11:19:32     03-08-2011
იოსებ გრიშაშვილის გარდაცვალების დღისადმი („ტრიოლეტები შეითანბაზარში“)
1965 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორი და ფუძემდებელი იოსებ გრიშაშვილი (მამულაშვილი). იგი იყო არჩეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ჰქონდა მინიჭებული საქართველოს სახალხო პოეტისა და სომხეთის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
რამდენიმე ხნის წინ პრესა.გე-ს მკითხველებს გავახსენეთ იოსებ გრიშაშვილის გენიალური ლექსი „ოლოლ! ოლოლ! (სიყვარულის სიმფონია)“. იქვე მოკლედ ვისაუბრეთ მის შესახებ.
დღეს, გავიხსენოთ მისი „ტრიოლეტები შეითანბაზარში“.
აშუღურ და ქართულ პოეტურ ტრადიციებზე აღზრდილმა იოსებ გრიშაშვილმა შესანიშნავად გაითავისა ევროპული ტრიოლეტი და შექმნა შედევრები.
გრიშაშვილის „ტრიოლეტები შეითანბაზარში“ არის ევროპის, აზიისა და კავკასიის კულტურათა ორიგინალური შერწყმა. გარდა დიდი დამსახურებებისა უახლესი ქართული პოეზიის განვითარების საქმეში, მას ეკუთვნის ლიტერატურული გამოკვლევები „საიათნოვა“, „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, „იეთიმ გურჯი“ და სხვა. აგრეთვე ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვის და სხვა მწერლების შესახებ. აგრეთვე თარგმანები. იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული კლასიკური ლიტერატურის არა ერთი ნიმუში, ანა ახმატოვას, სტეფანე შჩიპჩოვის და სხვების ლექსები.
ტრიოლეტები შეითანბაზარში
შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა.
და ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი
(შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი),
არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა:
სიტყვა – მზის ნაღმით ნარიყალის ნაშთზე ნატყორცი?
შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა!
ამ ქუჩაბინდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი,
უსტაბაშს ჰშვენის მოფარფარე მზის ყალამქარი
(ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი),
და ჰგალობს ზურნა დილის საარს ჰანგღვთაებრივი.
დღეს კი ამოტყდა მეყსეულად გრიგალი - ქარი
და სადღა არი ყარაჩოღელთ ლხინი თუ კრივი?...
ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი.
ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!
არ მომწონს რითმა ბესიკისა: „გაზი” თუ “რაზი” -
(ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი)
რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს აზრს საომარად,
მომწონს მაჯამის ამირბარი თეიმურაზი
და შოთას სიტყვის ჰარამხანას ვდარაჯობ მარად!...
ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!
მიყვარს თბილისი! ირაკლივით მუდამ მშფოთარი!
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს,
ან მსურს მტკვრის ტალღამ ორთაჭალის ხრამს დამაგუბოს
(მიყვარს თბილისი!... ირაკლივით მუდამ მშფოთარი!).
და მე არ მინდა სხვა ანდერძი არავითარი;
ახლიჩეთ მწვადი... სთქვით ლექსები...აჟღერეთ თარი...
რომ საიქიოს საიათნოვა არ წამეჩხუბოს!
მიყვარს თბილისი!... ირაკლივით მუდამ მშფოთვარი
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს.