10:55:30     08-08-2011
ერკჟოუ - (აფხაზური ზღაპარი)

აფხაზებო, მეტი არაა ჩემი მტერი აფხაზურ ზღაპრებს რუსეთის პრეზიდენტი რუსული ზღაპრების გვერდით ბეჭდავდეს და რუსულ სკოლებს ჩუქნიდეს - წაიკითხეთ, გაიცანით აფხაზური ფოლკლორიო (ჩვენთან კი ნამდვილად ასეა). სადღა იქნება ცოტა ხანში აფხაზური ფოლკლორი, მალე მხოლოდ რუსული ბალალაიკა და სომხური თარი იჟღერებს მაგ დალოცვილ მიწაზე, თქვენ თუ გონზე არ მოხვედით. თუკი დღეს აფხაზურ-აფსუური კულტურა შემონახულია, ეს ქართველების დამსახურებაცაა. თქვენი კულტურის გულშემატკივარი, თქვენს გარდა, ქართველი ხალხია და არა რუსეთის იმპერია.
თუკი ვინმეს გული შესტკიოდა თქვენი მოძმეების მუჰაჯირობაზე, მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, თუკი ვინმემ ხმა აიმაღლა ჩვენი ძმების, ჩერქეზების გენოციდზე, ისევ ქართველობამ...
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ აფხაზურ ზღაპარს. ამ ზრაპარს ქართული სკოლის მოწაფეები კითხულობენ, როგორც კლასგარეშე ლიტერატურას. ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთში დამპყრობლების, აფხაზ-აფსუების გამანადგურებელი იმპერიის ენა ზღუდავს ყველაფერს.
ხომ ცოდოა, ჭკვიანი და მოხერხებული ერკჟოუ, რომელსაც თავისი სახლ-კარიდან აყრას უპირებს ხელმწიფე? ხომ ცოდოა, უბრალო ადამიანი, რომელიც თავისი სახლ-კარიდან აყრილი სხვაგან ცხოვრობს და ენატრება თავისი სახლ-კარი და მშობლების საფლავები?
მაგრამ, მოვა დრო და მრავალ განსაცდელა გამოვლილი აფხაზი-ქართველობა დაუბრუნდება თავის მშობლიურ მიწას. იმედი მაქვს, თქვენს მიერაც, მტერს მტერი დაერქმევა, ხოლო აფხაზი-აფსუები და აფხაზი-ქართველები ისევ დამოუყვრდებიან.
ერკჟოუ
ერთ მდიდარ ხელმწიფეს ერთი ღარიბი მეზობელი ჰყავდა. ღარიბს სახელად ერკჟოუ ერქვა. ერკჟოუ თავის მამაპაპეულ მიწაზე ცხოვრობდა, მაგრამ ხელმწიფეს თვალში არ მოსდიოდა ღარიბი მეზობელი, უნდოდა როგორმა მოეშორებინა თავიდან და მისი მიწაც დაესაკუთრებინა.
ერთხელ ხელმწიფემ ერკჟოუ დაიბარა და უთხრა:
- რამდენი ხანია ჩემ მეზობლად ცხოვრობ, მაგრამ შენთვის ცუდი არაფერი მიკადრებია. ახლა კი აივსო მოთმინების ფიალა. ერთ დავალებას მოგცემ, თუ შეასრულე, ხომ კარგი, თუ არა და გუდა-ნაბადი აიკარიო.
- ნება შენია, - მიუგო ერკჟოუმ, - მობრძანე, რა გავაკეთო და ჩემი თავი შენი ჭირის სანაცვლო იყოსო.
ხელმწიფემ უთხრა:
- ერთ ჩემს კარისკაცს ქალაქში თხას გავატან, შენ წადი, გზაზე დაეწიე, თხა ისე მოპარე და მომიყვანე, რომ კარისკაცმა ვერაფერი გაიგოსო
ერკჟოუმ თავი დაუკრა და წამოვიდა. მიდის გზაზე დაღონებული, ხედავს გზის პირას კურდღელს ჩასძინებია. ერკჟოუ მიეპარა კურდღელს, დაიჭირა და წამოიყვანა.
გავიდა ცოტა ხანი და გზაზე ხელმწიფის კარისკაციც გამოჩნდა; კარისკაცს თოკმობმული თხა მიჰყავდა. ერკჟოუმ წინ გაასწრო, სირბილით გადაუჭრა გზა და ჩაუსაფრდა. ხელმწიფის კარისკაცი მიუახლოვდა თუ არა, ერკჟოუმ კურდღელს ფეხი მოსტეხა და გზაზე გაუშვა. კარისკაცმა ფეხმოტეხილი კურდღელი რომ დაინახა, იფიქრა დავიჭეროი და გაეკიდა, თხაც თოკით დაითრია, მაგრამ თხა გაჯიუტდა, არ გაჰყვა. მაშინ კაცმა გზის პირას მიაბა და ისევ კურდღელს გაედევნა.
ერკჟოუ მივარდა თხას, ახსნა, გაიგდო წინ და ხელმწიფეს მიუყვანა.
ხელმწიფე ამით რომ ვერაფერს გახდა, ახლა სხვა რამ მოიგონა. კიდევ დაიბარა ერკჟოუ და უთხრა:
- ერთ ჩემს კარისკაცს კამაჩებს შევაბმევინებ ურემში და ქალაქში გავგზავნი. თუ იმასაც ასევე შეუმჩნევლად მოპარავ კამეჩებსა და ურემს, ხომ კარგი, თუ არა და...
დაღონდა ერკჟოუ, როგორ უნდა მოვიპარო კამეჩები და ურემი, ესეც თხა ხომ არ არისო. ამ ფიქრში გართულმა მდინარის პირას ერთი კაცი დაინახა, ეს კაცი მეორე მხარეს აპირებდა გასვლას, მაგრამ წყალში შესვლას ვერ ბედავდა.
ერკჟოუ მივიდა და ეუბნება: თუ გინდა წყალში უვნებლად გაგიყვანო, შენი ჩექმები მომეციო. კაცს წითელი ტარსიკონის ახალთახალი ჩექმები ეცვა და არ ემეტებოდა, მაგრამ რას იზამდა, გაიძრო და მისცა. ერკჟოუმ გაიყვანა ეს კაცი, ჩექმები წამოიღო და იმ გზაზე გავიდა, სადაც ურემი უნდა გამოეტარებინა ხელმწიფის კარისკაცს.
ერკჟოუმ ცალი ჩექმა გზაზე დააგდო და წინ გასწია. კარგა მანძილი რომ გაიარა, მეორე ჩექმაც გადააგდო, თვითონ კი იქვე, შორიახლოს დაიმალა.
გამოიარა ხელმწიფის კარისკაცმა, დაინახა ჩექმა, მაგრამ არ აიღო, აბა, ცალი ჩექმა რაში უნდა გამოვიყენოო. ცოტაც რომ გაიარა და ახლა მეორე ჩექმა დაინახა, მიხვდა, ეს ჩექმა პირველის ცალიაო. მოდი, წავალ იმასაც ავიღებ და ახალი ჩექმები მექნებაო, გაიფიქრა, გააჩერა ურემი, გამოუშვა კამეჩები, ურემი კონდილაზე შეაყენა და ჩექმის მოსატანად წავიდა.
ერკჟოუ იმავ წამს გამოვიდა საფარიდან. ერთ კამეჩს კუდი მოაჭრა, მეორეს პირში ჩასჩარა, კუდმოჭრილი კამეჩი კი წინ გაიგდო და ხელმწიფის სასახლისკენ გასწია..
ხელმწიფის კარისკაცი რომ დაბრუნდა და პირში კუდგაჩრილი კამეჩი დაინახა, იფიქრა, ამას მეორე კამეჩი გადაუყლაპავს და გარეთ კუდიღა დარჩენიაო. მივარდა მაშინვე და მუცელი გაუფატრა, მაგრამ აბა იქ რას იპოვიდა.
