21:32:07     23-08-2020
შატილის გზაზე, 80 მეტრის სიმაღლიდან ტურისტული მიკროავტობუსი გადავარდა - გარდაიცვალა 12 ადამიანი
დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე, კლდოვან ფერდობზე 80 მეტრის სიმაღლიდან, მიკროავტობუსი გადავარდა.
პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტეროტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ის ინფორმაციით, ცენტრში შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.
სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
0