13:47:31     23-04-2020
დიდი ბრიტანეთი ახალი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების წლის ბოლომდე შეინარჩუნებს - "ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე ვერ დავუბრუნდებით"
გაერთიანებული სამეფო ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვების წლის ბოლომდე შენარჩუნებას გეგმავს.
"გაერთიანებულ სამეფოს მინიმუმ წლის ბოლომდე მოუწევს ზოგიერთი შემზღუდავი სოციალური ზომის ატანა“, - განაცხადა მთავრობის მთავარმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში. პროფესორ კრის უიტის განცხადებით, აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ უცებ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდებით, თანაც მალე. მან ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიან პერიოდში იდეალური გამოსავალი მეტად ეფექტური ვაქცინით ან პრეპარატით ამ დაავადების მკურნალობა იქნებოდა. თუმცა, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კალენდარულ წელს ვაქცინის ან პრეპარატის გამოჩენის შანსები ძალზედ მცირე იყო.
"ეს დაავადება არც აღმოიფხვრება და არც გაქრება. ამდენად, ფაქტად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ გლობალურად მოგვიწევს დაავადებასთან ერთად მუშაობა პროგნოზირებად მომავალში“, - განაცხადა მან კორონავირუსის საკითხებზე გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე.
უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ ვირუსმა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში დამატებით 759 ადამიანი შეიწირა, რითაც გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 18 100 ადამიანამდე გაზარდა.
0