წამოვიდა უკან დაღონებული და სწორედ იმ დროს მიადგა სასახლეს, როცა ერკჟოუმ ჭიშკარში კუდმოჭრილი კამეჩი შეაგდო: კარისკაცი მიხვდა ერკჟოუს ოინებს, მაგრამ რაღას უშველიდა.
რაკი ამითაც ვერაფერს გახდა, ხელმწიფემ ახლა სხვა ხრიკს მიმართა: ერთი მწყემსი ჰყავდა, სახელად ჯამარდი, მეტისმეტად პატიოსანი და გულკეთილი კაცი. ხელმწიფემ ერკჟოუ დაიბარა და უთხრა:
- წადი, ჯამარდი წაიყვანე, მარდების ცხენი მოაპარვინე და ამაღამ აქ მომგვარეო.
დავალება არ იყო ადვილი შესასრულებელი. მარდები ღამღამობით საიმედოდ დაკეტილ თავლაში აბამდნენ ცხენს. თანაც ჯამარდი ქურდობაზე არ დათანხმდებოდა.
ერკჟოუმ ახალ ხერხს მიმართა. ჯამარდს სულაც არ გააგებინა ხელმწიფოს დავალება. მარტოკა წავიდა მარდების ცხენის მოსაპარად. თავლას უკანა მხრიდან მოუარა, კედელი გახვრიტა, გრძელი ჯოხი შეყო და ცხენს წვალება დაუწყო. აჭიხვინდება ცხენი, გადმოიხედავენ მარდები, რა დაემართა ჩვენს ცხენსო, ერკჟოუ გამოიღებს ჯოხს და მიდგება უკან, გაბრუნდებიან მარდები და ერკჟოუ კვლავ წვალებას დაუწყებს ცხენს. ბოლოს, ძალიან რომ შეწუხდნენ პატრონები ცხენის მოუსვენრობით, ადგნენ, კარში გამოიყვანეს და ბოძზე მიაბეს, თვითონ კი დაიძინეს.
ერკჟოუსაც მეტი არ უნდოდა. საჩქაროდ ახსნა ცხენი, მოახტა და გაქუსლა. მივიდა ჯამარდისთან და უთხრა:
- ეს ცხენი ახლა ვიყიდე, აბა შეჯექი და გაატარ-გამოატარე, როგორია. მე კი შენს სამწყსოს ვუდარაჯებო. მისცა ცხენი ჯამარდს და თვითოს ნახირში წავიდა.
მარდებს გამოეღვიძათ, მიიხედ-მოიხედეს, ცხენი აღარსად იყო. გაჰყვნენ კვალს და ჯამარდს კი მიადგნენ. ჯამარდმა ბევრი იუარა, თქვენი ცხენი მე არ მომიპარავსო, მაგრამ აბა რას დაუჯერებდნენ. დაიჭირეს ჯამარდი და ხელმწიფესთან მიიყვანეს. ხელმწიფე მაშინვე მიხვდა, ვისი ოინიც იყო ეს ყველაფერი. ცხენი პატრონებს დაუბრუნა, ჯამარდი კი გაათავისუფლა.
მივიდა ერკჟოუ ხელმწიფესთან და უთხრა:
- ახლა რაღას მეტყვიო!
სამართალი ერკჟოუს მხარეზე იყო, მაგრამ ხელმწიფე რაღა ხელმწიფე იქნებოდა, თუ ასე ადვილად დათმობდა თავისას. ადგა და ახლა ასეთი დავალება მისცა:
- დღეს ერთ ხელმწიფეს ქორწილი აქვს. პატარძალს ბევრი მაყარი მოჰყვება. წადი, გზაში დახვდი, მაყრებს პატარძალი მოსტაცე და აქ მომგვარეო.
ხელმწიფეს ეგონა, ერკჟოუ ამას ვერ შესძლებსო და გუნებაში ეცინებოდა.
მართლაცდა, ძნელი დავალება მისცა. ერკჟოუს შიშით გული უსკდებოდა, მიდიოდა დამბლადაცემულივით და ფიქრობდა, რა ვქნა, რა მოვიგონო, ამდენ მაყრებს პატარძალი როგორ მოვტაცოო.
უცბად ბაღში ერთი გადახრილი ვაშლის ხე დაინახა. მივიდა, მხარი შეუდგა და მაყრები რომ მიუახლოვდნენ, ყვირილი ატეხა, - მიშველეთ, მიშველეთო! მაყრები ბაღში შეცვივდნენ. ერკჟოუმ უთხრა:
- ეს ვაშლის ხე იქცევა, მომეშველეთ! ცოტა ხან, სანამ მე წავალ და ბოძს მოვიტან, თქვენ შეუდექითო.
სიძე და მაყრები - ყველანი ჩამოქვეითდნენ და ხეს შეუდგნენ, პატარძალთან მარტო ქალებიღა დარჩნენ. ერკჟოუსაც მეტი არ უნდოდა, გამოვიდა ბაღიდან, შეუხტა პატარძალს ცხენზე და თავის ცხენიანად მიუყვანა ხელმწიფეს.
მაყრებმა ყველაფერი დაინახეს, რა თქმა უნდა, მიხვდნენ, რომ ერკჟოუმ მოატყუა და უკან გაეკიდნენ. ხელმწიფემ პატარძალი მაყრებს დაუბრუნა, ხოლო ერკჟოუზე კი თქვა, მე თვითონ დავსჯიო.
ხელმწიფეს სხვა გზა არ ჰქონდა: ან უნდა დაენებებინა თავი ერკჟოუსთვის, ან ისეთი რამე დაევალებინა, რომ ვერ შეესრულებინა. ბოლოს დაიბარა და უთხრა:
- ერთი დავალება კიდევ უნდა მოგცეო.
- შენი ნება არისო, - მიუგო ერკჟოუმ.
ჩემი მოსაზღვრე ხელმწიფე დოღს მართავს და პირველ ჯილდოს იმას აძლევს, ვინც ყველაზე ბოლოს მივა, მაგრამ მხედრები ადგილიდან არ იძვრიან, რადგან ყველა ცდილობს, უკან ჩამორჩეს, რომ პირველი ჯილდო თვითონ მიიღოს. ამ ხელმწიფემ კაცი გამომიგზავნა და მეკითხება, როგორ მოვიქცეო. შენ თუ წახვალ და იმას მოახერხებ, რომ მხედრები შეჯიბრში გავიდნენ, რაღა მეთქმის, დარჩი შენს მამულში და იცხოვრე, როგორც მოგესურვება, თუ არა და, მეტი გზა არა გაქვს, უნდა აიბარგოო.
წავიდა ერკჟოუ და ხედავს, მხედრები მართლაც გაუნძრევლად დგანან.
- ჩამოდით ცხენებიდანო! - შესძახა ერკჟოუმ.
მხედრები ჩამოქვეითდნენ.
- ერთმანეთის ცხენებზე შესხედითო.
მხედრებიც ასე მოიქცნენ.
- ახლა კი გააჭენეთო.
მხედრებმა მთელი ძალით გააჭენეს ცხენები, ყველა ცდილობდა წინ წასულიყო და თავისი ცხენი უკან ჩამოეტოვებინა, რომ ჯილდო იმას დარჩენოდა.
ასე იხსნა ერკჟოუმ მეზობელი ხელმწიფე გასაჭირისგან. მან კი მდიდრულად დაასაჩუქრა ერკჟოუ და შინ გამოისტუმრა.
მივიდა ერკჟოუ და თავის ხელმწიფეს ყველაფერი უამბო. ხელსმწიფეს მოეწონა მისი საზრიანობა, იფიქრა, ეს ნამდვილად გამოსადეგი კაციაო, და თავის ქალი მიათხოვა, სახელმწიფოს ნახევარიც დაულოცა. ისეთი ქორწილი გადაუხადა, თქვენი მოწონებული. ამ ქორწილში მეც გახლდით და ისე დავთვერი, ჯერაც ვერ გამოვფიხლებულვარ.
0