13:53:10     12-05-2020
ბრიტანეთში, მობილური კავშირის ანძებზე, 5G-ის მოწინააღმდეგეების თავდასხმები გრძელდება
დასავლური მედიის ცნობით, ბრიტანეთში მობილური კავშირის ანძებს ყოველდღიურად ესხმიან თავს. 30 მარტის შემდეგ, ქვეყანაში უკვე 77 თავდასხმა განხორციელდა.
როგორც ცნობილია, კონსპირაციული თეორიის მიმდევრები დარწმუნებულები არის, რომ 5G კავშირის კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. ამ თეორიის მიმდევრებმა, ათეულობით თავდასხმა განახორციელეს როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე იქ დასაქმებულებზე.
კონსპირაციული თეორიები 5G-ისა და კორონავირუსის კავშირის შესახებ ინტერნეტ-სივრცეში სწრაფად გავრცელდა და ბევრი მიმდევარიც შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები ამ თეორიების წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებს, ისინი გავრცელებას მაინც განაგრძობს.
ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკვლეულია, რომ რადიოსიხშირული ველების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს და ჯანმრთელობის დაზიანების საკითხი მობილურ ტექნოლოგიებთან არანაირ კავშირში არ არის.
რაც შეეხება კონკრეტულად 5G ტექნოლოგიას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ რადიო სპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევები, სწორედ იმ სიხშირეებზე, რომლებიც 5G ტექნოლოგიისთვის გამოიყენება, ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენებს არ ახდენს. შესაბამისად, არ არის მოსალოდნელი უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენებამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე რაიმე სახის უარყოფითი შედეგი იქონიოს, მიიჩნევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ორგანიზაცია ამ საკითხზე დამატებით კვლევების გამოქვეყნებას მომავალშიც გეგმავს.
0