18:07:55     08-04-2020
"აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა"
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა.
"საქმე ის არ არის, რომ უფრო ხშირად ინფიცირდებიან. საქმე ის არის, რომ როდესაც ინფიცირდებიან თანმხლები დაავადებების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხდება საჭირო მათი გადაყვანა. ისეთი სამედიცინო პირობები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია და ასთმა, არაპროპორციულად აისახება აფრო-ამერიკელებზე“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
კორონავირუსის საკითხებზე თეთრი სახლის კოორდინატორმა, დებორა ბირქსმა კი აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები აფრო-ამერიკელების ჯგუფებთან მუშაობენ, რათა ვირუსის რისკებზე ცნობიერება გაუმჯობესდეს.
"არ გვსურს ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს აფრო-ამერიკელები უფრო მგრძნობიარენი არიან ვირუსის მიმართ. ჩვენ არ გვაქვს მონაცემები, რომელიც ამას მეტყველებს. ჩვენი მონაცემები იმაზე მიუთითებენ, რომ ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან რთული და მძიმე დაავადებების მიმართ, რასაც უფრო ცუდი შედეგები მოჰყვება“, - დასძინა მან.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 383 256 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 12 021 კი გარდაიცვალა.
0