21:59:18     23-08-2020
რომელ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე გადავარდა?
ხევსურეთში მომხდარი ავარიის ახალ დეტალებს "რუსთავი 2" ავრცელებს. - მიკროავტობუსით, რომელიც სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრები კომპანია "თრეველერ.ჯი-ს" გადაჰყავდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბარისახოში მზექალა არაბული ამბობს, რომ ავარიის მიზეზი გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა გახდა, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და გადაიჩეხა.
"მანქანას არის დაჯახებული და გადავარდა ხევში. მეორე მანქანა არ გადავარდნილა. მარშუტკა გადავარდა. 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, როგორც ამბობს სამაშველო," - განაცხადა არაბულმა.
შემთხვევის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მძიმედ დაშავდა სამი. მიკროავტობუსში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. მაშველები მგზავრთა იდენტიფიცირებას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ერთი კომპანიის წარმომადგენელია. ისინი ორდღიან ტურში აბუდელაურის ტბებზე მიდიოდნენ. მათი ტრანსპორტირება "თრეველ.ჯი"-მ უზრუნველყო.
0