უნივერსალური ID ბარათი, ძველი პირადობის მოწმობის ნაცვლად უნივერსალური ID ბარათი, ძველი პირადობის მოწმობის ნაცვლად />


  12:54:12     01-08-2011

უნივერსალური ID ბარათი, ძველი პირადობის მოწმობის ნაცვლად

a8586.jpg

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განცხადებით, დღეიდან, 2011 წლის პირველი აგვისტოდან, საქართველოში ახალი თაობის პირადობის მოწმობების, ID ბარათების გაცემა იწყება. ამასთან დაკავშირებით, ბათუმის იუსტიციის სახლში, ოფიციალური პირების მონაწილეობით, ღონისძიება მოეწყობა, რომელსაც ნინო ქათამაძის კონცერტიც მიეძღვნება. ახალი თაობის პირადობის მოწმობის ღირებულება 30 ლარი იქნება, ხოლო სოციალურად დაუცველ პირებზე, შეღავათები გავრცელდება.

თუ თქვენი ძველი პირადობის მოწმობა წესრიგშია და არც ვადა გასვლია, ახალი მოწმობის აღება სავალდებულო არ არის. ძველი პირადობის მოწმობის, ახალი, ელექტრონული მოწმობით შეცვლა მხოლოდ იმ შეთხვევაშია აუცილებელი, თუ ძველს ვადა გაუვიდა, დაზიანდა, დაკარგეთ, ან მფლობელის სურვილით საკუთარი სახელისა და გვარის შეცვლა მოხდა.  

როგორც იუსტიციის სახლის ვებგვერდი იტყობინება, ახალი თაობის მოწმობა, გაცილებით დაცული და მაღალტექნოლოგიურია. ამ დოკუმენტით შესაძლებელია პიროვნების დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით იდენტიფიკაცია. ID ბარათში მოთავსებულია ორი ელექტრონული მატარებელი: კონტაქტური და უკონტაქტო, პირველზე დატანილია პირის პერსონალური მონაცემები, ხოლო მეორე  განკუთვნილია სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდებისთვის.

ახალი ბარათის ყველაზე მომხიბვლელი ფუნქცია არის ის, რომ მასზე შესაძლებელი იქნება ყველა სხვა სახის ბარათის ინტეგრირება, რომელიც გაიცემა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მიერ, შესაბამისად, მოწმობის მფლობელებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ მხოლოდ ერთი, უნივერსალური ID ბარათით.

ახალი ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაცვლად: საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათის; ელექტრონული საფულის (ერთი ბარათი, რამდენიმე საბანკო პლასტიკური ბარათის ნაცვლად); დაზღვევის ბარათის; სტუდენტური ბარათის; სამსახურებრივი ბარათის; დაგროვებითი ბარათის და ა.შ. ამ ბარათით საშუალება მოგეცემათ სახლიდან გაუსვლელად, დროისა და ენერგიის ზედმეტი დახარჯვის გარეშე, მიიღოთ მრავალფეროვანი ელექტრონული მომსახურება.

ახალი ბარათის კიდევ ერთი პლუსი, ციფრული ხელმოწერაა. ციფრული ხელმოწერა არის ელექტრონული საშუალებებით შექმნილი მონაცემი, ანუ პიროვნების ვინაობის შემცველი ინფორმაცია,  რომელიც დაკავშირებულია სხვა ელექტრონულ დოკუმენტაციასთან. ელექტრონულ ხელმოწერას, ზუსტად ისეთივე ძალა აქვს, როგორც ხელით შესრულებულ ხელმოწერას. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ სერვისში, რომელიც პიროვნების ნების გამოხატვის დადასტურებას მოითხოვს.

აღნიშნული ბარათით შესაძლებელია: ინტერნეტ-ბანკში წვდომა; საბანკო ანგარიშის გახსნა; ყველა სახის გადასახადების გადახდა; ნოტარიული დამოწმება; ქონებისა და ორგანიზაციის რეგისტრაცია; ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია; სკოლის პორტალზე წვდომა; რეგისტრაციის ადგილის შეცვლა; საცხოვრებელი ადგილიდან მესამე პირთა რეგისტრაციიდან მოხსნა...

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ბარათი, მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია.

0

ავტორი: