10:37:34     24-09-2010
"ხელისუფლებას ევაკუაციის გეგმა არა აქვს შემუშავებული“
მთავრობამ სამოქალაქო თავდაცვის კუთხით დღემდე არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულა. რეკომენდაციები მოიცავს შეტყობინებას, ევაკუაციას, თავშესაფრის გამოყოფას და მათ მოწყობას, სამაშველო სამუშაოებს, პირველად სამედიცინო მომსახურებას, საშიში რაიონების აღმოჩენას, მათ აღნიშვნას, სასწრაფო საფრების გამოყოფას და მათ მოწყობას, აუცილებელი კომუნალური სამსახურების სასწრაფო აღდგენას, მიცვალებულთა სასწრაფო დაკრძალვას. ხელისუფლებას სამოქალაქო თავდაცვის შესახებ კანონის მიღებაზე მუშაობაც კი არ დაუწყია.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, სამოქალაქო თავდაცვის კუთხით არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ არის.
როგორც ლორთქიფანიძემ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, აგვისტოს ომის შემდეგ სამოქალაქო თავდაცვის სფეროში არსებული საგანგაშო მდგომარეობა გამოიკვეთა. შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები, თუმცა დღემდე არცერთი რეკომენდაცია შესრულებული არ არის.
რეკომენდაციები შეეხებოდა ჟენევის კონვენციით გათვალისწინებულ 15–პუნქტიან ვალდებულებებს, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა მოახდინა. მათ შორის არის: შეტყობინება, ევაკუაცია, თავშესაფრის გამოყოფა და მათი მოწყობა, სამაშველო სამუშაოები, პირველადი სამედიცინო მომსახურება, საშიში რაიონების აღმოჩენა, მათი აღნიშვნა, სასწრაფო საფრების გამოყოფა და მათი მოწყობა, აუცილებელი კომუნალური სამსახურების სასწრაფო აღდგენა, მიცვალებულთა სასწრაფო დაკრძალვა.
ლორთქიფანიძის თქმით, გარდა აღნიშნულისა, მათი რეკომენდაცია იყო სამოქალაქო თავდაცვის შესახებ კანონის მიღება, რაზეც ხელისუფლებას მუშაობა დღემდე არ დაუწყია. ლორთქიფანიძის განცხადებით, ხელისუფლება ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ევაკუაციის გეგმა არა აქვს შემუშავებული.
ცნობილია, რომ ტერმინი „სამოქალაქო თავდაცვა“ დასავლეთის ქვეყნებში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა, თუმცა მხოლოდ იდეის დონეზე. სამოქალაქო თავდაცვითი სისტემის პრაქტიკულად გამოყენება ევროპაში მე-2 მსოფლიო ომიდან დაიწყო, როდესაც მასიურად იბომბებოდა ქალაქები და დაღუპულთა რაოდენობამ მშვიდობიანი მოსახლეობაში ათეულ მილიონს გადააჭარბა.
ცივი ომის დროს შეერთებულ შტატებში სამოქალაქო თავდაცვა სამ ძირითად ფუნდამენტურ პრინციპს მოიცავდა: ბირთვული საფრთხის შემთხვევაში, პანიკის და შიშის შემცირება მოსახლეობაში. საზოგადოების დაცვა ამ აგრესიისაგან და საფრთხის გამოვლენა საბჭოთა კავშირის მხრიდან.
ცივი ომის დროს და დღესაც განვითარებულ ქვეყნებში საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით მოსახლებას სპეციალურ ინსტრუქტაჟს უტარებენ და საინფორმაციო ბიულეტინებს ურიგებენ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი დაბომბვის, ხანძრის ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელი მოვლენის დროს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია თვითმმართველობის ორგანოების თაოსნობით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლეთა და სტუდენტთათვის ლექციებისა და გაკვეთილების წაკითხვა. სამხედრო უწყება ამ საქმეში მხოლოდ რეკომენდატორის როლს შეასრულებს. ყველა დაწესებულებაში მომსახურე პერსონალმა უნდა იცოდეს საევაკუაციო გეგმა.
90-იან წლებამდე საქართველოში სამოქალაქო თავდაცვა საბჭოთა კავშირის სამხედრო მანქანის ნაწილი იყო. ამიერკავკასიის ოლქი, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით პირველ კატეგორიაში შედიოდა, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან შესაძლო ომის შემთხვევაში მზად იყო 600 000 ათასი ჯარისკაცი გამოეყვანა. ბრძოლის ველი კი სწორედ საქართველო უნდა გამხდარიყო, რომელსაც ნატოს წევრ თურქეთთან საერთო საზღვარი აქვს. ცივი ომის დროს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თურქეთში იყო განლაგებული.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 1994-97 წლებში გურამ ნიკოლაიშვილი იხსენებს: „თურქეთში იყო ამერიკული ბაზა, რომელსაც შეეძლო ერთდრულად 20 ბომბდამშენი თვითმფრინავი გამოეყენებინა საბჭოთა კავშირის (საქართველოს) წინააღმდეგ და დაებომბა. ბირთვული დაბომბვის შემთხვევაში 24 საათში საქართველოს ტერიტორია გამოუსადეგარი გახდებოდა - ანუ სიცოცხლისთვის შეუსაბამოდ გადაიქცეოდა. იმ პერიოდში საქართველო ე.წ. ბუფერული ზონა იყო“.
სამოქალაქო თავდაცვის იმ სპეციალისტების მტკიცებით, რომლებიც საბჭოთა არმიაში ან სამოქალაქო უსაფრთხოების სტრუქტურაში მსახურობდნენ, ნატოს ბირთვული რაკეტები თბილისზე, ფოთზე, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებზე იყო დამიზნებული. სამოქალაქო თავდაცვა კი კარგად იყო ორგანიზებული, ხოლო ობიექტები - მაქსიმალურად დაცული.
გურამ ნიკოლაიშვილი: „ტერიტორიული თავდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, იმ დონეზე, რომ ქიმიური და ბაქტერიული შეტევის შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი - სახლები და ქარხნებიც კი, დაცვის ფარის ქვეშ ხვდებოდა“.
„ყველა დიდ ქალაქში იყო განლაგებული სამოქალაქო თავდაცვის შტაბი, საიდანაც ხდებოდა მოსახლეობის შეტყობინება და სწავლება. წელიწადში ორ-სამჯერ კი პროცესის შემოწმება მიმდინარეობდა“, - ამბობს გენერალი ზაურ უჩაძე (შეიარაღების სამსახურის უფროსი 1994-1998წწ).
თავის დროზე (90-იანი წლების დასაწყისში), თბილისში სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები ნახევარ მილიონ კაცზე იყო გათვლილი. დღეს, ქალაქის მოსახლეობის გასამმაგების მიუხედავად ინფრასტრუქტურა არ განახლებულა. თავდაცვითი ბუნკერები მოსახლეობის შესაფარებლად რამდენიმე დღეზე იყო გათვლილი.
ზაურ უჩაძე: „თავშესაფარის ფუნქცია, უეცარი თავდასხმის დროს მოსახლეობის დროებით შეფარება იყო. ევაკუაცია უნდა მომხდარიყო 30 წუთიდან 1 საათის ფარგლებში. ამასთან ე.წ. ბუნკერებში მშრალი ულუფაც მზად იყო და აუცილებელი მედიკამენტების მარაგიც. დღეს, სამოქალაქო უსაფრთხოების სტანდარტი, საქართველოში მოშლილია.
სამოქალაქო თავდაცვის სისტემა 90–იანი წლებიდან საერთოდ მოიშალა. თავშესაფრები მწყობრიდან გამოვიდა, დაზიანდა სავენტილაციო სისტემები. მედიკამენტებისა და მშრალი საკვების მარაგს ვადა ჯერ კიდევ 70-იან წლებში გაუვიდა. თბილისში არსებული 400-მდე თავშესაფრიდან დიდი ნაწილი გაიყიდა ან განადგურდა, ინვენტარი კი ათეული წლებია არ განახლებულა.
აგვისტოს მოვლენების დროს რუსული აგრესიის შედეგად 228 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით. მშვიდობიანი მოქალაქეების უმეტესობა ძირითადად საჰაერო დაბომბვებს შეეწირა.
შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის ომის დროს საჰაერო სივრცე ყველაზე დაუცველი აღმოჩნდა. თავშესაფარი კი მათთვის პრაქტიკულად არ არსებობდა.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაძაბულობა განეიტრალებული არაა და საგარეო საფრთხე დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დედაქალაქიდან 35 კილომეტრში პირველი რუსული საოკუპაციო პოსტი დგას. ახალგორის რაიონის სოფლებში რუსული მძიმე საბრძოლო ტექნიკაა მობილიზებული. გრძელდება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა. ოკუპირებული რეგიონების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში თითქმის ყოველდღე იცხრილება, იბომბება საცხოვრებელი სახლები.
„რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო მოქმედებებმა ყველას აჩვენა, რომ თურმე საჭიროა მძლავრი სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, მოქალაქეების ინფორმირება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ექსტრემალურ სიტუაციაში და როგორ უნდა მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და თავშესაფრებში მედიკამენტებით, პროდუქტებით და პირველადი მოხმარების საგნებით მომარაგება.
ერთადერთი თავშეფარი, რომელიც თბილისის მოსახლეობის ერთმა მცირე ნაწილმა პანიკის დროს გამოიყენა - მეტროს სადგურებია.
დღეს არსებული თავშესაფრებს შორის თბილისის მეტროპოლიტენი სამოქალაქო თავდაცვისთვის და მოსახლეობის ევაკუციისთვის საუკეთესო საშუალებაა. მიწისქვეშა ტრანსპორის გვირაბებმა ჯერ კიდევ მე-2 მსოფლიო ომში დაბომბვის დროს ლონდონის, მოსკოვის და სხვა დიდი ქალაქების ათასობით მშვიდობიანი ადამიანების სიცოცხლე დაიცვა. საბჭოთა პერიოდში აშენებული თბილისის მეტროპოლიტენის ძველი სადგურები კი, სიღრმიდან გამომდინარე, უძლიერეს ავიადარტყმებს გაუძლებს“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მოდელს და რა ფორმის სამოქალაქო თავდაცვის სისტემას აირჩევს საქართველო. გადაწყვეტილებისათვის უმაღლესი პოლიტიკური ნება და სერიოზული მუშაობაა საჭირო. მით უმეტეს, რომ ტოტალური თავდაცვის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, თავშესაფარების მოწყობა წინააღმდეგობის გაწევისთვის აუცილებელი ატრიბუტია.
სამოქალაქო თავდაცვის სისტემა ნებისმიერ განვითარებულ, თუნდაც ნეიტრალურ სახელმწიფოში მოთხოვნებს სრულად პასუხობს. ნებისმიერი სახლი თავშესაფრის, ბუნკერის გარეშე არ შენდება. ექსპერტთა შეფასებით, საქართველო ამ სტანდარტისგან ძალიან შორსაა.
„არსენალის“ რედაქტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს გეოგრაფიაზე და აღნიშნავს, რომ ეს ჩვენი მინუსია.
„ყველაზე ვიწრო ადგილას საქართველო სიგანეში 150 კილომეტრს შეადგენს. თანამედროვე რეაქტიული თვითმფრინავისთვის, რომელიც საათში 700 კილომეტრს მიფრინავს, ეს წუთების ამბავია. მაგალითად, ჩრდილო კავკასიიდან თბილისამდე გადმოფრენა 10 წუთის ამბავია. ამ შემთხვევაში შეტყობინებების სისტემა უნდა არსებობდეს. ძალიან ძნელია კორპუსში მცხოვრებმა ადამიანმა ჩამოვიდეს და თავი სადმე შეაფაროს. დღეს თავშესაფრის სისტემა, ძველიც კი, სრულიად მოშლილია. რაც არსებობდა, დისკოთეკებად, საწყობებად გადაკეთდა ან მოიშალა.
გამოცდილებამ ასევე გვიჩვენა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტთან ახლოს მცხოვრები ადამიანები უფრო მეტი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მარნეული, კოპიტნარი, ფოთის პორტი დაიბომბა. თბილისის საავიაციო ქარხანა ორჯერ დაიბომბა. ამიტომაც შემდეგ, როდესაც ჩვენი სამხედრო კოლონები გამოდიოდნენ და ჩვენსკენ მოდიოდნენ, მოსახლეობა უფრთხოდა მათ, რომ ეს კოლონები მათ სახლთან ახლოს არ დაბინავებულიყვენ. ამ შემთხვევაში მოსახლეობაც ავტომატურად სამიზნეში ხვდებოდა“, – აცხადებს ალადაშვილი „ჰუმანრაითს.ჯისთან“ საუბრისას.
მისივე პროგნოზით, საუბარი უფრო სერიოზულ ომებზეც შეიძლება იყოს. არა საქართველოს, არამედ უფრო სერიოზულ დონეზე, რეგიონული მასშტაბით, სადაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოიყენებაც არ გამოირიცხება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო თავდაცვის საკითხი ისევ აქტუალურია.
0