11:34:21     02-08-2011
წმიდა ილია მართლის ხსენების დღისათვის („ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ“)
დღეს ქართული ეკლესია წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე ილიას სიცოცხლეში აღინიშნებოდა მის ანგელოზის დღედ და ძალიან უყვარდა მას. ეს არის ილია თეზბიტელის ხსენების დღე. დიდი ილია ყოველთვის პატიჟებდა სტუმრებს და განსაკუთრებით აღნიშნავდა ამ დღესასწაულს. ჩვენც აღვნიშნოთ და მივულოცოთ სრულიად საქართველოს.
ილია ჭავჭავაძე ქართველმა ხალხმა დავით აღმაშენებელთან ერთად ყველა დროის უდიდეს ქართველად აღიარა.
ილია ჭავჭავაძე უდიდესი ქართველი იყო... მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, იდეოლოგი, ისტორიკოსი, ფილოლოგი, სალიტერატურო ენის რეფორმატორი, მთარგმნელი, ბანკირი, ეკონომისტი და ა. შ. და ა. შ.
ეს მარტო იმიტომ კი არა, რომ საქართველოს მოღვაწეები აკლდა. ილიას დროინდელი საქართველო დიდი მოღვაწეების რაოდენობით არ ჩამოუვარდებოდა არც ერთ ევროპელ ერს (თუნდაც პროცენტული თვალსაზრისით).
ილია ჭავჭავაძის ზეკაცურმა ბუნებამ დაიტია უამრავი ტალანტი, სულ სხვადასხვა მიმართულებისა. მისი ტიტანური მოღვაწეობა ეყოფოდა ათეულ ადამიანს, რომ ერის ისტორიაში შესულიყო როგორც დიდი საზოგადო მოღვაწე.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ დიდი ილიას წერილს „ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ“, სადაც ილია ჭავჭავაძე წარმოგვიდგება, როგორც ეკონომისტი და ისტორიკოსი, სოციოლოგი და ეთნოლოგი, და რაც მთავარია, იდეოლოგი.
ძველი საქართველოს ეკონომიკური წყობის შესახებ
ჩვენის ხალხისა და ქვეყნის ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი. ჩვენს ისტორიაში ან სულ არ არის ფაქტები ჩვენის ხალხის ცხოვრების შესახებ და, თუ არის, კანტი-კუნტი სადმე,ისიც მეტად საეჭვოა. ჩვენ ვამბობთ მარტო იმისთანა ფაქტების თაობაზედ, რომელშიც ერთობ ხალხი იჩენს თავის-თავსა, თავის თვისებასა, თავის მონაწილეობასა ისტორიაში.
ერთის სიტყვით, ჩვენის შიდა-ცხოვრების ისტორია ჯერ ფარდააუხდელია და უცნობი ჩვენგან. ჩვენი “ქართლის ცხოვრება” ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, როგორც მომქმედი პირი ისტორიისა, ჩრდილშია მიყენებული, თითქო ხალხის ისტორიის შესამეცნებლად საკმაოა კაცმა იცოდეს მარტო მეფეთა ისტორია. თვითონ მეფეთა მოქმედებაც ნაჩვენებია საგარეო საქმეთა შესახებ და არა შესახებ შიდა-საქმეთა.
ამის გამო არც ერთი უეჭველი საბუთი არ უდევს სარჩულად არც ერთს ისტორიულ ფაქტს ჩვენის ხალხის ცხოვრებისას.
თუმცა ასე, მაგრამ არის ერთი იმისთანა ისტორიული მოვლენა, რომელსაც ვერავინ უარს ვერა ჰყოფს და რომელიც დღესაც უკვირს ყველას, ვისაც კი ამ მოვლენისთვის თვალი დაუკვირვებია.
უეჭველია,რომ ჩვენს ხალხს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია თავისის ცხოვრებითა და თვითმოქმედებითა. უეჭველია, რომ ამ ორი ათას წელს იმისთანა ხანა ისტორიისა არ დასდგომია, რომ მტრისაგან მოსვენებული ყოფილიყოს ზედმიყოლებით და განუწყვეტლივ ასი წელიწადი მაინც ერთად.
საქართველო დღედაღამ იარაღით ხელში იდგა, მტერი ყოველ მხრიდამ მოწოლილი იყო. ჩვენი ხალხი თითქმის ორი ათასი წელიწადი იბრძოდა, ომობდა, სისხლსა ღვრიდა. და ბოლოს მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს თვითმყოფობითი სული ისე დალია, რომ ჩვენს ქვეყანას არავის ვალი და ვახში არ დასდებია.
ვსთქვათ, მკლავმა და გულმა შესძლო ეს გოლიათობა, საკვირველი ეს არის – რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა? რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლის ღვრასა? ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდგარიყო იარაღით ხელში, რომ მტრისაგან მტვრად არ აღგვილიყო – და საზრდოებას ვინ აძლევდა და რა აძლევდა?
ყოველს ამ საგანზედ უეჭველი და გულდადებითი პასუხი მეტად ძნელია. ამ შემთხვევაში ჩვენი “ქართლის ცხოვრება” ხელს ვერაფრით შეგვიწყობს. ერთს იმისთანას არას გვანიშნებს, რომ საბუთად ვიხმაროთ უეჭველის დასკვნისთვის. მხოლოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამისი პასუხი ჩვენს ეკონომიურს აგებულებასა და წყობაში უნდა მოინახებოდეს. უეჭველია, ჩვენი უწინდელი ეკონომიური წყობა ისეთი ყოფილა, რომ ხალხს იქიდამ ჰქონია ის ქონებითი ძალ-ღონე, რომლითაც იგი გასძღოლია ამოდენა ვაი-ვაგლახსა და ომებსა ამოდენა ხნის განმავლობაში. აი,საგანი ღირს შესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად. ეს საგანი რომ თვალ-წინ ჰქონდეს ჩვენს ეხლანდელს მეისტორიეს, ამ საგანზედ რომ უეჭველი პასუხი მოგვცეს ვინმემ, ბევრს ნათელს მოჰფენდა აწმყოსა და მომავალსაც გზას გაუნათდებდა. ჩვენგან დიდი კადნიერება იქნებოდა, რომ ამ მძიმე საქმის გამოკვლევას შევსდგომოდით გაზეთის მოკლე წერილშია. სწორედ მოგახსენოთ, ამისათვის არც მომზადება გვაქვს და არც საჭირო წყარო. ხოლო ფიქრად მოგვდის ორიოდე აზრი, ისიც ვარაუდობით ცნობილი, და ვგონებთ მეტი არ იყოს ის ორიოდე აზრი მკითხველსაც გავუზიაროთ.
ჩვენა გვგონია, სიკეთე ჩვენის ეკონომიურის აგებულებისა და წყობისა იმაში ყოფილა, რომ მიწა, ესე იგი მამულ-დედული, ცოტად თუ ბევრად უფრო სამართლიანად მორიგებული ყოფილა ჩვენს ხალხში, ვიდრე სადმე სხვაგან. საკვირველია, რომ დღეს-აქამომდე უმამულო, უბინაო კაცი ჩვენში თითქმის არსად არ მოიძევება. ამისთან წყობამ მიჰმართა უსათუოდ ჩვენი ხალხი მიწათმოქმედებას, რომელიც უფრო დაუშრომელი და მკვიდრი წყაროა ხალხისა და ქვეყნის საზრდოებისათვის, ვიდრე სხვა რამ. ხსნა ჩვენის ქვეყნისა ამ წყობაში უნდა ყოფილიყო, და ვიდრე ამ წყობას უფრთხილდებოდნენ ჩვენი მეფეები, იმ დრომდე ქვეყანა ღონიერი ყოფილა და გასძღოლია მტერს ასე თუ ისე.
სიფრთხილე რაში უნდა აღმოჩენილიყო?
ჩვენს ეკონომიურს წყობაში ორ-გვარი მდინარეობა იყო, როგორც ყველგან სხვაგან: ერთი სამსოფლო და მეორე საკომლო. პირველი მიიზიდებოდა ისე, რომ სოფლის წრეში ყოფილი მამულები, მიწა, მინდორი, ტყე – საზოგადო, სამსოფლო ხმარებაში ყოფილიყო: მეორე ისე, რომ ყოველივე ეგენი განსაკუთრებულიყო. თუ საკომლო ფეხს დაიდგამდა და გავრცელდებოდა, მაშინ განსაკუთრებას მიწისას და, მაშასადამე უსწორ-მასწორობას მიწისმფლობელობაში ფართო გზა გაეხსნებოდა, და თუ სამსოფლო გაძლიერდებოდა – მაშინ იმ უსწორ-მასწორობას გზა შეეკვროდა.
აქედამ ცხადია, ჩვენი მეფეები რას უნდა გაჰფრთხილებოდნენ. როგორც ეტყობა, უფრთხილდებოდნენ კიდეც, თუ არ მეფენი, თვითონ ხალხი მაინცა. ეს იქიდამა სჩანს, რომ ჩვეულებამ ფრთა შეაკვეცა საკომლო განვითარებას, რადგანაც ყველგან საკომლო განსაზღვრული იყო ზოგან ოცის დღიურითა, ზოგან ორმოცის დღიურითა, მამულების ნოყიერებისა გვარად. ასე რომ, ერთ კომლს სოფელში ჩვეულებით დადგენილზედ მეტი არ შეეძლო მამულები დაეჭირა. ტყისა და მინდვრის განსაკუთრება ხომ ყოვლად შეუძლებელი იყო და დღესაც აქამომდე ჩვენის ხალხის გონებაში ვერა თავსდება ის აზრი, რომ ტყე და მინდორი საკუთრება იყოს ვისიმე და არა სამსოფლო.
ბოლოს-და-ბოლოს ამ უკეთეს მხარეს ჩვენის ეკონომიური წყობისა ყური აღარ ათხოვეს; გაიდგა ფეხი განსაკუთრებამ და კომლეულობამ, ჩამოვარდა უსწორ-მასწორობა მიწის მფლობელობაში, არამც თუ კომლთა შორისაც, არამედ სოფელთა შორისაც. არიან ეხლა იმისთანა კომლეულნი გლეხთა შორის, რომელთაც დაუპყრიათ სოფლის მამულები ასის, ორასის დღისა, და რომელთაც თავისი ხიზნები ჰყავთ, ყმებზედ უარესად შეწუხებულნი. არიან იმისთანა სოფლებიცა, ოთხი-ხუთი კომლია, და ხუთას-ექვსასი დღის სამსოფლო მამულები აქვთ, მაშინ როდესაც მათ გვერდით სხვა სოფელია, საცა მიწა ენარებათ და არ იციან ვიწროობისა გამო, რა ქნან და საით წავიდნენ.
1880 წელი
0