საბჭოთა კოსმოდრომის ქართველი ხელმძღვანელი საბჭოთა კოსმოდრომის ქართველი ხელმძღვანელი />


  22:14:36     04-08-2011

საბჭოთა კოსმოდრომის ქართველი ხელმძღვანელი

a8682.jpg

1961 წლის 12 აპრილს ბაიკონურის კოსმოდრომზე განსაკუთრებული დაძაბულობა სუფევდა. ტექნიკური პერსონალი, რაკეტაზე უკანასკნელ შემოწმებებს ატარებდა. ერთსაათიანი მზადყოფნის  დასრულების შემდეგ, ადგილობრივი დროით 9სთ-სა და 7წთ-ზე რაკეტა ცაში აიჭრა - მის ბორტზე მსოფლიოს პირველი კოსმონავტი იური გაგარინი იმყოფებოდა. გაგარინის 108წთ-იანმა გაფრენამ, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნიკურ მიღწევად ითვლება, კოსმოსის ათვისებაში ახალ ეტაპს დაუდო საფუძველი.

მეორე მსოფლო ომის შემდეგ, ბალისტკური რაკეტების შექმნაში გერმანელების მიერ მიღწეული წარმატებების გამოყენება აშშ-მ და საბჭოთა კავშირმა სატავისოთ ინტენსიურად დაიწყეს. რაკეტების გამოსაცდელათ, 1947 წლის 20 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ასტრახანის ოლქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სარაკეტო პოლიგონის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც Капустин-Яр უწოდეს. ნახევარი წლიანი მშენებლობის შემდეგ, 18 ნოემბერს, პოლიგონიდან პირველი ნაალაფარი გერმანული V-2-ის გაუშვეს. 1957 წლამდე ის ერთადერთი საბჭოთა სარაკეტო პოლიგონი იყო. 1962 წელს პოლიგონის კოსმოდრომად გადაკეთდა და 16 მარტს თანამგზავრ Космос-1-ის გაშვება შედგა.

Капустин-Яр-ის ფართის მიუხედავათ, სერგეი კოროლოვის შექმნილ ახალ რაკეტა Р-7-ს, ახალი პოლიგონი სჭირდებოდა. კვლავ დადგა დიდი ფართობის მქონე მცირედ დასახლებული რაიონის მოძიების საკითხი, რომელთანაც ახლოს სარკინიგზო ხაზი იქნებოდა. ასეთი ადგილი ყაზახეთში, არალის ზღვის აღმოსავლეთით აღმოჩნდა. აქ არსებული უდაბურ ადგილის უპირატესობა მხოლოდ ის იყო, რომ აქ შუა აზიის ყველაზე დიდი მდინარე - სირდარია მიედინებოდა და მოსკოვი-ტაშკენტის სარკინიგზო ხაზი გადიოდა.

№5-ე სარაკეტო პოლიგონის მშენებლობა 1955 წლის 12 იანვარს დაიწყო, რომელსაც მალევე ადგილობრივი სარკინიგზო სადგურის სახელი Тюра-Там შეარქვეს. რთული კლიმატური პირობებისა (ზაფხულში +40 ცელსიუს გრადუსი, ზამთარში -30 ცელსიუს გრადუსი) და ჩასატარებელი სამუშაოების უდიდესი მოცულობის მიუხედავათ (მხოლოდ სასტარტო პიზიციისგან, რაკეტის სტარტისას წარმოქმნილი ცეცხლის ალის ასარიდებლად საჭირო არხის გათხრისას, ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწა ამოიღეს) მშენებლობა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა და უკვე 1957 წლის 5 მაისს სპეციალურმა კომისიამ პოლიგონის პირველი სასტარტო პოზიცია ჩაიბარა. მალე სარაკეტო პოლიგონი კოსმოდრომად გადაიქცა - 1957 წლის 4 ოქტომბერს Тюра-Там-დან დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვეს.

ამერიკელების დასაბნევად და კოსმოდრომის ზუსტი ადგილმდებარეობის დასამალად, საბჭოთა სპეცსამსახურებმა პოლიგონს სახელი შეუცვალეს და Тюра-Там-ის ნაცვლად Байконур უწოდეს. საქმე იმაშია, რომ ყაზახეთში Тюра-Там-დან 350კმ-ის მოშორებით მართლაც არსებობს ქალაქი ბაიკონური. მაგრამ ელემენტარული ბალისტიკური გამოთველებითაც ადვილი მისახვედრია რომ კოსმოდრომი და ნამდვილი ბაიკონური სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილებია.

1961 წლის 12 აპრილს ბაიკონურის კიდევ ერთხელ შევიდა მსოფლიო ისტორიაში - იმ დღეს კოსმოდრომიდან სტრატი დედამიწის კირველმა კოსმონავტმა აიღო. სწორედ ბაიკონურიდან იყო გაშვებული მთავრისა და ვენერის პირველი ხელოვნური თანამგზავრები. უკვე შემდგომ კი ყველა ტიპის საბჭოთა კოსმოსური ხომალდები და ორბიტული სადგურები.

