16:30:36     17-06-2020
ქუთაისში, 4 წლის გოგონას მიმართ ორჯერ ჩადენილი გარყვნილი ქმედების საქმეზე მამაკაცს 17 წელი მიუსაჯეს
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ორ ეპიზოდზე და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულ კაცს 17 წელი მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებულებების მიხედით, 2019 წლის სექტემბერში, ქუთაისში, ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, მეზობლის 4 წლის გოგოს მიმართ ორჯერ განახორციელა გარყვნილი ქმედება. ასევე ა.ლ. ატარებდა ხელჯოხ-დაშნას, რაც ცივ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2019 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის განცხადებით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არასრულწლოვანი დაზარალებული დისტანციურად, ფსიქოლოგის მონაწილეობით დაკითხეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი; ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან), 238¹ -ე მუხლის მეორე ნაწილით (ცივი იარაღის ტარება).
0