თურქული ტენდერი და ნატოს „ულტიმატუმი“ თურქული ტენდერი და ნატოს „ულტიმატუმი“ />


  11:44:24     04-08-2011

თურქული ტენდერი და ნატოს „ულტიმატუმი“

a8654.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, საკუთარ წევრს, თურქეთს, გაფრთხილებას უკვე თავად ნატო უგზავნის. როგორც ირკვევა, საქართველოს მეზობელი ქვეყანა ვერ შეძლებს ისარგებლოს გაერთიანების დაზვერვის მონაცემებით, ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ, თუ საკუთარი სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის, რუსულ ან ჩინურ საზენიტო-სარაკეტო და რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსებს შეიძენს. ცნობას მსოფლიოს მსხვილი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით. ამას გარდა, თურქმა სამხედროებმა, ტენდერიდან რუსული და ჩინური წარმოების კომპლექსების მოხსნაზე უარი თქვეს.    

ითვლება, რომ რუსული და ჩინური სისტემები, ტექნიკურად შეუსაბამოა ჩრდილოატლანტიკური ქსელის ერთიანი სადაზვერვო ქსელისათვის. თუმცა, როგორც დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, სინამდვილეში, ნატოს მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაჟონვის ეშინია, რომელიც შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ისეთ კომპლექსებს ჩართავს საკუთარ ქსელში, რომელიც ალიანსის სტანდარტებით არ არის წარმოებული. სწორედ ამ მიზეზით, თუ თურქეთი რუსულ ან ჩინურ კომპლექსებს აირჩევს, მათ ერთიან საინფორმაციო ქსელში არ ჩართავენ და, შესაბამისად, თურქი სამხედროები რაკეტების გაშვების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციებს ვერ მიიღებენ.

როგორც საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატო ღიად და პირდაპირ ერევა სამხედრო ტენდერების საკითხში. თურქული კონკურსი 2009 წლის დასასრულიდან ტარდება. შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე, არანაკლებ მილიარდი დოლარის დახარჯვაა გეგმაში. ტენდერში, ამ დროისათვის, მონაწილეობას იღებენ ამერიკული კომპანიები  Raytheon და Lockheed Martin, კომპლექსით PAC-3 Patriot, „როსობორონექსპორტი“  С-300 - ით, ჩინური CPMIEC  HQ-9 - ით, რომელიც С-300В - ის შეცვლილი ასლია და ევროპული კონსორციუმის,  Eurosam - ის SAMP/T Aster 30. სავარაუდოდ, თურქეთის ხელისუფლება, ტენდერში გამარჯვებულს 2011 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისში გამოაცხადებს.

როგორც ცნობილია, თურქეთი ნატოს წევრი 1952 წლიდანაა. ამ დროისათვის, ქვეყნის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში შედის შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო დანადგარი MIM-14 Nike-Hercules, ასევე, MIM-23 Hawk XXI, ბრიტანულ-თურქული საშუალო რადიუსის Rapier, ეროვნული წარმოების ახლო რადიუსის Atilgan PMADS და ამერიკულ-თურქული FIM-92 Stinger. 2000-იანების დასაწყისიდან, თურქული კომპანია  Havelsan და ამერიკული კონცერნი Boeing რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნით არიან დაკავებული, რომელიც პერსპექტივაში, შესაძლოა, მიღებულ იქნას, როგორც თურქეთის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს წევრი ზოგიერთი სხვა ქვეყნის შეიარაღებაში.

0

ავტორი: