ამერიკელების თვალით დანახული აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალი ამერიკელების თვალით დანახული აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალი />


  08:07:19     12-08-2011

ამერიკელების თვალით დანახული აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალი

a8871.jpg

ყარაბაღში გართულებული მდგომარეობის ფონზე, დამოუკიდებელმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჯოშუა კუჩერამ, რომელიც კავკასიის, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხებითაა დაინტერესებული, კავკასიის რეგიონთან მიმართებაში, სამხედრო ექსპერტების მოსაზრებები გააანალიზა და საკუთარ ბლოგზე, „The Bug Pit“, გარკვეული დასკვნები გამოიტანა.

კერძოდ, ჟურნალისტი წერს: ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები, ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებულია მსოფლიოში. თუმცა, ახალი საინფორმაციო საუკუნე, ჩვენ შესაძლებლობებს გვაძლევს საიმისოდ, რომ ნელ-ნელა დავარღვიოთ ეს საიდუმლოებები. ცნობილი პროგრამის, Google Earth-ის თანამგზავრული სურათების შესწავლის მეშვეობით, სადაც ჰაერსაწინააღმდეგო სისსტემის ობიექტებიცაა წარმოდგენილი, კომპანია  IMINT & Analysis-ის ექსპერტები განსაზღვრული დასკვნების გამოტანას ცდილობენ. უკანასკნელი გამოშვების მიხედვით, მათ ანალიზი აზერბაიჯანულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გაუკეთეს. ამერიკელი ჟურნალისტი წერს, რომ ეს შედეგები არცთუ სასიხარულო აღმოჩნდება სომხეთისათვის. აზერბაიჯანის თავდაცვის სხვადასხვა ობიექტების შესწავლისას, სპეციალისტები შემდეგ მოსაზრებამდე მივიდნენ:

აზერბაიჯანის კარგად ორგანიზებული ჰაერსაწინააღმდეგო დამცავი სისტემა, რომელიც მთიანი ყარაბაღის საზღვრების გასწვრივაა განლაგებული, სომხეთს ყველანაირ შესაძლებლობას უსპობს, მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რაიმე სახის საბრძოლო ფრენები განახორციელოს. აზერბაიჯანის სამხედრო-საჰაერო ძალებს შეუძლიათ შეავსონ საჰაერო თავდაცვის ხარვეზები იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი მაინც გადადგამს თავგანწირულ ნაბიჯს და ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე გარკვეული მოქმედებების გადაწყვეტილებას მიიღებს. დღევანდელი მდგომარეობით, სომხეთის მცირერიცხოვანი სამხედრო-საჰაერო ძალები არ წარმოადგენს რეალურ საფრთხეს აზერბაიჯანისათვის, მის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების გეგმის შემთხვევაში, გარდა რაკეტების Р-17-სა.   

ამ ტიპის რაკეტები სომხებმა, შესაძლოა, გამოიყენონ ბაქოს ნავთობობიექტებზე თავდასასხმელად - ნათქვამია დოკუმენტში. აზერბაიჯანისათვის, მთავარ საშიშროებას სწორედ სომხეთის შეიარაღებაში მყოფი Р-17 წარმოადგენს (ახლო მოქმედების, ბალისტიკური რაკეტა). ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ მთელი რიგი მსხვილი სახელმწიფოები, ამ ნავთობით მდიდარი რაიონით ძალიან დაინტერესებულები არიან. აზერბაიჯანმა, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, მთელი სანაპიროს გასწვრივ, საზღვაო რადარები დააყენა, აიგო სამეთაურო და საკონტროლო ცენტრი, მიმდინარეობს ერთობლივი სამხედრო სწავლებები. ამიტომ სომხეთის მფლობელობაში მყოფ შეზღუდული რაოდენობის ბალისტიკურ რაკეტებს, აზერბაიჯანისათვის მაინც ფსიქოლოგიური ზიანის მოტანა თუ შეუძლია, რაკეტების თავდასხმის სიზუსტე კი, არ წარმოადგენს ნავთობის საბადოების მთლიანი განადგურების გარანტიას. ასეთმა თავდასხმამ საბადოებზე, შესაძლოა, მხოლოდ გაანადგუროს ინფრასტრუქტურა და სერიოზული ზიანი მიაყენოს ეკოლოგიას, ასევე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ფულადი ზარალის სახით. არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, თუმცა, ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა, ამ რაკეტებისაგან დასაცავად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300 ПМУ-1 (SA-20A GARGOYLE) შეიძინა.

ბაქოში გამართულმა უკანასკნელმა აღლუმმა, სამხედრო ექსპერტებს სამსჯელოდ ახალი მასალები მისცა. სპეციალისტებმა, სწორედ ამ საშუალებით გამოიტანეს დასკვნა, რომ აზერბაიჯანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის წყალობით, ქვეყანა საიმედო დაცვის ქვეშაა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი სადავო საკითხების გადაწყვეტას სამხედრო მოქმედებებით შეეცდება და ყარაბაღის ძალისმიერი გზით დაბრუნების მიზნით, მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრება.

სხვა ანალიტიკურ დოკუმენტში, ექსპერტები სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის პრობლემებზე საუბრობენ. მათი აზრით, მთლიანობაში, სომხეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მოცემული პოტენციური საფრთხეების გათვალისწინებით, საიმედოდ გამოიყურება. სირიასთან შედარებით, სომხეთი უკეთესადაა აღჭურვილი მიწა-ჰაერის ტიპის, ასევე, ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებით და თანამედროვე გამანადგურებლებით. ირანთან შედარებით კი, არ აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, თვითმფრინავების და რადიოლოკაციური სადგურების მართვის კუთხით. სომხეთს, ასევე, შესაძლებლობა აქვს, მტერს ზიანი მიაყენოს რუსული სისტემის  С-300В1 - ის და სომხური სისტემის С-300П - ის მეშვეობითაც. ამერიკელი ექსპერტები თვლიან, რომ სომხეთს სასწრაფოდ სჭირდება შეიარაღების მოდერნიზაცია, რომელიც მის სამხედრო პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა. ამ ეტაპზე, სომხეთისთვის მეტად რთული იქნება, თურქეთის საჰაერო იერიშის მოგერიება. სპეციალისტების დასკვნაში, ასევე, აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ სომხეთი უფრო უკეთაა დაცული, ვიდრე დასავლეთი, თუმცა ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, მეზობელი მტრული სახელმწიფოების სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით, ის, მთლიანობაში, სახარბიელო მდგომარეობაში არ აღმოჩნდება.         

0

ავტორი: