15:09:29     29-04-2020
ქუთაისის მერიასთან ათეულობით ადამიანი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასასვლელი საშვების მისაღებად შეიკრიბა
ქუთაისის მერიასთან ათეულობით ადამიანი სასოფლო- სამეურნეო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასასვლელი საშვების მისაღებად შეიკრიბა. როგორც ისინი აცხადებენ, ქალაქიდან სურთ გასვლა, თუმცა შეზღუდვების გამო გარკვეული საშვები სჭირდებათ, რის გამოც იძულებული გახდნენ მერიასთან მისულიყვნენ და დისტანცია დაერღვიათ.
მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, დილიდან ბევრი ადამიანი შეიკრიბა და მათ რამდენჯერმე მოუწოდეს დისტანციის დაცვისკენ. მისი თქმით, საშვს ყველა მოქალაქე მიიღებს და შეძლებენ სამუშაოების განხორციელებას. ამ დროისთვის მერიასთან დისტანციის დასაცავად ბარიერებს დგამენ.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ოპოზიცია. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მოსახლეობას მიწები აქვს დასამუშავებელი და სჭირდებთ ქალაქიდან გასვლა, მაგრამ ბიუროკრატიის გამო, საშვებისთვის რიგში დგომა უწევთ. მისი თქმით, მერია პამდემიის საფრთხის ფონზე თავად არღვევინებს მოსახლეობას დისტანციას და საფრთხეს უქმნის.
0