ექსპლუატაციაში ბაიკონურის შეყვანასთან ერთად, 1957 წლის 15 ივლისს, არხანგელსკიდან 180კმ-ით სამხრეთით, იმ დროისთვის საიდუმლო ობიექტ Ангара-ს - მომავალი კოსმოდრომი Плесецк - მშენებლობა დაიწყო. გეგმით აქ Р-7 და Р-7А-ს ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით შეიარაღებული სარაკეტო პოლკი უნდა განლაგებულიყო. ადგილის შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა, პოტენციური მოწინააღმდეგის ტერიტორიის რაკეტის მოქმედების რადიუსში მოქცევას ექცეოდა.

სწორედ პლესეცკის მშენებლობაში უდიდესი წვლილი ჩვენ თანამემამულეს, გალაქტიონ ალფაიძეს აქვს შეტანილი. ალფაიძე 1916 წლის 7 ნოემბერს იმერეთის სოფელ კურსებში დაიბადა. 1931 წელს, შვიდწლედის დასრულების შემდეგ ადგილობრივ გრანიტის ქარხანაში იწყებს მუშაობას. ორი წლის შემდეგ კი ქუთაისის ინდუსტრიალური ტექნიკუმის ელექტროტექნიკურ ფაკულტეტზე აბარებს და წარმატებით დამთავრების შემდეგ რიონის ჰიდროელექტროსადგურზე იწყებს მუშაობას. 1938 წელს ალფაიძეს საბუთები თბილისის საარტილერიო სასწავლებელში შეაქვს.

მაგრამ 1940 წელს ფინეთთან დაწყებული ომის გამო, სასწავლებელი კურსანტების ვადამდელ გამოშვებას ახდენს და ლეიტენანტის წოდებაში მყოფ ალფაიძეს 584-ე სარეზერვო საარტილერიო პოლკში, საცეცხლე რგოლის მეთაურად ნიშნავენ. თავისი პირველი ჯილდო - წითელი ვარსკვლავის ორდენი მან 1941 წელს მოსკოვის დაცვისას მიიღო. 1943 წელს ალფაიძე დნეპრის საფორსიფიკაციო ოპერაციაში მონაწილეობს და ერთ-ერთ შეტაკებაში დაიჭრა. მალევე მას 927-ე საარტილერიო პოლკის მეთაურად ნიშნავენ. ავსტრიის საზღვართან, ღამის ბრძოლაში 10 გერმანული ტანკის განადგურებისთვის 1945 წლის 28 აპრილს გალაქტიონ ალფაიძე საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით დააჯილდოვეს. 1955 წელს გენ-შტაბის სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, მას საარტილერიო დივიზიის მეთაურად ნიშნავენ. მაგრამ სარაკეტო ჯარების შექმნის გამო დივიზიას მალევე დაშალეს და ალფაიძეს პოლიგონ Капустин-Яр-ის უფროსის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე დაინიშნა. 1962 წლის ბოლოს კი მომავალი კოსმოდრომ პლესეცკის უფროსად.

მშენებლობის სწრაფი ტემპების წყალობით, 1964 წელს ექსპლუატაციაში შეყვანილი იყო რაკეტა Р-7-ის ოთხი, Р-9-ის სამი და Р-16У-ს შვიდი სასტარტო პოზიცია. მაგრამ ამასობაში საბჭოთა კავშირს კოსმოსის ათვისების მასშტაბების გაზრდის საჭიროება გაუჩნდა და ჯერ კიდევ 1963 წლის იანვარში პოლიგონ პლესეცკის სასტარტო პოზიციების, თანამგზავრების გასაშვებად გამოყენება გადაწყდა. ასე გადაიქცა სარაკეტო პოლიგონი კოსმოდრომად. 1966 წლის 17 მარტს პლესეცკიდან Космос-112-ის ტიპის პირველი თანამგზავრი გაუშვეს. ორი წლის შემდეგ კი კოსმოდრომი საერთაშორისო პროგრამებში ჩაერთი და 1972 წლის 4 აპრილს კოსმოდრომიდან მცირე ფრანგული თანამგზავრი МАС-1 გაუშვეს.

ალფაიძე კოსმოდრომს 1975 წლამდე ხელმძღვანელობდა. თადარიგში გასვლის შემდეგ ის მოსკოვის სითბოტექნიკის ინსტიტუტის დირექტორ ალექსანდრე ნადირაძეს მოადგილედ დანიშნეს, სადაც 1992 წლამდე მუშაობდა. საბჭოთა კავშირის გმირი გენერალ-ლეიტენანტი ალფაიძე დაჯილდოვებულია წითელი ვარსკვლავის ოთხი, წითელი ალმის ორი და თითო ლენინის, ალექსანდრე ნევსკის, სამამულო ომის პირველი ხარისხის, რუმინული და უნგრული ორდენებით.

1990-იან წლებამდე პლესეცკი, რომელიც ევროპაში მდებარე პირველი და დღეისთვის ერთადერთი კოსმოდრომია, კოსმოსში რაკეტების გაშვებით მსოფლიოში ლიდერობას ინარჩუნებდა - 1957 წლიდან 1992 წლამდე 1369 გაშვება. 2001 წელს პლესეცკის კოსმოდრომი, რომლის ფართი 1762კმ2-ს შეადგენს, პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის კოსმოსურ ჯარებს გადაეცა.

0

ავტორი: