01:59:38     21-04-2020
"მეგობრები იყვნენ, ისიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია " - მესტიაში, მესაზღვრის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მესტიაში, სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თემის რწმუნებულის სოსო ზურაბიანის განცხადებით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპა. როგორც თავად აცხადებს, ახალგაზრდები მეგობრები იყვნენ და წარსულში არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ. სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
„მგონია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. წარსულში არანაირი სახის დაპირისპირება არ ჰქონიათ, მეგობრები იყვნენ. შეკამათებულან, მერე არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა. გარდაცვლილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. თვითონ ვინც ისროლა, არ არის დაკავებული, ისიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მერე არავინ არ იცის, სად წავიდა. ახლაც ეძებს მოსახლეობა, პოლიციაც, მაგრამ ვერ პოულობენ. ოთხი კაცი ყოფილან ადგილზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, მაგრამ იმათთან შეხვედრა მე ვერ მოვახერხე, რა თქმა უნდა, პოლიციამ არ შეგვიშვა. ისინი სამართალდამცველებმა დაკითხეს“, – განაცხადა ზურაბიანმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.
0