გოეთეს „მიძღვნა“ გოეთეს „მიძღვნა“ />


  11:46:23     02-08-2011

გოეთეს „მიძღვნა“

a8602.jpg

„მე მეტისმეტად მიწიერი ადამიანი ვარ, - სწერდა გოეთე იოჰან ლაფატერს, - მე ვფიქრობ, რომ შექმნილი ვარ სიმართლისაგან, ჩემი ხუთი გრძნობის სიმართლისაგან, - და დაე ასეთ კაცად შემიწყნაროს უფალმა ღმერთმა, როგორც მიწყნარებდა აქამდე“, თუმცა წინამდებარე ლექსი მიწიერი არ არის და არც მისი ავტორი ყოფილა მთლად მიწიერი, მის შექმნაზე, ალბათ, განსაკუთრებით იზრუნა ღმერთმა, რადგან გოეთეს გერმანიისათვის, მთელი მსოფლიოსათვის რაღაც განსაკუთრებული უნდა ეთქვა.

დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს გოეთეს ლექს გავახსენებთ, რომელსაც ჰქვია „მიძღვნა“. იქნებ პოეტის თავის მიძღვნაა თავისი სიყვარულისადმი, „სხივით ნაქარგი პოეზიისადმი“. ნაწარმოები თარგმნილია ხარიტონ ვარდიშვილის მიერ.

პოეტმა იცის, რომ პოეზიამ მას ბევრი რამ მიუძღვნა, და გოეთე პოეზიას თავს უძღვნის.

ჩემი აზრით ეს ნაწარმოები მისტიკური გამოცხადების აღწერაა, გოეთეს მიერ ინიციაციის გავლის აღწერა, რომელიც ნამდვილად უნდა მომხრიყო, ვინაიდან გოეთე ზებუნებრივი მფარველობის ქვეშ იყო მუდამ, როგორც შემოქმედი და მოქალაქე. მასში კარგად სჩანს შეხვედრა პოეტისა თავის ზეციურ „სიყვარულთან“, რომელსაც მუდამ ერთგულება ჰქონდა მისი, თუმცა, რომელიც პოეტისაგან ახალ რეალობებს მოითხოვს. (თუმცა, როგორც გოეთე ამბობს, ყველას თავისი ერთგული ჰგონია ის). პოეზია ზეცისგან მოდის, სიბნელის მძლეველი მზის სხივებიდან და მწვერვალზე მდგომს ეგებება...

მარტო „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქა კი არ იყო გოეთესა და შილერის ხანა. ეს გახლდათ, როგორც მაშინ უწოდებდნენ „გენიოსების ეპოქა“. სწორედ დაღვინებული გენიოსობისათვის დამახასიათებელი მოტივები ჩანს ამ ნაწარმოებში. ახალი ეტაპი, ახალი დრო იწყება გოეთესათვის. დაუდგრომელი ტალანტი ნელ-ნელა მშვიდდება. სწორედ ამის მერე ხდება დიდი ტალანტი ნამდვილი „ზეკაცი“, ილიასეული „მყინვარი“. თუმცა ესეც პირობითია. ესაა მხოლოდ, გოეთე ჭაბუკურ ზრახვებს სცილდება: „ცთუნების საფრთხე გელოდება კვლავ მრავალგვარი, / ვერ დაიურვებ თავბრუდამხვევ ჭაბუკურ ზრახვებს. / არ მოგიხდია მამაკაცის ამქვეყნად ვალი / და დიდ ზეკაცად შენი თავი უკვე დასახე. / რით განსხვავდები სხვებისაგან, რითი ხარ ქველი? / შეიცან თავი, მშვიდ ცხოვრებას მოჰკიდე ხელი“.

ამ მშვიდ ცხოვრებაშიც პოეტი რჩეულია: „მიიღე განძი ოდითგანვე აღთქმული შენთვის: / აწ ვერ დაგჩაგრავს უმძლავრესი თვით ბედისწერა, / განსაცდელისგან დაგიფარავს იგი ყოველთვის! – / სხივით ნაქარგი პოეზიის რიდე მზიური, / ჭეშმარიტების ხელით ქმნილი განძი ციური“...

ძალიან დიდებული ნაწარმოებია, მკითხველი კარგად დაინახავს როგორც ავტორის ბუნებას, ისე მის დამოკიდებულებას შემოქმედებისადმი, სიყვარულისადმი და სხვა.

ხარიტონ ვარდოშვილის მიერ თარგმნილ ფრიდრიხ შილერის ნაწარმოებს „“ უკვე იცნობს ჩვენი მკითხველი (). მინდა შეგახსენოთ, რომ ხარიტონ ვარდოშვილი არა მარტო თარგმანებითაა ცნობილი, თვითონაც შესანიშნავ ლექსებს წერდა. ჩვენ მალე გავახსენებთ ჩვენს მკითხველს მის შემოქმედებას.

დღეს კი გოეთეს მოვუსმინოთ.

მიძღვნა

(თარგმანი ხარიტონ ვარდოშვილისა)

 

ძილში მომესმა სისხამ დილის ნაბიჯი ჩქარი,

თვალთა მბურველი, უნაზესი გამიქრა რული.

გამოვიღვიძე, მყუდრო ქოხის გავაღე კარი,

ტყისკენ გავყევი, სულიერად განახლებული.

ყვავილთ ყლორტებზე კამკამებდა კრიალა ცვარი.

მე მივდიოდი და სიამით მიძგერდა გული.

ცისკრის სხივებით ელვარებდა ლურჯი ცის თაღი

და სიხარულით სავსე იყო მიდამო ლაღი.

 

როს აველ მთაზე, ნისლი, მძიმე და მოცახცახე,

ფრთხილად წამოდგა მდინარიდან, ვით ლანდი ბნელი.

შემოიარა გარეშემო, იცვალა სახე,

გადამაფარა სველი ფრთები უშველებელი.

შემოგარენი თვალს მიჰფარდნენ, მშვენებით სავსე,

და აიმართა ზეცისაკენ ბურუსი ვრცელი.

შემოგარსული თითქოს ვიყავ ღრუბელთა ჯარით,

კუნაპეტ ჯანღში ვეფლობოდი მწვერვალზე მდგარი.

 

ამ დროს სივრცეში შემოიჭრა მზე სხივთა მფრქვევი,

ჯანღი გაიბნა, აკიაფდა შუქი ელვარე.

ნისლი გუნდ-გუნდად დაიშალა, დაეშვა ქვევით,

ზოგიც ნელი-ნელ ზეამაღლდა, აჰყვა მწვერვალებს.

რარიგ მწყუროდა მზე მეხილა, ბნელეთის მძლევი,

და აღტაცებით მივესალმე მნათობს ბრწყინვალეს.

დიდხანს გაგრძელდა საჰაერო ბრძოლა ფიცხელი,

მე გარს მეხვია ელვარება თვალების მჭრელი.

 

კვლავ შინაგანი ძლიერების გრძნობით ავივსე,

მივაპყარ თვალი ცეცხლოვან ბურთს, მგზნებარეს ალით,

მაგრამ შემკრთალი წამწამები დავხარე მყისვე,

მომჯადოებელ ბრწყინვალებამ დამიწვა თვალი.

უცებ შეირხა ღრუბლის ფრთებით ნაბური სივრცე

და ჩემს წინ გაჩნდა ღვთაებრივი ხატება ქალის;

მსგავსი მშვენება არ მინახავს ჩემს სიცოცხლეში,

ფრთამოფარფატემ შემომხედა დამწველი ეშხით.

 

- „ნუთუ ვერა მცნობ?“ - ეს წარმოსთქვა ისეთის კდემით,

მყის მაგრძნობინა ერთგულების კილო საამო.

- ალბათ, მიცანი, ვინაც გულის ჭრილობა ძველი

შეგიმსუბუქე, უწმინდესი წავცხე მალამო.

გახსოვს, რარიგად მტკიცე იყო და ურღვეველი

ჩვენი კავშირი, სიყვარული სამარადჟამო.

სიყრმეში ბევრჯერ მინახავხარ ცრემლმორეული,

ჩემთან შეხვედრის მონატრული, ტრფობით ძლეული“.

 

- დიახ! - წარმოვთქვი და მის ფეხთან დავემხე კრძალვით,

შენზე ოცნება უტკბილესი სიამეს მგვრიდა:

ვინც მამშვიდებდი მაშინაც კი, როს ვნების ალი

ჩემს სისხლს ჭაბუკურს ათრთოლებდა, მათრობდა დიდად.

შუბლს მიგრილებდი ანთებული ნაზი ტრფიალით,

ციური ფრთები ხელში გეპყრა მსუბუქი, წმინდა.

შენ მომიძღვენი თვით სიცოცხლის განძი მზიური:

ბედნიერება ჩემი წილი ამქვეყნიური.

 

მე არ გახსენებ, სხვა კი, შენი ეშხით ძლეული,

ხშირად გახსენებს, გულს აუნთებს შენი სახელი.

ყველას ჰგონია, მხოლოდ მისგან ხარ შემჩნეული

და ყველასათვის ხარ მზესავით თვალების მჭრელი.

ვიდრე გნახავდი, მეგობრები მყვანდნენ რჩეულნი,

როს გაგიცანი, მარტოობა დამჩემდა ძნელი.

უნდა ვიგემო მე ამგვარი ყოფნა ბედითი,

შენს მაღალ ნათელს ჩემში ვფარავ კრძალვით და რიდით“.

 

ქალმა ღიმილით მიპასუხა: - „საჭირო არის

ბნელი ნიღაბი ჩამოვხადო შენს ნამდვილ სახეს.

ცთუნების საფრთხე გელოდება კვლავ მრავალგვარი,

ვერ დაიურვებ თავბრუდამხვევ ჭაბუკურ ზრახვებს.

არ მოგიხდია მამაკაცის ამქვეყნად ვალი

და დიდ ზეკაცად შენი თავი უკვე დასახე.

რით განსხვავდები სხვებისაგან, რითი ხარ ქველი?

შეიცან თავი, მშვიდ ცხოვრებას მოჰკიდე ხელი“.

 

- „გთხოვ მომიტეო, არ მქონია განზრახვა ბნელი,

განა უმიზნოდ უნდა ვიყო, ვახელდე თვალებს?

მე სისხლს მითრთოლებს ნებისყოფა დაუშრეტელი,

შენი ძვირფასი საჩუქარი ჩემს გულს ახარებს.

მოყვასისათვის მარად ვიყავ სიქველის მჩენი,

არ მსურს უდროოდ ჩემი ნიჭი დავფლა სამარეს.

ვისთვის ვეძებდი სანატრელ გზას დიადი ზრახვით,

თუ არა ჩემი მოძმისა და მეგობრისთვის?“

 

მე თანაგრძნობით ყურს მიგდებდა ზეცის ასული,

მყის შემომხედა, შეიცვალა უცებ გუნება,

და მის მზერაში ნათლად იყო გამოსახული

ჩემთა საქმეთა შეცთომა თუ მართებულება.

მისმა ღიმილმა სიხარულით გამითბო სული,

ვიგრძენი შვება, განკურნება იწყეს წყლულებმა.

გულს შთამინერგა ნაზი ნდობა, დამაიმედა,

უკვე შემეძლო ახლოს მისვლა, სიამით ჭვრეტა.

 

გაჰხედა ზეცას, გაუბრწყინდა სახე ნათელი,

ნისლის ზოლებით სავსე იყო სივრცე მდუმარე.

გაშალა მკლავი, მსუბუქ ეთერს შეახო ხელი,

მყის გაიფანტა ბურუსი და გაბრწყინდა არე.

გადაიშალა ჩემს წინ მწვანე მთა-ველი ვრცელი,

და თავს დამადგა ცა დიადი და მოელვარე.

აჰა, ვიხილე მისი სახე, სიამის მფენი,

ათასნაკვთოვან სპეტაკ რიდით თავდანამშვენი.

 

- „შენი სისუსტე რაში არის მე ვიცი, მჯერა

რა სიკეთით ხარ აღჭურვილი, რა ზრახვებს ელტვი

(ოჰ, ამ სიტყვათა მუდამ მესმის წარმტაცი ბგერა!)

მიიღე განძი ოდითგანვე აღთქმული შენთვის:

აწ ვერ დაგჩაგრავს უმძლავრესი თვით ბედისწერა,

განსაცდელისგან დაგიფარავს იგი ყოველთვის! –

სხივით ნაქარგი პოეზიის რიდე მზიური,

ჭეშმარიტების ხელით ქმნილი განძი ციური.

 

როცა მეგობრებს შეგაწუხებთ სიცხე მზარავი,

გადაისროლეთ ცხელ ჰაერში ეს რიდე ვრცელი;

მყის გაგაგრილებთ ღამის სუნთქვა შეუბღალავი,

სულს დაგიმშვიდებთ ყვავილების ტკბილი სურნელი.

გაჰქრება ვნება, სიმძიმილით გულთა მფარავი,

ღრუბლის სარეცლით შეგეცვლებათ სამარე ბნელი.

ცხოვრების ზვირთი ნელი რხევით აამებს თვალებს,

დღე სანეტარო იქნება და ღამე - ბრწყინვალე.

 

ჩემკენ იჩქარეთ, მეგობრებო, ცხოვრების გზაზე,

როს დაგიმძიმდეთ არსებობის ტვირთი ძლიერი.

და თუ შეამკობს უცხო მადლი თქვენს ეტლს უსწრაფესს

ოქროს ნაყოფით და ყვავილის ნაზი იერით,

შევეგებებით ახალ დღეებს სიამით სავსეს,

ჩვენ ასე ვცხოვრობთ და დავდივართ სვებედნიერნი.

დე შვილთაშვილთა თვალებს სწვავდეს ცრემლები მწველი

და მათ სალხენად სიყვარული გაგრძელდეს ჩვენი!“

0

ავტორი: