11:59:41     16-06-2020
თბილისში 54 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც 12 წლის გოგონას, ინტერნეტის მეშვეობით, გარყვნილი ხასიათის შეტყობინებებს, ვიდეოებს და ფოტოებს უგზავნიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 54 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად 16 წლამდე მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება ედება.
უწყებაში ამბობენ, რომ ი.ბ. 12 წლის გოგოს ინტერნეტით უკავშირდებოდა და გარყვნილი ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა, მათ შორის, ფოტო და ვიდეო მასალებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ., მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების - "ფეისბუქის" და "კონტაქტის" საშუალებით სისტემატიურად უკავშირდებოდა უცხოეთში მცხოვრებ 12 წლის გოგონას და გარყვნილი ხასიათის შემცველ შეტყობინებებს, ვიდეო და ფოტო მასალას უგზავნიდა. დადგენილია ასევე, რომ გოგონასთან სექსუალური ცხოვრების შესახებ მიმოწერას ბრალდებული 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა, რითაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას წინასწარი შეცნობით სჩადიოდა", - ამბობენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ი.ბ. თბილისში დააკავეს.
"პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ტელეფონები და კომპიუტერები, სადაც ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები არის დაფიქსირებული", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0