23:43:24     30-03-2020
„კანზე უცნაური ლაქები გაუჩნდა“ - კორონავირუსით დაინფიცირებული ახალშობილის დედა ჩვილის განსხვავებულ სიმპტომებზე ალაპარაკდა
ინგლისელი ტონი როუდსი, რომლის 7 კვირის ჩვილსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში მისი განსხვავებული სიმპტომატიკის შესახებ საუბრობს და ყველა მშობელს მოუწოდებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რათა დროულად მოხდეს ვირუსის აღმოჩენა და მკურნალობა.
როგორც ტონი ყვება, ბავშვმა ჯერ უცნაურად ტირილი დაიწყო და მადა დაკარგა, შემდეგ ენერგიის ნაკლებობა აღენიშნებოდა და სულ მოთენთილი იყო. როდესაც მშობლებმა დაინახეს, რომ პატარას სხეულზე ლაქები გამოუვიდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
„კურტისს მადა დაეკარგა და დაახლოებით 12 საათის განმავლობაში საკვების მიღება გაწყვიტა. ხასიათი ძალიან შეეცვალა და გაღიზიანებული იყო, ორ დღეში კი საერთოდ გამოეთიშა გარე სამყაროს. სხეულზე უცნაური ლაქები გამოუვიდა, ცალი თვალი შეშუპებული და წითელი ჰქონდა, ასევე არენიშნებოდა მსუბუქი ხველა. როდესაც საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მას უკვე ტემპერატურა მომატებული ჰქონდა, გულისცემა კი გახშირებული. თავდაპირველად ექიმებს სეფსისი ეგონათ“ - აღნიშნა ტონიმ.
ექიმებმა ბავშვს ანტიბიოტიკი დაუნიშნეს და გაუკეთეს სისხლისა და ნაცხის ანალიზი, ასევე ტესტი CoViD-19- ზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ ჩაუტარეს, რომ ვალდებულები იყვნენ, ყველა პაციენტი კორონავირუსზეც გამოეკვლიათ. როგორც როუდსმა განაცხადა, მის ჩვილს არ ჰქონდა კორონავირუსის სტანდარტული სიმპტომები, თუმცა ტესტის შედეგებმა საპირისპირო აჩვენა.
„მას არ ჰქონდა მაღალი სიცხე ან მშრალი ხველა. ყველამ იცის, რომ ჩვილების რეაქცია ვირუსზე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ამიტომ, გვსურს ვისაუბროთ ჩვენს გამოცდილებაზე, რათა სხვებს ვაცნობოთ“ - აღნიშნა ქალმა.
მიუხედავად ყველაფრისა, ახალშობილს ჰქონდა კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები, რომელსაც წარმატებით გაართვა თავი. ახლა ქალს სურს გააფრთხილოს სხვა მშობლები, რათა მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ბავშვების მიმართ და პირველივე ნაცნობი თუ უცნობი სიმპტომატიკის შემთხვევაში მიმართონ ექიმს.
0