10:04:19     09-08-2011
ორი კორეული ბოინგის ისტორია
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ახალი დაპირისპირება დაიწყო. ისტორიაში ის „ცივი ომის“ სახელით შევიდა. ორი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ქვეყანა – აშშ და საბჭოთა კავშირი ფარულ დაპირისპირებაში ჩაებნენ. ამ დაპირისპირებისას, რომელიც თითქმის 45 წელს გაგრძელდა, ორივე მხარე მაქსიმალურად ცდილობდა დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვებას პოტენციური მოწინააღმდეგის მრეწველობის სხვადასხვა დარგის განვითარებისა და ახალი შეიარაღების შესახებ.
რა თქმა უნდა, ამ შემთხევაში, მსგავსი ცნობების მოსაპოვებლად საჰაერო დაზვერვა პრიორიტეტული მიმართულება იყო. როგორც წესი, ამ მისიებს სამხედრო თვითმფრინავები ასრულებდნენ. მაგრამ სამოქალაქოების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებიც იშვიათობა არ იყო.
1978 წლისთვის, „ცივმა ომმა“ თავის პიკს მიაღწია. იმ წელს საბჭოთა კავშირი შეიარაღებაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემას ღებულობდა. გამოცდების დასკვნითი ეტაპის ფარგლებში, კოლსკის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოეთ ფლოტის ყველა ძალისა და საშუალებების გამოყენებით, მასშტაბური სწავლებები უნდა ჩატარებულიყო. 20 აპრილს სწავლება სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. სამხედრო აეროდრომზე სტრატეგიული ბომბდამშენების პირველი ნაკადი დაბრუნდა, როდესაც რადარების ეკრანზე სახელმწიფო საზღვრიდან 300 კმ-ის მოშორებით უცნობი თვითმფრინავი გამოჩნდა. 10 კმ-ის სიმაღლეზე მფრენ თვითმფრინავს გეზი სევერომორსკისკენ ჰქონდა აღებული.
იმ დროს სევერომორსკი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ დახურულ ქალაქად ითვლებოდა. შესაბამისად, ყოველგვარი ფრენები მის თავზე, სპეციალური ნებართვის გარეშე, აკრძალული იყო. ქალაქი ჩრდილოეთ ფლოტის მთავარი ბაზა იყო. აქ მდებარეობდა სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავების დივიზიონი, სტრატეგიული ბომბდამშენებისა და საზენიტო-სარაკეტო პოლკები. თვითმფრინავის ჩამოგდებას არავინ ჩქარობდა. პირველ რიგში, საჭირო იყო მისი იდენტიფიცირება. სანამ თვითმფრინავის შესაძლო ვინაობას არკვევდნენ, ის შემოიჭრა საბჭოთა საჰაერო სივრცეში და გეზის შეუცვლელად განაგრძო ფრენა სევერომორსკის მიმართულებით. მის გადასაჭერად ჰაერში ორი Су-15 ტიპის გამანადგურებელ-გზადამჭრელი აფრინდა.
მფრინავების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც მათ ამერიკული მზვერავის ნაცვლად კორეული ავიაკომპანია Korean Air Lines -ის კუთვნილი Bოინგ-707 დაინახეს. თვითმფრინავი, რომელიც რეისს KAL-902 ასრულებდა, პარიზიდან სეულში მიფრინავდა.
საერთაშორისო კანონების თანახმად ლაინერი, რომელზეც მწყობრიდან სანავიაგციო აღჭურვილობა გამოდის, ვალდებულია რადიოკავშირის ავარიული სიხშირით სიგნალი SOS გადასცეს, მაგრამ ასეთი სიგნალი ამ თვითმფრინავიდან არ წამოსულა. საქმეს არც გამანადგურებლების მიერ ლაინერთან ვიზუალურ კონტაქტში შესვლამ უშველა. ამასობაში, ლაინერი მოტრიალდა და გეზი ფინეთისკენ აიღო.
ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. დახურული ქალაქის თავზე გადაფრენილი თვითმფრინავის უკან გაშვება ყოვლად დაუშვებელი იყო - შესაძლებელია, რომ მის ბორტზე სადაზვერვო აღჭურვილობა ყოფილიყო დამონტაჟებული. როდესაც კორეულ თვითმფრინავს ფინეთის საზღვრამდის 60-80 კმ ქონდა დარჩენილი, გამანადგურებლების მფინავებმა მისი ჩამოგდების ბრძანება მიიღეს. Су-15-დან გაშვებული რაკეტა ლაინერს ფრთის მარცხენა კონსოლში მოხვდა. თვითმფრინავმა მკვეთრი დაშვება დაიწყო. დაახლოებით 45 წმ-ში ის 10 კმ-დან 1000 მ-მდე დაეშვა. ამ დროისთვის „ბოინგი“ თავის საწყის გეზსს დაახლოებით 800 კმ-ით ასცდა და უკვე ერთი საათის განმავლობაში საბჭოთა საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა. დაზიანებების მიუხედავად ეკიპაჟმა შესძლო თვითმფრინავის ავარიული დაჯენა. ლაინერი მურმანსკიდან დაახლოებით300 კმ-ით მოშორებულ, ტბა კორპიარვის გაყინულ ზედაპირზე დაჯდა.
ინცინდენტის შედეგად, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 110 მგზავრიდან 13 დაიჭრა, ორი კი – დაიღუპა. პირველი რაკეტის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებისაგან მიღებული ჭრილობებით, მეორე კი – მოგვიანებით ინფარქტისაგან.
როგორც შემდეგ გაირკვა „ბოინგს“ პირველი კლასის ყოფილი სამხედრო მფრინავი კიმ ჩანგ იუ მართავდა. სწორედ დიდი გამოცდილების წყალობით შესძლო მან ლაინერის დასმა. მალევე საქმეში „კა-გე-ბე“ ჩაერია. დაიწყო ეკიპაჟის დაკითხვები. მეორე დღესვე, აშშ-ს მთავრობამ საბჭოთა კავშირი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში დაადანაშაულა. რუსებმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერეს ეკიპაჟის მონაყოლი კურსიდან აცდენის თაობაზე და კორეული ეკიპაჟის უკან ამერიკის მზაკვრულ გეგმები დაინახეს. თვითმფრინვის დეტალური შემოწმების მიუხედავად, მის ბორტზე არანაირი სადაზვერვო აღჭურვილობა არ აღმოჩნდა.
რანაირად პაროდოქსალური არ უნდა იყოს, ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ, 1983 წლის 1 სექტემბერს, თითქმის ანალოგიური სცენარის მიხედვით, ამავე ავიაკომპანიის კუთვნილმა თვითმფრინავმა კვლავ დაარღვია საბჭოთა საჰაერო სივრცე. მაგრამ წინა შემთხვევისაგან განსხვავებით ეს ინცინდენტი გაცილებით ტრაგიკულად დასრულდა.
1983 წლის 30 აგვისტო. რეისი KAL-007. ამ ნომრით კვირაში ხუთჯერ, ნიუ-იორკიდან ფრინდება ავიაკომპანია Korean Air Lines-ის თვითმფრინავი და ანკორიშის (ალასკა) გავლით სეულში მიფრინავს. იმ საღამოს ამ რეისის შესრულება წილად ხვდა Boing-747-200B -ს. ნიუ-იორკის დროით 23 სთ-ზე თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა და გეზი ანკორიჯისკენ აიღო. მის ბორტზე იმყოფებოდა 273 ადამიანი. თვითმფრინავი ანკორიჯში, სადაც უკვე 31 აგვისტო იყო, წარმატებით დაეშვა. სეულისკენ გზის გაგრძელების მომენტისთვის, ბორტზე 269 ადამიანი დარჩა. რობერტ სირსი ცოლთან და ორ შვილთან ერთად ნიუ-იორკში შვებულებაში იყო და ამიტომაც მას ბილეთები მხოლოდ ანკორიჯამდე ქონდა შეკვეთილი. თვითმფრინავიდან გადმოსვლის მომენტისათვის ეს ოთხეული ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისინი უკანასკნელნი არიან, ვინც ამ რეისიდან ცოცხალი დარჩება.
კორეული „ბოინგის“ 46 წლის კაპიტან ჩონ ბიუნ ინს, 10000 სთ-ზე მეტი აქვს ნაფერნი და ძალიან გამოცდილი პილოტია. ალასკის დროით, 4 სთ-სა და 4 წთ-ზე თვითმფრინავზე კონტროლს საჰაერო ტრასებზე მოძრაობის კონტროლის ცენტრი იღებს. მაგრამ ვერავინ ამჩნევს, რომ რადარის ეკრანზე სადაც უნდა იმყოფებოდეს რეისი 007, სიცარიელეა. ამ მომენტისათვის, თვითმფრინავი გეზს აცილებულია უკვე 11 კილომეტრით.
ალასკის ყველაზე დასავლურ კუნძულ შემიაზე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა მდებარეობს. იმ ღამეს ბაზიდან აფრენილმა მზვერავმა RC-135 გეზი კამჩატკისკენ აიღო. დროდადრო რუსები და ამერიკელები არღვევდნენ ერთმანეთის საჰაერო სივრცეს. მაგრამ იმ ღამეს RC-135 საბჭოთა რაკეტის სავარაუდო საცდელ გაშვებას ელოდებოდა და საბჭოთა საზღვრის გასწვრივ დაფრინავდა. სწორედ ამ დროს, რაიონში შემოდის რეისი 007.
კამჩატკაზე, რადარის ეკრანის წინ მჯდომი ჯარისკაცი ყურადღებით აკვირდება მარტო მყოფ წერტილს – მზვერავი RC-135 -ს, როდესაც ეკრანზე უეცრად ახალი წერილი გაჩნდა. ჯარისკაცი მას არეგისტრირებს როგორც „სამიზნე 6065“. სამეთვალყურეო პუნქტზე ყველას გონია, რომ ეს არის მფრინავი ტანკერი, რომელმაც RC-135 („სამიზნე 6064“) საწვავით უნდა გამართოს. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, ორივე წერტილი შორდება ერთმანეთს. მეტიც – „სამიზნე 6065“ აგრძელებს ფრენას საბჭოთა საჰაერო სივრცის მიმართულებით. ამ მომენტისათვის, რეისი 007 თავის ნამდვილ გეზს 425 კილომეტრით იყო აცდენილი. რამოდენიმე წუთში, საბჭოთა ნაწილებში საბრძოლო განგაში გამოცხადდა. სამიზნისთვის გზის გადასაჭრელად ჰაერში ორი Су-15 და ერთი МиГ-23 ფრინდება. სამოქალაქო საჰაერო ტრასა 500კმ-ით სამხრეთით იმყოფება და არავის აზრადაც არ მოდის ის, რომ ეს შეიძლება სამგზავრო ლაინერი იყოს.
ადგილობრივი დროით 6 სთ-სა და 16 წთ-ზე კორეული ლაინერი კუნძულ სახალინის თავზე საბჭოთა საჰაერო სივრცეში იჭრება. მარშრუტი R20, რომელზედაც სინამდვილეში უნდა აფრინა მას ჩრდილოეთით 610 კმ-ით იმყოფება. ლაინერის მიერ ამავე გეზით ფრენის შემთხვევაში, დაახლოებით 10 წთ-ის შემდეგ ის მიაღწევდა სახალინის დასავლეთ სანაპიროს და ისევ აღმოჩნდებოდა ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში. როდესაც საშველ საერთაშორისო სივრცემდე „ბოინგს“ მხოლოდ 90 წმ ქონდა საფრენი, მას რუსული გამანადგურებლიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა.
