11:56:08     12-08-2011
ლიბანში ვითარება იძაბება
ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის ჩრდილოეთით, აფეთქება მოხდა.ბომბა ავტოსადგომზე ამოქმედდა, სადაც ლიბანელი მოსამართლის ვაჟიშვილის ავტომანქანა იყო გაჩერებული.
ქვეყნის „წითელი ჯვრის“ ხელმძღვანელის, გეორგ კიტანის ინფორმაციით, აფეთქების მსხვერპლი მინიმუმ ერთი ადამიანი გახდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თავდაპირველად, პოლიციამ 2 გარდაცვლილის შესახებ განაცხადა. ამჟამად, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს, რომელიც მომხდარის გარემოებებს არკვევს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ რაიონში ამუშავდა, სადაც, ძირითადად, ქრისტიანები ცხოვრობენ. მთლიანობაში, სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანების რიცხვი ლიბანში, მოსახლეობის 40 პროცენტს აღწევს. მათი უმრავლესობა ან მარონიტია, ან მართლმადიდებელი.
აფეთქება ლიბანში რამდენიმე დღის წინაც მოხდა, ქალაქ საიდის მახლობლად მდებარე შოსეზე. მაშინ ხუთი ფრანგი სამხედრო დაიჭრა, რომლებიც ქვეყანაში გაეროს მისიის ფარგლებში მსახურობენ. 0