14:15:30     28-03-2020
გურჯაანში, 3 თვის შვილის მკვლელობის და ცოლის დაჭრის ბრალდებით, პოლიციამ 23 წლის მამაკაცი დააკავა
მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. მამაკაცმა 3 თვის ჩვილი მოკლა, ხოლო ცოლს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად, ვეჯინში, საჩხერედან იყო ჩასული და სტუმრად ცოლის დის ოჯახში იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება მეუღლესთან მოუხდა, რის შემდეგაც მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
0