14:11:12     24-08-2020
"ელემენტარულად, ღვედები რომ ჰკეთებოდათ, კიდევ ექნებოდათ გადარჩენის შანსი" - რა რჩევებს აძლევს ქართველი ექიმი საექსკურსიო ტურების მონაწილეებს და ორგანიზატორებს?
ინტერნეტ-მომხმარებელი "მოგზაურთა კლუბში" წერილს აქვეყნებს, რომელმაც მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გთავაზობთ წერილს უცვლელად:
"მოგესალმებით ყველას. თავის დროზე მეც თქვენსავით ერთ-ერთი მოლაშქრე ვიყავი ამიტომაც ვიცი რაც ხდება ტურებზე და როგორი მხიარულებაცაა, თუნდაც ტრანსპორტით გადაადგილების მომენტში. მინდა რამოდენიმე თხოვნით მოგმართოთ, როგორც ერთ-ერთმა თქვენიანმა და როგორც ექიმმა.
1) მხიარულება კარგია და მის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ გთხოვთ მოერიდოთ მოძრავ ტრანსპორტში ფეხზე დგომას, ცეკვას და თამაშს. დასხედით თქვენს სკამებზე და მოთავსდით კომფორტულად.
2) შეიკარით უსაფრთხიების ღვედები!!! ვიცი რომ თითქმის არცერთ მიკროავტობუსს სალონის სავარძლებზე ღვედები არ აქვს, მაგრამ როდესაც მიბრძანდებით მთიან რეგიონში ტურზე, ყველა ორგანიზატორს ვთხოვ ამ პრონციპით შეარჩიოთ ტრანსპორტი.
3) ასევე ორგანიზატორების საყურადღებოდ. აუცილებლად მოითხოვეთ ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების საბუთი და მძღოლი იყოს გამოცდილი და რეგიონის გზების მცოდნე.
ვიცი ეს ყველაფერი გააძვირებს ტურის ღირებულებას მაგრამ სიცოცხლის ფასამდე მაინც ვერ მივა, სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია.
მე ვიყავი გუშინდელ ბისოს ავარიაზე და საკუთარი თვალით ვნახე შემთხვევის ადგილიც, მანევრის კვალიც, ხრამიც სადაც გადავარდა (რომელიც 80 მეტრზეც გაცილებით ღრმაა და 180მეტრზეც). ელემენტარულად, ღვედები რომ ჰკეთებოდათ კიდევ ექნებოდათ გადარჩენის შანსი. დღეს თქვენ სიტყვებს ვერ პოულობთ, გუშინ ჩვენ ცხედრებს ვერ ვპოულობდით. ამიტომაც გთხოვთ და მოგიწოდებთ მეტი უსაფრთხოებისკენ, თქვენი და თქვენი მეგობრების სიცოცხლისათვის.
მშვიდობიან ლაშქრობებს გისურვებთ," - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი.
0