11:30:03     18-04-2020
პანდემიის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ 194,700 ლარად 3 ახალი ავტომანქანა შეიძინა - მაშინ, როდესაც ხალხი დახმარებას ითხოვს, ბიუჯეტის ფული ფუფუნების საგნებში იხარჯება

სოციალური აფეთქების ზღვარზე მყოფ ქვეყანაში, ჩინოვნიკები და სახელმწიფო ორგანოები ბიუჯეტის ფულს ფუფუნების საგნებში ფლანგავენ.
[I=2]პრესა.ჯიმ მოიპოვა ფაქტები და ხელშეკრულების ასლი, საიდანაც ჩანს თუ როგორ იყენებენ უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ხალხის ფულს პირადი კეთილდღეობისათვის.
კერძოდ: მაშინ, როდესაც ხალხი ვირუსსა და შიმშილს ებრძვის, ივანიშვილის პირადი კადრებით დაკომპლექტებულ უზენაეს სასამართლოში სამი ახალი მაზდას ტიპის იაპონური მანქანა შეიძინეს, რაც ჯამში 194,700 ლარი დაგვიჯდა.
"ერთის მხრივ – საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში ,,შემსყიდველი”) წარმოდგენილი მისი საფინანსო–სამეურნეო განყოფილების უფროსის ნოდარ გვადიბაძის სახით და მეორეს მხრივ, შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის დავით ჭეიშვილის სახით, სახელმწიფო შესყიდვების კანონის და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, ელექტრონული ტენდერის (NAT200004954) ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე...", - ეს არის ამონარიდი 2020 წლის 20 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებიდან.
ხელშეკრულებას თან ერთვის ფასების ცხრილიც, საიდანაც ირკვევა რომ პანდემიის შემდეგ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, უზენაესმა სასამართლომ 3 ერთეული ავტომანქანა (მოდელი მაზდა 6) შეიძინა. ერთი ერთეულის ფასი - 64,900 ლარი, სამის - 194,700.
[I=3]დოკუმენტში წერია რომ მიმწოდებელმა უზენაეს სასამართლოს სამი ახალი ავტომანქანა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღეში უნდა მიაწოდოს. ანგარიშსწორების ვადად ასევე მითითებულია 10 დღე.
ხელშეკრულება გაფორმებულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე - 2020 წლის 20 მარტს, რაც იმას ნიშნავს რომ 3 "მაზდა 6" უკვე უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების განკარგულებაშია, ხოლო უზენაესმა სასამართლომ უკვე გადაურიცხა ხალხის კუთვნილი თანხმა კომპანიას - ამ გაგანია პანდემიის დროს.
[I=4]რატომ გადაწყვიტეს უზენაეს სასამართლოში ახალი მანქანების შეძენა მასობრივი უმუშევრობის, პანდემია-ეპიდემიისა და საყოველთაო გაჭირების ფონზე, ამის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.
თუმცა, შეგახსენებთ რომ რამდენიმე თვის წინ, ივანიშვილის ძალისხმევით, უზენაესი სასამართლოს წევრები პროკურატურის ის წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში არაფორმალური მმართველის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ.
მათ შორის არის ივანიშვილის პირადი იურისტი და ყოფილი ადვოკატი, ექს-გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძეც, რომელიც მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2012 წლის ანუ ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, მილიონერი გახდა.
0