ლაინერი ძლიერმა დარტყმამ შეარყია. შეშინებულმა ეკიპაჟმა სისტემების შემოწმება დაიწყო. ძლიერმა აფეთქებამ ფიუზელაჟის ბორტში 1.5 კვადრატული მეტრის ფართობის ნახვრეტი გააკეთა. სასოწარკვეთილი ეკიპაჟი მომხდარში გარკვევას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. თვითმფრინავი შტურვალს აღარ ემორჩილება. რაკეტის მოხვედრიდან 30 წმ-ის შემდეგ, კორეული ეკიპაჟი დისპეჩერებთან ცდილობს დაკავშირებას. მაგრამ ტოკიოში შეტყობინება ისეთი ძლიერი ხარვეზებით არის მიღებული, რომ მისი გარჩევა შეუძლებელია. განწირული თვითმფრინავი შტოპორში ვარდება. მწყობრიდან გამოდის ყველა საბორტო სისტემა, ქრება შუქი, ჩუმდებიან რადიომიმღებები. კაპიტანი ჩონი მთლიანად კარგავს კონტროლს ლაინერზე.
თვითმფრინავის წყალთან შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ არავის ჰქონდა გადარჩენის შანსი. რეისი 007 დასრულდა 1983 წლის 1 სექტემბრის გამთენიისას, პატარა კუნძულიდან მონერონიდან 31 კილომეტრში ჩრდილოეთით, ნეიტრალურ წყლებში.
ვაშინგტონში მომხდარის შესახებ რამოდენიმე საათში გაიგეს. საღამოსთვის კი, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის სამინისტროში უკვე დანამდვილებით იცოდნენ, რომ შორეულ აღმოსავლეთში მოხდა რაღაც უბედურება და მასში საბჭოთა კავშირია გარეული. ცოტა ხანში კი ყველაფერი გაირკვა – საბჭოთა კავშირმა ჩამოაგდო სამხრეთკორეული სამგზავრო ლაინერი, რომლის ბორტზეც იმყოფებოდა აშშ-ს 72 მოქალაქე. პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა უმალვე პრესკონფერენცია გამართა. მან დაღუპულების ნათესავებს თნაგრძნობა გამოუხატა საბჭოთა კავშირს კი „ბოროტების იმპერია“ უწოდა.
იაპონელმა მეთევზეებმა თვითმფრიანვის ჩამოგდების ადგილას, წყლიდან სამი გვამი ამოიყვანეს, მაგრამ ბორტზე არსებული დანარჩენი მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების გვამების პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა. პასუხი კითხვაზე სად არის დანარჩენი 267 ადამიანის გვამი, დღემდე არ არის. ერთი პერიოდი, არსებობდა ვერსია, რომ თვითმფრინავი ცარიელი მიფრინავდა. მის ბორტზე არ იმყოფებოდა არანაირი 269 მგზავრი. ნაპოვნი სამი გვამი კი ეკიპაჟის მეთაურს, მეორე მფრინავს და ბორტინჟინერს ეკუთვნოდა.
1893 წლის 26 სექტემბერს, საბჭოთა წარმომაგენლებმა იაპონურ და ამერიკულ ოფიციალურ პირებს გადასცეს თვითმფრინავის კორპუსის 60 მცირე ზომის ფრაგმენტი და 18 ნივთი. შემდეგი ათი წლის განმავლობაში, მსოფლიო საზოგადოება საბჭოთა კავშირისაგან არ მიიღებს არცერთ ახალ მონაცემს ინციდენტის შესახებ.
კატასტროფიდან კი ერთი თვის შემდეგ, ლაინერის ჩამოვარდნის ადგილას აღმოჩნდება მყვინთავების მოსამზადებელი ხომალდი. 174 მეტრის სიმაღლეზე მყვინთავები წააწყდებიან რეის 007-ის ნამსხვრევების დიდ რაოდენობას და ორივე „შავ ყუთსაც“ იპოვნიან. აშშ-ში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ათი წლის შემდეგ, 1993 წლის იანვარში, რუსეთმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას გადასცა რეის 007-ის შავი ყუთების ორიგინალი ფირები.
დღეს ეს კატასტროფა კვლავ ბურუსით არის მოცული და ძალიან ბევრი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება.
0