თამთა ლიპარტელიანი ქუთაისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს თამთა ლიპარტელიანი ქუთაისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს />


  16:54:48     06-08-2011

თამთა ლიპარტელიანი ქუთაისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს

a8720.jpg

ნორვეგიაში ტრაგიკულად დაღუპული 21 წლის თამთა ლიპარტელიანი ქუთაისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას ნორვეგიელი დიპლომატებიც დაესწრნენ.  ლიპარტელიანის დაკრძალვაზე ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

ნორვეგიაში დაღუპული გოგონას დაკრძალვამდე, ის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული. მეუფე კალისტრატეს თქმით, თამთა სწორედ ამ ტაძრის მრევლი იყო. მეუფემ ტერორისტული აქტის ჩამდენი, 32 სლის ანდერს  ბრეიკი ბოროტ ძალად მოიხსენია, რომელმაც ახალგაზრდა თამთა ლიპარტელიანს სიცოცხლე მოუსპო.

„თამთა ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, ეს ენით აუწერელი ტრაგედიაა“ –ამბობს მეუფე კალისტრატე. დაკრძალვას ესწრებოდა თამთა ლიპარტელიანის მეგობარი ნათია ჩხეტიანიც, რომელიც ნორვეგიაში დატრიალებულ უბედურებას შემთხვევით გადაურჩა.

როგორც ნათია ჩხეტიანმა დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვალდებულია, რომ მომავალში თამთა ლიპარტელიანის სულის უკვდავსაყოფად რაიმე ღირებული შექმნას.

„თამთასნაირი ადამიანები იშვიათად ან საერთოდ არ იბადებიან. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი თამთასთან ერთად ვცხოვრობდი და ჩემი მეგობარი იყო. მე ახლა უფრო მეტად მინდა სიცოცხლე, რათა ყველაფერი გავაკეთო თამთასთვის, რომ მისი სახელი ისტორიას დარჩეს. მინდა თამთას მშობლებისთვის გავაკეთო ყველაფერი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნათია ჩხეტიანმა.

თამთა ლიპარტელიანის ცხედარი საქართველოში 4 აგვისტოს ჩამოასვენეს. ის 22 ივლისს, ოსლოდან 30 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ უტოიაზე საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა, რომელზეც ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა. თამთასთან ერთად,  კიდევ 83 ადამიანი დაიღუპა. ლიპარტელიანი ანდერს ბრეიკის ორმა ტყვიამ იმსხვერპლა.

0

ავტორი: