შექსპირის რამდენიმე სონეტი შექსპირის რამდენიმე სონეტი />


  11:29:07     09-08-2011

შექსპირის რამდენიმე სონეტი

a8770.jpg

მე-11 სონეტში დიდი შექსპირი წერს: „შენ ხარ რჩეული, საჩუქარიც გებოძა მეტი / და უხვი ნიჭი შენს სიუხვით ამრავლე აგრე. / შენ ხარ ბეჭედი და ბუნება კვლავ შეეცდება / საუკუნეებს მიგცეს უკვდავ ანაბეჭდებად.“. ეს სიტყვები შეიძლება მის მიმართ გამოვიყენოთ.

დიდი და სევდიანი სიყვარულის ისტორიის, „რომეო და ჯულიეტას“ ავტორი უდიდესი ლირიკოსია, სიბრძნითა და გრძნობით სავსე სონეტების ავტორი. საქართველოში შექსპირის სონეტები არა ერთს უთარგმნია. სხვა თარგმანებს სხვა დროს შევეხებით, დღეს კი გივი გაჩეჩილაძის მიერ თარგმნილი რამდენიმე სონეტი გავიხსენოთ, შესანიშნავად თარგმნილი. შექსპირის დაბადების ოთხასი წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნიდან: „უილიამ შექსპირი - სონეტები“, რომელიც 1964 წელს გამოიცა თბილისში.

შექსპირის ბრწყინვალე სონეტები მსოფლიო ლიტერატურის განძია. მასში შეიძლება ამოიკითხო პოეტის დამოკიდებულება სამყაროსადმი, საკუთარი თავისადმი. მკვლევარები მის სონეტებში დიდი დრამატურგის ბიოგრაფიისა და ცხოვრების მომენტებსაც ხედავენ.

ასეა თუ ისე, დღეს „პრესა.გე“-ს მკითხველს დიდი სიამოვნება ელის წინ - შექსპირის რამდენიმე სონეტი. გარდა ამისა, დღეიდან „პრესა.გე“-ს ინტერნეტ-ბიბლიოთეკაში გვექნება მისი სინეტებიც. დიდი შექსპირის სხვა სონეტებს ჩვენს შემდგომშიც დავბეჭდავთ.

1

უმშვენიერეს ქმნილებათგან ნაყოფს მოველით,

რათა არ გაჰქრეს სილამაზის ვარდის ხსენება;

სიმწიფის შემდგომ თუმც ჟამთასვლით ჭკნება ყოველი,

მის მემკვიდრეში მეორდება მისი მშვენება.

შენ კი ტყვედქმნილი მიჯნური ხარ საკუთარ თვალთა,

თავს მსხვერპლად სწირავ მოელვარე ცეცხლით მოცულებს;

სადაც სიმდიდრე ჰყვავის უხვად, იქ შიმშილს მართავ,

დაუნდობელო და სასტიკო, თავის მოძულევ!

სამკაული ხარ დღეს ქვეყნისა, ცოცხლად მავალი,

და ერთადერთი მაცნე ჭრელი გაზაფხულისა,

მაგრამ კვირტშივე ჩაგიმარხავს შენ მომავალი

და სიძუნწეში გაგიფლანგავს განძი გულისა.

აწ შეიბრალე ეს ქვეყანა, განძის საფარო,

ქვეყნის წილხვედრი მიწას მაინც არ მიაბარო.

2

როცა ორმოცი ზამთრის სუსხი შენს ლამაზ სახეს

ზედ გავლებული ნაკვალევით მკვეთრად დაღარავს,

და სიჭაბუკის შესამოსელს ძონძებად დახევს -

ვინღა შეხედავს შენს ძველამანებს და შენს ჭაღარას?

და თუ გკითხავენ: „სად გაჰქრაო შენი მშვენება,

რატომ ვერ ვხედავთ შენს ბედნიერ დღეთა საუნჯეს?“

შენ მოგიხდება ღრმად ჩაცვენილ თვალთა ჩვენება,

სირცხვილი შთანთქავს შენს დიდებას და დაამუნჯებს.

რა ღირსეული იქნებოდა პასუხი შენი,

თუკი გეთქმოდა: „აი, ჩემი ლამაზი ბავშვი,

მან გამიმართლა დაღვრემილი სიბერის დღენი,

ჩემი მშვენებაც განახლებას პოულობს მასში!“

მაშ განიახლე მემკვიდრეში სიცოცხლის ძალა,

გაცივებული შენი სისხლი გაათბე კვალად.

3

დახედე შენს თავს, დაკვირვებით ჩახედე სარკეს:

დროა, მსგავსება შეჰქმნა მისი, რასაც იქ ხედავ,

თორემ გაჰქრები, გულს ქვეყანას ამაოდ ატკენ

და ნეტარებას რომელიმე დაჰკარგავს დედა.

ვინ გეტყვის უარს? აბა, ვინ არ შემოგთავაზებს,

ხელიხლებ სხეულს შემოგწირავს ლხენით მრავალი;

თუ ისე გიყვარს საკუთარი ეგ სილამაზე,

რომ აღარც გინდა გაიჩინო შთამომავალი?

დედის სარკე ხარ და მის თვალებს ახლად აუნთეს

შენმა ნაკვთებმა სიყმაწვილის ნაზი აპრილი;

წლების სარკმელში დაინახავ შენც სიჭაბუკეს

ოდესმე სახედაღარული, წელში გახრილი.

მაგრამ თუ ასე მარტოხელა იცხოვრებ კენტად,

ორივე - შენც და შენი სახეც - გაქრებით ერთად.

4

დაუზოგველო, სილამაზის მფლანგველი ნუ ხარ,

სამემკვიდრეოდ გადასაცემს ნუ შემოილევ;

უხვი ბუნება სწყალობს იმას, ვისაც სთვლის უხვად,

თუმც მარტოოდენ სესხად აძლევს მას ყოველივეს.

ლამაზო ძუნწო, შენს წყალობას ელიან სხვები,

შენ კი არ ზოგავ, რაც გეძლევა გადასაცემად,

მაგრამ მევახშე სარგებელის გარეშე რჩები

და ვერ მდიდრდები, თუმცა განძის გსურს გატაცება.

საკუთარ თავზე ფიქრობ მარტო, ერთობი ამით

და ამ შექცევით შენსავე თავს ატყუებ ასე,

მაგრამ დადგება აღსასრულის მრისხანე ჟამი

და გამფლანგველი იმ სასტიკ ჟამს რა პასუხს გასცემ?

შენი ცოცხალი სილამაზის ტურფა სახება

უჭირისუფლოდ, უსარგებლოდ დაიმარხება.

5

ჟამი საოცარ სილამაზეს ამეფებს ირგვლივ,

სანახაობას მოელვარეს შეუქმნის თვალებს,

მაგრამ იმავე სილამაზეს ჩამოხსნის გვირგვინს

და წარმტაც სურათს გაიტაცებს თვითონვე მალე;

დაუღალავად სდევნის დიდი გაბოროტებით

ზაფხულის დღეებს, რომ ზამთარში მოუღოს ბოლო;

გაჰყინა წვენი, ხეს დაჰკრიფა მწვანე ფოთლები,

შიშველი მიწა თეთრი ზეწრით დახურა მხოლოდ.

ზაფხულის ნაშთი, ჩაკეტილი შუშაში მაგრად, -

სურნელოვანი ყვავილების წვენი თხიერი -

გვაგონებს მხოლოდ, რომ ზაფხული, რომელიც გაჰქრა,

ფლობდა ქვეყანას და მშვენება იყო ძლიერი,

რომ გამოხდილი ყვავილები დასჭკნენ სრულიად,

მაგრამ ზაფხულის სული მათში შენახულია.

0

ავტორი: