18:43:34     30-06-2020
თვითმხილველები: მამაკაცმა, რომელმაც ყოფილი შეყვარებულის დაწვა სცადა, წინასწარ აღმართა ბარიერები, რომ მისთვის ხელი არ შეეშალათ
მამაკაცის მიერ ყოფილი შეყვარებულის, 23 წლის ახალგაზრდა ქალის, მკვლელობის მცდელობის თვითმხილველები დაკითხეს. მეზობლებმა დაინახეს, როგორ სცადა ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში ქალის დაწვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, რომელსაც "რუსთავი 2" ავრცელებს, დაკავებულმა პირმა წინასწარ დაგეგმა ეს დანაშაული, რა მიზნითაც წინასწარ აღმართა ხელოვნური ბარიერები იმისთვის, რომ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ხელი არ შეეშალათ მკვლელობაში, რა მიზნითაც წინასწარ შეძენილი საწვავით სცადა ყოფილი შეყვარებულის დაწვა.
"გავიგე აფეთქების ხმა, რასაც მოჰყვა ღრიალი. განწირული ხმით ღრიალებდა თვითონ დაზარალებული. ცეცხლი ისე იყო მოკიდებული, რომ შესასვლელში, ჭიშკარს ვერც მივუახლოვდებოდით და ვერც ეზოში შეხვიდოდი, ზემოდანაც ვერ ჩავედით. ეს გოგო სიმწრისგან სახლში შევარდა და ჩემი და ამბობს, რომ შლანგი იყო შეერთებული და იმ შლანგით იქრობდა ცეცხლს ტანზე. მთელი ფეხები და ხელები სულ დამწვარი აქვს,"- უყვება "კურიერს" სოფო ხუნდაძე, შემთხვევის თვითმხილველი.
23 წლის დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ბრალდებული კი გუშინ გვიან ღამით დააკავეს, ის ბრალს აღიარებს.
შემთხვევა 29 ივნისს დიდუბეში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა. ნივთმტკიცებად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბენზინის ბოთლი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0