ჯორჯო მორანდის ორიგინალური შემოქმედება ჯორჯო მორანდის ორიგინალური შემოქმედება />


  11:36:14     08-08-2011

ჯორჯო მორანდის ორიგინალური შემოქმედება

a8737.jpg

ჯორჯო მორანდი, იტალიელი ფერმწერი, ყველაზე უკეთ ცნობილია ნატურმორტებით. დაიბადა ბოლონიაში, 1907 წელს ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში წავიდა სასწავლებლად. მისი ჩამოყალიბების წლების ნამუშევრებში აშკარაა სეზანისა და ზოგადად, კუბიზმის გავლენა, მოკლე გადახვევით ფუტურისტულ სტილში 1914 წელს. ამავე წელს მორანდი ხატვის მასწავლებლად დანიშნეს ბოლონიის დაწყებით სკოლაში, სადაც ის 1929 წლამდე მუშაობდა. ამჟამად ბოლონიის ამ სკოლაში მორანდისადმი მიძღვნილია მუზეუმი, სადაც მის ნამუშევრებთან ერთად აღდგენილია მისივე სტუდიაც.

1915 წელს მორანდი სამხედრო სამსახურში ჩაეწერა, თუმცა ფსიქიური აშლილობის გამო უვადოდ დაითხოვეს. ომის პერიოდში მორანდის ნატიურმორტები სულ უფრო მინიმალისტური ხდება მათი კომპოზიციური ელემენტების მხრივ და უფრო დახვეწილი ფორმით, რითაც ის საკუთარ აღტაცებას გამოხატავს სეზანისა და დუანიერ რუსოს მიმართ.

მეტაფიზიკური მხატვრობის ფაზა მორანდის შემოქმედებაში 1918-22 წლებს მოიცავს. ეს გახლდათ მისი ბოლო მნიშვნელოვანი სტილისტური გადახრა; რის შემდეგაც, ის მეტწილად ყურადღებას ამახვილებს ტონალობის, ფერთა გრადაციებისა და ობიექტების განლაგებაზე, გაერთიანებულს ატმოსფერულ ბურუსში, რაც მისი შემოქმედების განმსაზღვრელი მიმართულება ხდება ცხოვრების ბოლომდე. მორანდის ნამუშევრების გამოფენა ნოვეჩენტო იტალიანოს ექსპოზიციებზე ჩატარდა 1926 და 1929 წლებში, თუმცა მისი თანამედროვენი მას 20-იანი წლების ბოლოს უფრო რეგიონალისტ სტრაპეზეს ჯგუფს უკავშირებდნენ. 1930-56 წლებში მორანდი ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში ოფორტს (გრავიურის ნაირსახეობა) ასწავლიდა. 1948 წელს ვენეციის ბიენალეზე, ფერწერაში პირველი პრემიით დააჯილდოვეს. ის პირველად მოგზაურობს პარიზში 1956 წელს, ხოლო 1957 წელს სან-პაოლოს ბიენალეზე ფერწერული ნამუშევრებისთვის გრან-პრი მიიღო.

თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში, მორანდი ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ხატავდა, რამდენიმე ავტოპორტრეტის გამონაკლისით. ტონალობის, ფერისა და კომპოზიციური ბალანსის მიმართ თითქმის პედანტური დამოკიდებულებით, ის ისევ და ისევ ასახავდა იგივე ბოთლებსა და ვაზებს ნახატებში, რომლებიც შესრულების უკიდურესი სიმარტივით გამოირჩევა. მორანდის ხელს 133 ოფორტი ეკუთვნის, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი მოცულობაა, ხოლო მისი აკვარელებითა და ფანქრით შესრულებული ნახატები აბსტრაქტულობის სრულიად ინდივიდუალისტურ კოლექციას ქმნის.

0

ავტორი: