რუსული “ისკანდერი” და საქართველო რუსული “ისკანდერი” და საქართველო />


  11:13:20     02-08-2011

რუსული “ისკანდერი” და საქართველო

a8600.jpg

ბოლო რამოდენიმე წელიწადი,რუსეთი აქტიურად ახდენს საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-გადაიარაღების პროცესს. რამდენად წარმატებით ართმევს რუსეთის მთავრობა ამ საქმეს თავს, მეორე საკითხია. მაგრამ ფაქტია - ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა სამხედრო შესყიდვების მოცულობა. რუსეთი აქტიურად ყიდულობს საკუთარი ჯარებისთვის ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, საზენიტო კომპლექსებს.

რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი შეიარაღებაში “ისკანდერის” ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების ახალი პარტიის მიღებას გეგმავს. შეკვეთა 120 ერთეულის შეძენას ითვალისწინებს. ერთი შეხედვით, ეს რუსეთის გადაიარაღების მორიგი ეტაპია. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე ამ 120 ერთეულიდან რამოდენიმე ათეული, ოკუპირებულ აფხაზეთსა ან “სამხრეთ ოსეთში” აღმოჩნდეს.

სამი წლის წინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას, ჩვენ უკვე ვიგემეთ რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების დამანგრეველი ძალა. ჯერ კიდევ 2007 წელს აფხაზეთში, რუს “ცისფერჩაფხუტიანებს” 1-ელი სარაკეტო ბრიგადა სრული შემადგენლობით დაემატა. რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღეს კი, რუსებმა ოჩამჩირედან ფოთს, საკუთარი ბრიგადის შემადგენლობაში არსებული Точка-У-ს ტიპის კომლექსის სამი რაკეტა ესროლეს. უკვე შემდეგ, მათ 58-ე არმიის 464-ე სარაკეტო ბრიგადა შეუერთდა. რომელმაც იგივე რაკეტებით, საქართველოს ტერიტორიაზე ოცამდე ობიექტი დაბომბა. სროლა, ძირითადად, ჯავის რაიონიდან იწარმოებოდა. სავარაუდოდ, სწორედ კასეტური ტიპის ქობინით შეიარაღებული Точка-У-ს რაკეტა გამოიყენეს რუსებმა, როდესაც გორის მთავარ მოედანზე ქართველებთან ერთად ჰოლანდიელი ტელეოპერატორი დაიღუპა.

მაგრამ 2008 წლის ომისას, რუსებმა არა მხოლოდ Точка-У გვესროლეს. რუსები დღემდე ამტკიცებენ, რომ საქართველოსთან ომში „ისკანდერები“ არ გამოგვიყენებიაო. მაგრამ ქართულ მხარეს ამის საპირისპირო უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია. ომის მსველობისას, ქართველმა სამხედროებმა, ვაზიანის ბაზის მიდამოებში, საკმაოდ ძლიერი აფეთქებისგან წარმოქმნილი ღრმული აღმოაჩინეს. რაკეტა ბაქო-სუფსის ნავთობსადენიდან სულ რაღაც 40 მ-ში ჩამოვარდა. ღრმულის გარშემო რაკეტების ფრაგმენტები იყო მიმოფანტული. ერთ-ერთზე კი საკმაოდ საინტერესო წარწერის ამოკითხვა შეიძლებოდა. რაკეტის მწვანედ შეღებილი კორპუსის ფრაგმენტზე, შავი საღებავით ნიშნული 9M723 ეწერა. სწორედ ასე აღინიშნება „ისკანდერის“ რაკეტა.

„ისკანდერი“ Точка-У-ს განვითარებული მოდელია. ამასთან, ის პირველი რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსია, რომელსაც, ერთდროულად, ორი რაკეტის წაღება შეუძლია. გამშვებ მანქანაზე ისინი საერთო დახურული ტიპის კონტეინერში არიან განლაგებულნი. სტარტის წინ, კონტეინერის სახურავი ორ ნაწილად იშლება და სპეციალურ მექანიზმს, რაკეტა ვერტიკალურ მდგომარეობაში მოჰყავს.

კომპლექსის გამოყენება მრავალი სახის სამიზნის წინააღმდეგ შეიძლება. მათ შორის, ჯავშანტექნიკის დაჯგუფების, აეროდრომების, საკომანდო პუნქტების, საფორტიფიკაციო ნაგებობის, სხვადასხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. სამიზნის სახეობიდან გამომდინარე, რაკეტაზე 10 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ქობინის გამოყენება შეიძლება. მათ შორის, მსხვრევად-ფუგასურის, მსხვრევად-ცეცლგამჩენის, კასეტურის, მოცულობითი დეტონაციის მქონე, კასეტურის კუმულაციური ელემენტებით, დიდ სიღრმეში შემავალი და სხვა. ცალკე უნდა აღინიშნოს რომ „ისკანდერის” რაკეტაზე ბირთვული საბრძოლო ქობინიც ყენდება.

კასეტური საბრძოლო ქობინის გამოყენების შემთხვევაში, ის 54 საბრძოლო ელემენტს ითვლის. ისინი სამიზნიდან 0.9-1.4 კმ-ის დისტანციაზე იფანტებიან და მიწიდან 10 მ-ის სიმაღლეზე ფეთქდებიან.

„ისკანდერის“  9M723-ის ტიპის რაკეტა 3800 კგ-ს იწონის. აქედან 480 კგ, რაც თითქმის ნახევარ ტონას შეადგენს, საბრძოლო ქობინზე მოდის. რაკეტის ფრენის სიჩქარე ბგერისას აღემატება და 2100 კმ/სთ-ს აღწევს. არსებული მონაცემების თანახმად, რაკეტის ფრენის მაქსიამლური მანძილი 280-დან 400 კმ-მდე ვარირებს (ეს კომპლექსის საბაზო ვარიანტში). მაქსიმალურ დისტანციაზე სროლისას, სამიზნიდან რაკეტის გადახრის დისტანცია 30-70 მ-ს შეადგენს.

მართალია ერთ გამშვებ მანქანაზე ორი რაკეტაა განთავსებული. თუმცა მათი ზალპით გაშვება არ ხდება. პირველი რაკეტის სტარტიდან, მეორეს გაშვება მხოლოდ 1 წუთის შემდეგ შეიძლება.

„ისკანდერის“ კომპლექსის შემადგენლობაში, გამშვები მანქანის გარდა, სათადარიგო რაკეტების გადამზიდავი საშუალება, მობილური სამეთაურო პუნქტი და ცეცხლით მართვის პუნქტი შედის. მარშიდან კომპლექსის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად, 16 წუთია საჭირო.

არსებობს კომპლექსის საექსპორტო ვარიანტიც – „ისკანდერ-ე“, რომლის მაქსიმალური სროლის მანძილიც 280 კმ-ით განისაზღვრება.

როგორც ჩანს, „ისკანდერი“ ანგარიშგასაწევი კომპლექსია. 2008-ის აგვისტოში, საბედნიეროდ, რაკეტა არ მოხვდა მიზანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებული ნავთობსადენიდან გადმოსული ნავთობი ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში კი, ზარალის ოდენობა ერთ-ორად იმატებდა.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოებაც. რუსეთის შეიარაღებული ძალების 1-ელი და 464-ე სარაკეტო ბრიგადები, უწინ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქში შედიოდნენ. ახლა კი, მათი ნაწილები აფხაზეთსა და ცხინვალში არიან გადმოყვანილნი. ისინი უკვე გადიან გადაიარაღებას და არ არის გამორიცხული, რომ შეკვეთილი 120 კომლექსიდან, ნაწილი სწორედ მათ განკარგულებაში აღმოჩნდეს და მოძველებული „ტოჩკები“ შეცვალოს. ამ უკანასკნელის ფრენის მანძილი 120 კმ-ია. „ისკანდერის“ შემთხვევაში კი, ეს ციფრი ორჯერ და მეტად არის გაზრდილი. ასე რომ, აფხაზეთიდან ის არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის სოლიდურ ნაწილს, არამედ მეზობელ თურქეთსაც მიწვდება.

0

ავტორი: