწყობენ“. თანამოსაუბრემ, ისე როგორც არავინ, ზეპირად იცის, როგორ თუხთუხებს მთელი რუსული კრიმინალური სამყაროს ქვაბი, რადგან თვითონაც იქ იხარშება. მისი ვერსია „ქურდული“ ცხოვრების შესახებ, ზოგ ეპიზოდში გადამეტებული ჩანს და ნაკლებად დამაჯერებელიც, მაგრამ ყურადღების ღირსი ნამდვილად არის...

კრიმინალური სამყარო ჩვენს უმრავლესობას მისტიკური სფერო ჰგონია. გზად სამსახურისკენ ჩვენ არ გვხვდებიან ტატუირებული პერსონაჟები. ბანდიტები აღარ გვაუთოვებენ და არც სხეულის ნაწილებს გვფლეთენ. საერთოდ, სად არიან ისინი? პოლიციის ბოლოდროინდელ ცნობებში არ იკითხება ინფორმაცია კრიმინალური გარჩევების შესახებ, საინფორმაციო სააგენტოები ზედიზედ გადმოსცემენ ცნობებს, რომ ერთი „რამკიანი“ დაიჭირეს, მეორე დაჭრეს, მესამე მოკლეს. მაგრამ სულ თავყრილობები, თავყრილობები, თავყრილობები... როგორ აისახება ეს ჩვენზე? რუსი სამართალდამცველები ხშირად ამბობენ, რომ მაშინ გააქტიურდებიან, როცა ორად გაყოფილი კრიმინალური სამყარო ერთმანეთს დაერევა – მაგალითად, აცხადებენ, რომ ერთმანეთს სამკვდრო–სასიცოცხლოდ არიან დაპირისპირებული ორი ძველი კლანის: დედ ჰასანის, იგივე ასლან უსოიანისა და ტაროს, იგივე ტარიელ ონიანის დაჯგუფებები.

„მსგავსიც არაფერი ხდება“, – ამბობს თანამოსაუბრე, – „ეს ხმები სამართალდამცველების მიერაა გავრცელებული, რათა შექმნან ილუზია, რომ ქვეყანაში მიმდინარე „შავი“ ამბების საქმის კურსში არიან. ეს ორი კლანი – ტაროსა და ჰასანის – თავის დროზე იმიტომაც წარმოიქმნა, რომ კრიმინალური ტრადიციებისა და ცხოვრების წესის სულ სხვაგვარ აღქმას უჭერდნენ მარს. ეს მათი პირადი ურთიერთობების საქმეა, ძნელია მასში გარკვევა. ანკი, რა საჭიროა: მათი მეტოქეობა უკვე გუშინდელი დღეა, ან სულაც, გასული საუკუნე. უბრალოდ, „კანონიერი ქურდების“ სამყარო ძალიან ჩაკეტილია და მათი მეფეების შესახებ ლეგენდების ექსპლოპატაცია კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ქართველ, აფხაზ და სხვა ეროვნების „კანონიერ ქურდებს“ ვერასდროს ექნებათ რეალური ძალაუფლება, რადგან ისინი 100 პროცენტით არიან დამოკიდებულნი პოლიტიკურ ხელისუფლებაზე.“ – ამბობს ტატუირებული.

44 წლის ბელორუსელი „კანონიერი ქურდს“ ალექსანდრე კუშნეროვს კრიმინალურ წრეებში უფრო საშა კუშნერის სახელით იცნობენ. ოპერატიული ცნობების მიხედვით, მაისში, ოთხ სხვა „თანამოძმესთან“ ერთად მიიღეს „დედ ჰასანის ოჯახში“, შავ სამყაროში კი პოპულარობა ბელორუსის კრიმინალურ ისტორიაში ყველაზე სასტიკი, მოროზოვის ბანდის წევრობამ მოუტანა.

„ის, რომ ლუკაშენკოზე განაწყენებული „დედ ჰასანი“ კუშნერს ბელორუსის „მაყურებლად“ ამწესებს და „კანონიერ ქურდად“ „ნათლავს“, რეალური ძალაუფლების მაჩვენებელი არ არის?“, – დაინტერესდა „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჟურნალისტი.

