10:23:14     05-05-2020
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი: ამერიკელი პოლიტიკოსები ცდილობენ ბრალდების გადატანას ჩინეთზე მაშინ, როცა მათ ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლა ქაოსშია
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, მისი განცხადებების გამო კორონავირუსის წარმოშობის შესახებ. მაუწყებელმა ამ განცხადებებს უწოდა "სიგიჟე და შეცდომაში შემყვანი", რამაც კიდევ უფრო მეტად დაძაბა სიტყვიერი ომი ვაშინგტონსა და პეკინს შორის.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის 4 მაისის განცხადებით, მოსაზრება, რომ ვირუსმა ვუჰანის ლაბორატორიიდან გამოჟონა - თეორია, რომელიც პომპეომ 3 მაისს გაიმეორა - "სრული და ნამდვილი სიცრუეა".
მაუწყებლის თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსები ცდილობენ ბრალდების გადატანას და "ჩინეთზე ზეწოლას მაშინ, როცა მათ ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის ძალისხმევა ქაოსშია".
ამ განცხადებებამდე ერთი დღით ადრე პომპეომ თქვა, "მტკიცებულება საკმარისი რაოდენობით მოიპოვება" იმ ვარაუდის გასამყარებლად, რომ ახალი კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჩნდაო. პომპეოს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პომპეომ გაიმეორა თეორია, რომელიც მანამდეც გამოთქმული ჰქონდა - თუმცა ამ თეორიას უარყოფებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და სხვადასხვა ექსპერტი მეცნიერები.
WHO-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი ამბობს, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმომავლობისაა და ის არ არის ადამიანის მიერ შექმნილი, ან ლაბორატორიიდან გაჟონილი.
0