11:12:32     12-08-2011
ფრაიტაგის სამკუთხედი
XIX საუკუნის გერმანელმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ, გუსტავ ფრაიტაგმა არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე, შეიმუშავა და 1863 წელს გამოაქვეყნა დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია როგორც დრამის პირამიდალური აგების პრინციპი. ამ პრინციპს სხვაგვარად დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც უწოდებენ. 1863 წელს გამოცემულმა ამ წიგნმა, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, მრავალ ათეულ გამოცემას გაუძლო და დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არამარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების მკვლევართათვისაც.
პირველი აქტი წარმოადგენს მოქმედების ექსპოზიციას. დრამატული ნაწარმოების ავტორს ექსპოზიციით მაყურებელი, ან დრამის მკითხველი მოქმედებაში შეჰყავს. აქ ვეცნობით „მიმდინარე საქმის“ ვითარებას; მოქმედების წინაისტორიის ძირითად მომენტებს, მოსახდენი ამბავის მთავარ მოქმედ პირებს, მოქმედების კონფლიქტსა და ინტრიგას, მოქმედების ადგილსა და დროს. ყოველივეს ერთობლიობა კი ქმნის ატმოსფეროს, რომელიც განგვაწყობს თვალი მივადევნოთ მოქმედების განვითარებას და მასთან ერთად მოქმედ პირთა ქცევას.
მეორე აქტის მოქმედების განსავითარებლად, საჭიროა ამაღელვებელი მომენტი, უნდა შეიკრას მოსახდენი ამბის კვანძი; შეიკვრება და გაუჩინარდება მოქმედების სხვადასხვა ხაზი, ანუ ფრაიტაგის მიხედვით, „გაინასკვება მოქმედების ძაფები“;
მოქმედ პირთა ინტერესები ერთმანეთს ეჯახება, წარმოიქმნება (ანუ ფრაიტაგის მიხედვით „იქსოვება“) სხვადასხვა ინტრიგები, მოსახდენი ამბის განვითარება დაჩქარდება და გარკვეულ მიმართულებას იღებს, მოქმედების მიმდინარეობას ემატება რაღაც ინტრიგა, მოქმედების დასასრული იწყება, ანუ „ფინალური ინტრიგა“ („Finalspannung“) ჩნდება.
მესამე აქტში კონფლიქტის განვითარება თავის პიკს აღწევს. გმირი მნიშვნელოვანი არჩევანის, განსაცდელის წინაშე დგას. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ან საქციელმა უნდა განსაზღვროს კონფლიქტის და ამასთან მთელი დრამის დასასრული; დრამატული შემობრუნება, ან პერიპეტია არის გმირის სვლა გამარჯვებისაკენ, ან მარცხისაკენ, დაცემისაკენ, ანდა ამაღლებისაკენ.
მეოთხე აქტში მოქმედება განიცდის ერთგვარ ვარდნას = > ("fallende Handlung", ანუ დაღმავალი მოქმედება). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების განვითარება დაღმა მიემართება, ინტრიგა იმატებს, რადგან მოქმედების ამ ეტაპზე ავტორი იყენებს ხერხს, რომელსაც რეტარდირებადი მომენტი ჰქვია. რეტარდაცია კი გაჭიანურებას, დაყოვნებას ნიშნავს. გმირის გადარჩენა როგორც ჩანს ჯერ ვერ ხერხდება. (ტრაგედია)
გმირის გამარჯვება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა (დრამა).
V აქტი: კატასტროფა
მეხუთე აქტი წარმოადგენს კონფლიქტის დასასრულს, რომელიც შეიძლება კატასტროფის საშუალებით, გმირის დაცემით (ტრაგედია), ანდა, პირიქით, გმირისვე გამარჯვებით, ან სახეცვალებით (დრამა) იქნეს რეალიზებული. გმირის დაცემა ან აღზევება, ან გმირის სახეცვალება (გუსტავ ფრაიტაგის მიხედვით: Verklärung – 1. „შეცვლა“, „გარდაქმნა“; 2. „სახეცვალება“, „ფერიცვალება“)
0