„დავუშვათ, კუშნერმა მართლაც მიიღო „მაყურებლის“ ტიტულიც, თუმცა, ბევრს ამაში ეჭვი ეპარება“, – პასუხობს გაზეთს ინკოგნიტო თანამოსაუბრე. – „მერე, რა? შეგიძლია საკუთარ თავს მეფე, პრინცი, პრეზიდენტი – რაც გინდა, ის დაარქვა, მაგრამ ამით ხომ რეგიონში რეალურ გავლენას ვერ მოიპოვებ? იგივე ბელორუსში, ხედავთ, რა დამართა ლუკაშენკომ ავტორიტეტებს? სად არიან ისინი ახლა? კუშნერს კიდევ გაუმართლა, რომ ჩვენთან მოხვდა – მოსკოვის ოლქში და რომ ეტაპით რუსეთში გააგზავნიან და არა ბელორუსში. „ბატკასთან“ რომ მოხვედრილიყო, მას ორ წამში მოუთავებდნენ ხელს და, დამიჯერეთ, ნარკოტიკების შეძენა–მოხმარებისთვის სასჯელს არ აკმარებდნენ... ის, რომ რუს კრიმინალს შეუძლია ლუკაშენკო დაჯაბნოს, სისულელეა. გაითვალისწინეთ, რომ იმისათვის, რათა რეგიონის „მაყურებელი“ გახდე, საჭიროა კარგად ერკვეოდე არამარტო კრიმინალურ ცხოვრებასა და მის წესებში არამედ ძალთა განლაგებაში, ბიზნესში, უნდა გქონდეს კავშირები როგორც შენნს მსგავს ადამიანებთან, ასევე მოსახლეობასთან. უნდა გქონდეს კავშირებიც. ისეთს, როგორიც კუშნერია, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება გისოსებს მიღმა გაატარა, ადაპტირება უჭირთ და „მაყურებლობა“ – მით უმეტეს. საერთოდაც, კუშნერს ვერ იტანენ ბელორუსში. ის ყასაბია, ბევრის სისხლში აქვს ხელი გასვრილი... თქვენი ნათქვამიდან ჩანს, რომ სპეცსამსახურებმა იციან, როდის ვის „ნათლავენ“. მაშ, რა უშლით მათ ხელს, ჩაავლონ ხელი ნათლიასაც და ნათლულსაც? ძალიან ბევრი დავა იყო სს კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით. ახლა, თუკი შენ „კანონიერი“ ხარ, თუნდაც თითი არ გაანძრიო, შენს წინააღმდეგ 210–ე მუხლის მე–4 ნაწილი მოქმედებს, როგორც იმ პირის მიმართ, ვისაც დანაშაულებრივ იერარქიაში მაღალი მდგომარეობა უჭირავს. ეს სასჯელი კი 15 წლის თავისუფლების აღკვეთიდან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. მაგრამ არა – ყველა ავტორიტეტი, რატომღაც, ნარკოტიკებისთვის ისჯება...

„რაც შეეხება დედ ჰასანს, დღეს რა, „სხოდკა“ არა აქვს?“ – დაინტერესდა საუბრის ბოლოს ჟურნალისტი. „რას ამბობთ, რა „სხოდკა“! მას ხომ სპეცსამსახურები თვალსაც არ აცილებენ. „დედ ჰასანი“ სწორედ იმიტომ დასახლდა საქმეებს ჩამოცილებულ ყოფილ „კანონიერთან“, რომ კანონიერად არავინ არაფერში შეედავოს – მოქალაქესთანაა სტუმრად და არავის საქმე არ არის, რამდენ ხანს დარჩება... პასპორტში შეტანილ მონაცემებთან შედარებით „დედ ჰასანი“ უფროსიც კია, სადღაც 80 წელს უკაკუნებს. ასეთი წარსულის მქონე ადამიანი ამ ასაკში – უბრალოდ, ლეგენდაა და მეტი არაფერი. ტარო, რა თქმა უნდა, უფრო ახალგაზრდაა, მაგრამ ქართველმა ქურდებმა  ავტორიტეტი დაკარგეს თავიანთ სამშობლოშიც და თბილ ევროპაშიც, რომელსაც ცოტა ხნის წინ „მოასხდნენ“. ჰასანისა და ტაროს კლანები უძლეველნი იყვნენ ერთ დროს და ეს – სიმართლეა. იმ წლებიდან დაწყებული, ნებისმიერი გაფაჩუნება კრიმინალურ სამყაროში, ამ ორი პიროვნებიდან რომელიმესთანაა ასოცირებული. ეს დაახლოებით ისეა, როგორც ის, რომ თანამედროვე რუსული პოლიტიკის საკითხები ტანდენმის ორ წევრს უკავშირდება. მაგრამ რეალურად, არც „დედ ჰასანს“ და არც ტაროს, ძალაუფლება, ფაქტობრივად, არა აქვთ. თითქმის ყველაფერი, რაც მათი გავლენის სფეროებში შედიოდა, ძალოვნებმა გაიყვეს, რომლებმაც, ფაქტობრივად, ამ ორი კლანის მთელი ბიზნეს–სივრცე აითვისეს. მათ კი, ვისაც ძველი ჩვეულების თანახმად, „ჰასანის“ ან ტაროს ხალხს უწოდებენ, უკვე კარგა ხანია, თავიანთი ინტერესები აქვთ...“. – ასე ასრულებს საუბარს გაზეთთან ინკოგნიტო ავტორიტეტი. როგორც ამ საუბრიდანაც ჩანს, რუსეთი ჯერაც იმ ეპოქაშია, რომელიც საქართველომ არცთუ დიდი ხნის წინ გაიარა. საქართველოში იყო დრო, როცა „კანონიერ ქურდებს“ არათუ დევნიდნენ, არამედ აეროპორტებში შს მინისტრის დაჯავშნული „მერსედესით“ ხვდებოდნენ, მერე კი, ლამის, ესკორტით აცილებდნენ ქალაქიდან ქალაქში და ეს ესკორტი, ბუნებრივია, მაშინდელი „საი“–ს მანქანებისგან არ შედგებოდა. ბოლო ინტერვიუში, რომელიც, სხვათა შორის, რუსულ გამოცემას მისცა, ის წლები კახა ბენდუქიძემ საკმაოდ მოკლე ფრაზით აღწერა: „დრო, როცა ბიჭების 70 პროცენტი კანონიერ ქურდობაზე, გოგოების 40 პროცენტი კი ასეთი ბიჭების ცოლობაზე ოცნებობდა...“ 

0

ავტორი: