14:29:13     25-09-2010
რუსეთი თავის არმიის მასშტაბურ გადაიარაღებას გეგმავს
როგორც რუსული გამოცემა „ВЗГЛЯД“-ი თავის საგაზეთო სტატიაში “ბლუმბერგში” გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთი ათი წლის განმავლობაში არმიის გადაიარაღებისთვის 19 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს. მთავარ ამოცანას კი წარმოადგენს რუსეთის არმიისთვის უახლესი ტიპის შეიარაღების შესყიდვა - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა 20 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსთან შეხვედრიდან სამშობლოში დაბრუნებულმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და დასძინა, რომ ეს თანხა აუცილებელი მინიმუმია არმიის გადაიარაღებისთვის.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით იგი არაა დაინტერესებული დასრულებული პროდუქციის ყიდვით, არამედ მას სურს ნოუ-ჰაუს ტექნოლოგიების შესყიდვა, რათა რუსეთმა სამხედრო პროდუქცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აწარმოოს. ტექნოლოგიის ნაწილის ყიდვას რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან გეგმავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ ინტერესს აშშ-თან შესაძლო სამხედრო გარიგებაში ტექნოლოგიები წარმოადგენს. სერდუკოვის განცხადებით ისინი განსაკუთრებით დაინეტერსებულები არიან საინფორმაციო კომუნიკაციებით და ზოგიერთი მაღალი სიზუსტის შეიარაღების ნიმუშებით.
სერდიუკოვის განცხადებით სამამულო წარმოების შეიარაღება ვერ უზრუნველყოფს რუსეთის არმიის აუცილებელ გადაიარაღებას.
როგორც რუსული გამოცემა “ВЗГЛЯД“ იტყობინება, რუსეთი თავის გეგმების მისაღწევად აპირებს მიმართოს ნატოს ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამის მაგალითად „მისტრალის“ შესყიდვის გარიგება მოჰყავს, თუმცა გამოცემა იქვე დასძენს რომ შეიარაღების შესყიდვის მოთხოვნით რუსეთს შტატებისთვის ჯერ არ მიუმართავს.
რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე მაიკიენკო კი გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, რომ აქამდე შეიარაღების შესყიდვის შესახებ საუბარი მიდიოდა საფრანგეთთან, ისრაელსთან და იტალიასთან და ამერიკის შეერთებული შტატების დამატება ამ ნუსხისთვის მართლაც ახალი რამაა. ამასთანავე რუსი ექსპერტი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან ეს გარიგება რჩება ვერბალურ დონეზე და დარწმუნებულია რომ რუსეთს შტატები არაფერს სერიოზულს არ მიჰყიდის, რამდენადაც აშშ-ს საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა გააჩნია, რაც აწესებს შეზღუდვებს ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ექსპერტი გამორიცხავს კავშირგაბმულობის სისტემის დარგში შტატებთან რუსეთის გარიგებას.
შტატების პოლიტიკურ მიზეზებს ემატება ამერიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები, რომელიც კრძალავს სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტს ამერიკის მოკავშირეებზეც კი. თუმცა ამა წლის აგვისტოს თვეში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას პრეს–სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ექსპორტისგან შემოსავლების ზრდის მიზნით ქვეყანაში ექსპორტზე რიგი სამხედრო და მაღალი ტექნოლოგიების დარგში არსებულ შეზღუდვების გადახედვის გადაწყვეტილების თაობაზე. გავრცელდება თუ არა ეს ფაქტორი რუსეთზე და რამდენად წარმატებულად გამოიყენებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბიუჯეტის ზრდას ამას დრო გვანახებს, თუმცა გარკვეულ წილად რუსი ექსპერტების მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ რეალურად გამოიყურება.
0