08:32:54     04-05-2020
დონალდ ტრამპი: ჩინეთმა საზარელი შეცდომა დაუშვა და ამის აღიარება არ სურდათ... საჭირო დროს მივიღებთ პასუხს, თუ რა მოხდა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩინეთმა შეცდომა დაუშვა და მის დამალვას ცდილობდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩინეთმა საზარელი შეცდომა დაუშვა და ამის აღიარება არ სურდათ. გვსურდა ჩინეთში გამგზავრება გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა ისინი არ გვიშვებდნენ, ჯანმოსაც კი არ უშვებდნენ. მათ ეს აღიარეს, თუმცა გაცილებით გვიან. ჩემი აზრით, მათ შეცდომა დაუშვეს და მის მიჩქმალვას შეეცადნენ... ყველაზე ცუდი, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ჩაიდინა, ის არის, რომ მათ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლა არ აუკრძალეს. საჭირო დროს პასუხს მივიღებთ, თუ რა მოხდა. ვფიქრობ, ეს ძალიან დეტალური ანგარიში იქნება“, - დასძინა მან.
Fox News-ის ჟურნალისტმა, ჯონ რობერტსმა პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, აქვს თუ არა მას ნანახი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია თქვას, რომ კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გავრცელდა.
"დიახ, ნანახი მაქვს. რაც შეეხება კონკრეტიკას, ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ამის თქმის უფლება არ მაქვს. უახლოეს მომავალში პასუხს მივიღებთ და ეს განსაზღვრავს ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0