ქეთევან დოლიძე - პოეზიის “კონკია” ქეთევან დოლიძე - პოეზიის “კონკია” />


  13:27:14     28-07-2011

ქეთევან დოლიძე - პოეზიის “კონკია”

a8510.jpg

დიდი ხანია მინდოდა პოეტ ქეთი დოლიძის შესახებ გვესაუბრა. ქეთი საოცარი პოეტი და ადამიანია. პოეზიის მოყვარულთა წრეებში მას ბევრი იცნობს. ის გახლავთ პოეტური ორდენის - “მარადახალი ქნარის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და უცვლელი წევრი. მისი მეუღლეც პოეტი იყო, ზურა ჯაფარიძე, რომელიც 15 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. ზურას შემოქმედებასაც გავაცნობთ პრესა.გე-ს მკითხველებს.

გავიგე ქეთის ტელეფონის ნომერი და დავუკავშირდი. ძალიან გაუხარდა, მიუხედავად იმისა, რომ დაბეჭდვა მის ლექსებს არ აკლია, წიგნებიც არა ერთი აქვს გამოცემული. შევთავაზე გამოეგზავნა ჩემთვის რამდენიმე ლექსი, რომელთაც თავად შეარჩევდა. როცა პირველად ვბეჭდავთ რომელიმე პოეტის ლექსებს, პირველად მას ვაძლევ საშუალებას აარჩიოს რომელი ლექსებით შეხვდეს პრესა.გე-ს მკითხველს. აქვე ვაქვეყნებთ ხოლმე მოკლე ბიოგრაფიას. არა მარტო იმისთვის, რომ გავაცნოთ პოეტები ინტერნეტის მომხმარებელს, არამედ იმისთვისაც, რომ შეიქმნას ინტერნეტ-ბიბლიოთეკა, ამაზე უკვე ვწერდი, სადაც მოცემული იქნება ჩვენი თანამედროვე კალმის ოსტატების შემოქმედება და ინფორმაცია მათზე.

როგორც ვთქვი, ქეთის შევთავაზე თვითონ დაეწერა თავის თავზე, რადგან, მისი ცხოვრება ისეთი რთული და გამოცდებით სავსე იყო, სხვა ვერ აღწერს ჯეროვნად მას. მართლაც, მალე მივიღე წერილი, სადაც პოეტი ქეთი დოლიძე პოეტურად და ამაღელვებლად გვიამბობს საკუთარი ცხოვრების შესახებ.

ქეთი დოლიძის შემოქმედებაზე სხვა დროსაც გვექნება საუბარი.  მის სხვა ლექსებსაც გამოვაქვეყნებთ. დღეს კი მოვუსმინოთ თავად ქეთის, მერე კი მისი ლექსები წავიკითხოთ.

“პოეზია ბეწვის ხიდზე სიარულია უკიდეგანო სამყაროში. შეიძლება მიწაზე არეული ნაბიჯებით დადიოდეს პოეტი, მაგრამ ბეწვის ხიდზე გავლისას, ფეხი არ უნდა დაუცდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე გულწრფელი უნდა დარჩეს უფლისა თუ თავის წინაშე და კიდევ ერთი - "ხიბლი” არ გაიკაროს. ერთი ყალბი ნაბიჯიც საკმარისია, სამყაროს უსასრულობაში დროის დინებასთან ერთად რომ ჩაინთქას და ჩაიკარგოს.

პოეტი მთელი ცხოვრება ნერვზე უნდა იყოს შემდგარი და გულით უზარმაზარ ემოციის ზღვას ატარებდეს... როდესაც ზღვას ერთი წვეთი დაემატება, გადმოდის. ერთი კი არა, ჩემს ზღვას ათასი, მილიონი, მილიარდი წვეთი ყოველდღიურად ემატებოდა და ემატებოდა... და უსასრულოდ გადმოდიოდა თავად ზღვადქცეული ნაპირებიდან. პოეტად უნდა დაიბადო და პოეტურადაც უნდა ცხოვრობდე... შენი წილი ბედიც უნდა დაგყვეს და იღბალიც. არავინ დაიჯეროს, რომ პოეტები უიღბლოები არიან. მათი დაბადება ყველაზე დიდი იღბალი და ბედისწერაა.

თავის მოსაწონებლად არასოდეს მიწერია. უბრალოდ, ყველაზე და ყველაფერზე უნდა მეფიქრა, მეზრუნა და ლექსებად მექსოვა ადამიანებისათვის სულიერი თუ ფიზიკური სათბუნებლები... მეტიც, მათთვის სულის სიმები უნდა შემერხია, რომ სიტყვის ძალა და მადლი ეგრძნოთ.

უფლის განგებით ამ მისიით თუ მოვევლინე ქვეყნიერებას, რადგან სიჭარმაგის შვილი ვარ. მყავდა სამი დედა ანუ ერთი დედა და ორი და, რადგან მე რომ გავუჩნდი ჩემს მშობლებს, ორი სტუდენტი გოგონა უკვე ჰყავდათ. მამას პოეზია და პოეტები უყვარდა. ხშირად იხსენებდა, პატარა ბიჭობისას, როგორ აპურებდა "კიროვის ბაღში” ნაბადმოხვეულ მშიერ იეთიმ გურჯს... ბუნებაში ხომ არაფერი იკარგება და ვინ იცის, იქნებ ამიტომაც აუხდა ლოცვად თუ წყევლად, რომ მესამე შვილი სწორედ პოეტი ეყოლებოდა, ვინ იცის?!

უზრუნველი ბავშვობა გავატარე წყნეთში, ჩემს თბილსა და მყუდრო სახლში. ძალიან მეოცნებე ვიყავი. შევცურდებოდი ხოლმე სიზმარეთის სასწაულ ზღვაში და რას არ ვხედავდი: დევების ქორწილს, კუდიან დედაბრებს, ცხრათავიან გველეშაპებს, თვალუწვდენელ ქარაფებს, საიდანაც ვეშვებოდი და ხშირად იატაკზე ტუჩებდასისხლიანებულსაც გამღვიძებია, მერე კი დედაჩემის უსათნოეს თვალებს დავუმშვიდებივარ.

წერა ბავშვობიდან მიყვარდა. მე-9 კლასიდან ჟურნალებს - "ცისკარსა” და "ნობათს” ვსტუმრობდი. პოეტები და მწერლები განსაკუთრებულ ადამიანებად წარმომედგინა.

ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. გაერთიანებული ვიყავი ახალგაზრდა მწერალთა წრეში. ჩემი ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა "პირველ სხივში”, "ცისკარში”, "ნობათში”, "ახალგაზრდა ივერიელში”, "რუბიკონში”, საიდანაც დღემდე უამრავი მეგობარი შემომრჩა.

შაბათი და კვირა ისე არ გავიდოდა, უნივერსიტეტიდან საქართველოს კუთხე-კუნჭულების სანახავად და ეკლესია-მონასტრების მოსალოცად არ წავსულიყავით. ხშირად გვქონდა გასვლითი საღამოებიც. 93-ე აუდიტორიაში კი არ ილეოდა ლიტერატურული შეხვედრები, რომლებიც თითქმის ყოველთვის, უნივერსიტეტის ბაღში, "კოპალას ქვასთან” პოეტური "ნადიმით” მთავრდებოდა. ხის ფუღუროში ერთ გატეხილ ჭიქას ვინახავდით და იმით პოეზიის სადღეგრძელოს ვსვამდით... სტუდენტობის შემდეგაც, უნივერსიტეტის ბაღი კიდევ დიდხანს იყო ღონისძიება-ღვინისძიებების, პოეზიით თრობისა და სხვადასხვა თაობის პოეტებს შორის დიდი მეგობრობის მომსწრე. მას შემდეგ, მარადიულ ტკივილად იქცნენ იმ საღამოების მონაწილე ჩვენი მეგობარი საოცარი პოეტები და უკეთილშობილესი ადამიანები: ლაშა გახარია, ღიღინო ცახური (ნუგზარ ბერაძე), გოგიტა არაბული, თემურ ფირცხალაიშვილი...

ჩემი სტუდენტობის თანმდევი იყო თავისუფლებისთვის ბრძოლაც, შიმშილობის აქციები, 9 აპრილი, რუსული ნიჩბები, ქართული გულები და ერთიანი ეროვნული მოძრაობის უმაღლესი განცდა. მახსოვს, როგორ მიგვიძღოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა გულანთებულ ახალგაზრდებს... შემდეგ იყო ძმათამკვლელი ომი, აფხაზეთი, სამაჩაბლო...

რაც უფრო ბობოქარი იყო გარემო, მით მეტად გიზგიზებდა პოეზიის ცეცხლი. სწორედ ჩემი სტუდენტობისას გამოსცა თსუ-მ ჩემი პირველი კრებული "მაინც გათენებას ველოდები”, რომელიც დედას - მარიამ ამირანაშვილს მივუძღვენი. 1995 წლის ივნისში ამ წიგნისთვის ასევე უნივერსიტეტმა მომანიჭა გურამ რჩეულიშვილის პირველი პრემია. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს პოეტურ ცხოვრებაში. გახარებულმა ჩემმა მეუღლემ - პოეტმა ზურაბ ჯაფარიძემ, ეს ამბავი ნადირობით აღნიშნა. არიშკის სანადიროში გურამ რჩეულიშვილის სახელზე ჯიხვი მოკლა და ჩამომიტანა. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი ნანადირევი.

ზურაბ ჯაფარიძე ფშავში, სოფელ შუაფხოში გავიცანი, სადაც უნივერსიტეტელმა პოეტებმა, ღია ცის ქვეშ, პოეზიის საღამო მოვაწყვეთ. ერთი კვირის თავზე ზურამ მომიტაცა და რაჭაში აღმოვჩნდი...

უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა ვერ წარმომედგინა, ამიტომ უკან დავბრუნდი. ზურასთვის ეს საშინელი ტრაგედია იყო. მე კი ვერ მეპატიებინა ჩემი მოტაცება და ახლოსაც არ ვიკარებდი. ის ჯიუტად, ყოველდღე, ლექციების დასრულების შემდეგ, საგანგებოდ არჩეული ცხრა ცალი მრავალფერი მიხაკით მელოდა და შერიგებას ცდილობდა.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ნანა ამირანაშვილი "ლიზიკოს კაფეში” დაგვპატიჟა. - ლიზიკო დეიდა, სამი ნაყინი და ცხრა მიხაკი, - უთხრა ზურამ და თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც ლიზიკო დეიდამ სამ ნაყინს ცხრა ცალი საგულდაგულოდ შენახული მიხაკიც გამოაყოლა...

ჩემს გრძნობას სიყვარული ჯერ მაინც არ ერქვა. გული ოდნავ გვიან, ერთმაAშთამბეჭდავმა შემთხვევამ მომიბრუნა. მას შემდეგ ხშირად ვსეირნობდით უნივერსიტეტის ბაღში... მისიანები ოფიციალურადაც მოვიდნენ ჩვენს ოჯახში, მაგრამ პოეტმა სასიძომ ზომაზე მეტი დალია, ლოთად ჩათვალეს და უარით გაისტუმრეს. მერე ხმა დაირხა: ზურაბ ჯაფარიძე თავის მოკვლას აპირებსო. იმავე პერიოდში, ჩვენმა საერთო მეგობარმა, ზურას ბერად აღკვეცის დაჟინებული სურვილი მამცნო.

მეორე დღეს, დიდუბის ტაძართან ვიდექით და ორივენი ვტიროდით. დიდუბის პანთეონში ტერენტი გრანელის საფლავთან ვისაუბრეთ. შემდეგ ტაძარში შევედით, უზარმაზარი კელაპტრები ავანთეთ, მუხლი მოვიყარეთ და გავირინდეთ. მათხოვართაAდალოცვა ზურგის ქარივით აგვედევნა.

მერე იყო ჯვრისწერა ნიკორწმინდაში, ქორწილი სხვავასა და წყნეთში. მაშინ ვინ იცოდა, ჩვენი თანაცხოვრება მხოლოდ ექვს წელს გასტანდა და ზურას საბედისწერო აღსასრულით დამთავრდებოდა. მაგრამ... მანამდე იყო ხევსურეთი, ჩვენი წყლულების სალბუნი. სამი წლის მარიამს დედას ვუტოვებდი და მთებში ვუჩინარდებოდით. მიღმახევის სოფელ ბახაოში ჩვენს მეგობარს, არაჩვეულებრივ პოეტსა და ადამიანს, მურღვა არდოტელს (ნიკო ზვიადაურს) ვსტუმრობდით, შატილში - დოხტურს (მიხეილ ჭინჭარაულს), მუცოში - ცხვირჩამოთლილ ჭულოს, ბაჟახში - ოტოს (ავთანდილ დაიაურს). მაშინ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ასაკოვანი ხევსურები. ნაკელით შელესილ სახლებში ჭრაქი ბჟუტავდა, ქერჩო ბალალაიკაზე უკრავდა, ბეჟანი ნანადირევი ჯიხვითა და დათვით გვმასპინძლობდა... ჩვენს თვალწინ მთელი ძველი ხევსურეთი ცოცხლდებოდა. თავი შუასაუკუნეებში გვეგონა... ახლა კი აღარც ჭულოა, აღარც ქერჩო, აღარც ბეჟანი... ნელ-ნელა დაცარიელდა ხევსურეთი.

საბედნიეროდ, არდოტში დღესაც მტკიცედ დგას მურღვა არდოტელის ოჯახი - მიღმახევის მეციხოვნედ და სააქაო საქართველოს მასპინძლად.

მე და ზურას ქისტეთის საზღვრამდეც გვივლია, მეხთატეხასა და ქვათაცვენასაც შევსწრებივართ, შემოდგომის პირს, მგელთა ხროვის დროს, მდინარე ჭანჭახსაც ჩავყოლივართ სოფლამდე, თვალუწვდენელი უფსკრულების ძაფისოდენა ბილიკებზეც შემოგვღამებია, გზაც აგვბნევია, მაგრამ მთვარე ამოსულა მთებიდან და ამ საოცრების შემყურეებს თავებიც კი დაგვვიწყებია. დათვისჯვრისა და წუბროვანის უღელტეხილებიც გადაგვივლია და განთიადისას ხახაბოში, ჩიმაქოს სტუმართმოყვარე ოჯახშიც ჩავსულვართ. ახლა აღარც ჩიმაქოა და აღარც ელისო, არც დოხტურის ცოლი სანათა და აღარც - ზურაბ ჯაფარიძე...

1995 წლის 10 ნოემბერს იგი მარტო წამოვიდა შატილიდან. ქარბუქში 38 კილომეტრი იარა, უღელტეხილზე გადმოვიდა და სოფელ ხახმატამდე ათი წუთის სავალზე "თოვლის როიალში” ჩაიყინა.

შვიდი თვე ეძებდნენ მიღმახევლები, ვერტმფრენები, ალპინისტები და მეგობრები: გოგიტა არაბული, ხვთისო მამისიმედიშვილი, მურღვა არდოტელი... შვიდი თვე ამაოდ დაშვრა ექიმი ზურაბ ჩიქოვანი - ზურაბ ჯაფარიძის პატრონი და უერთგულესი მეგობარი. მაისში კი თოვლი რომ დადნა, არაგვში, უზარმაზარ ლოდს ჩახუტებული იპოვნეს და უამრავ ღიღილოსთან ერთად ჩამოასვენეს.

ზურა რომ დაიკარგა იმ დროს მეორე შვილს ველოდებოდი. ამ ამბით თავზარდაცემული ერთი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი. სასწრაფო ოპერაციაც დამჭირდა. საბედნიეროდ, ორივენი გადავრჩით - მეც და პატარა ზურა ჯაფარიძეც. ხუთი თვის იყო, მამამისი რომ იპოვნეს. დღეს ჩემი ბიჭი 15 წლისაა და ძალიან ჰგავს მამას. მარიამი კი სტუდენტია, 20 წლისაა და თავად ემზადება დედობისთვის. 14 წლის შემდეგ, მზის სინათლე იხილა ჩემ მიერ შედგენილმა ზურაბ ჯაფარიძის წიგნმაც "სულის ანარეკლი”, რომლის წყალობითაც ის ხელმეორედ მოევლინა ქვეყნიერებას.

1994 წელს, წყნეთში, ჩვენს სახლში შეიქმნა პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი”. იგი შვიდ პოეტს გვაერთიანებს: მიხეილ ღანიშაშვილს, სევარიონ ნადირაძეს, მურღვა არდოტელს, ტრისტან მახაურს, თამარ ლომიძეს, მე და ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე გაწყვეტილი სიმია... "მარადახალი ქნარელები” უნივერსიტეტიდან მოვდივართ და დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა და საღამოები.

თითქმის ყველა კულმინაციურ მდგომარეობაში ზედმეტად რომანტიკოსი ვიყავი. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მისტიკურ სხივზე სიარულს ჰგავს... 27 წლის შევსრულდი, როდესაც დავქვრივდი, 33 წლის ასაკში უამრავი გამოცდა ჩავაბარე. გამოცდები დღემდე გრძელდება... 42-ის ვარ და უკან რომ ვიყურები, ასე მგონია 200 წელიწადი ვიცხოვრე-მეთქი, იმდენი რამ გადამხდენია... რამ უნდა გამაკვირვოს... მაგრამ არ ყოფილა არც ერთი წუთი ჩემს ცხოვრებაში უპოეზიო და დაუმუხტავი... მრავალი მძიმე განსაცდელის ჟამს ყოველთვის უფლის ფრთები მათბობდა...

ვმუშაობდი სკოლაში მასწავლებლად, საბავშვო გაზეთ "ზღაპარში” შემოქმედებითი განყოფილების გამგედ, "ბუნების” რედაქტორად, "ევრაზია-ექსპრესში” ჟურნალისტად, "ჯეჯილში” ბუნების რუბრიკა მიმყავდა, ვმუშაობდი ტელევიზიის გაზეთში "2X2”. უამრავ ჟურნალ-გაზეთთან ვთანამშრომლობდი შტატგარეშედ და ვბეჭდავდი საკუთარ შემოქმედებასა თუ წერილებს საინტერესო ადამიანებზე: მომღერალ ლამარა ჯაფარიძეზე, მოქანდაკე გურამ პაპინაშვილზე, რეპრესირებულ პოეტ შალვა მჭედლიშვილზე, რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის პოლარული წრის იქით, ვორკუტაში გადაასახლეს. კატორღაში საშინელი წამება გამოიარა და ბოლომდე დიდ ადამიანად დარჩა. მოხუცობისას ძლივს აღიარეს რეპრესიების მსხვერპლად. ის ჩემი თაობის უძვირფასესი მეგობარი იყო. მარადიული ბავშვი. როდესაც მასთან ინტერვიუს ჩაწერა დავასრულე, ბ-მა შალვამ გამომაცილა, ერთად მივუყვებოდით ჩუღურეთის ძველ ქუჩას, ფიროსმანის ნაკვალევს, უეცრად შემაჩერა და დამლოცა: "იცოდე, ამ ქვეყანაზე ქუდბედით დავიბადე და როცა ასეთი ადამიანი გლოცავს, კარგიაო...” მისი ლოცვა საგზლად გამყვება მთელი ცხოვრება.

ვწერდი ასევე ახალგაზრდა პოეტებზეც, ვაქვეყნებდი მწვავე წერილებსაც. ვმუშაობდი პროზაშიც - სამი ზღაპარიც ჩამოვქსოვე. არასოდეს მაკლდა შეხვედრები და საღამოები. ყველას და ყველაფერს კუთვნილს მივაგებდი.

ჩემს შვილებსაც ხშირად დავატარებდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მთასა თუ ბარში, ვცდილობდი, სამშობლოს ფესვების სურნელი შეეგრძნოთ. ჩალისა და ბალახის ღერებს ვაგროვებდი, ციცქნა ბუდეს ვაკოწიწებდი და სველ ბარტყებს ვათბობდი. ხშირად უმუშევარიც ვიყავი და რადგან წუთისოფელი ჩემგან ხარკს ითხოვდა, მეც ხან წიგნებს ვცვლიდი კარტოფილსა თუ ხახვზე, ხან ვერცხლის კოვზებს პურის ფასად, საქორწინო ბეჭედიც ჩავუგდე ხარბ ცხოვრებას ხახაში, მაგრამ არასოდეს ვწუწუნებდი.

იმავე პერიოდში აურაცხელი ცხოვრებისეული გამოცდაც ჩავაბარე. დადგა დრო, როცა ოჯახი შიმშილისაგან უნდა მეხსნა... საქმეც გამოჩნდა: ინდური ფილოსოფიურ-რელიგიური ნაწარმოების "ბჰაგავადგიტას” გასალექსად მაღალი ანაზღაურება შემომთავაზეს. მიზერული თანხა საცდელ სამუშაოებში, შემდეგ კი, დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში, თვიურად 1500 ლარი. ამ შემოთავაზებამ საგონებელში ჩამაგდო. ოცნების თვალშეუდგამი "კოშკებიც” ავაგე. არ დამრჩა მეგობარი, რჩევა არ მეკითხა. ჩემი მაშინდელი მოძღვრისგანაც თანხმობა მივიღე, მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებდა. ვეჭვობდი - საქმე სექტასთან მქონდა. მიუხედავად ამისა, შეთანხმება შედგა და საცდელი სამუშაოების გასამრჯელოდ 30 ლარიც მივიღე. სახლში წამოსულმა ვიგრძენი, რომ ჯიბეში 30 ვერცხლი მედო!.. თანხა მაშინვე დამეხარჯა. ძალიან ავფორიაქდი. რამდენიმე დღეში, სამსახურში 50-ლარიანი ხელფასის ნაცვლად, არც მეტი, არც ნაკლები, 30 ლარი ავიღე... თანხა მაშინვე დავაბრუნე - ესეც თქვენი 30 ვერცხლი-მეთქი... არ დამავიწყდება მათი უზომო გაოცება. თავად კი ჯიბეში 50 თეთრი ძლივს მოვჩხრიკე და საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი.

მახსოვს, მეტროში, მოხუცებული ქალი მოწყალებას ითხოვდა, ხუთი თეთრითაც ვერ დავეხმარე და როცა მათხოვრის ხელი ჩემს ხელს შეეხო, მე შემრცხვა და მის გამოწვდილ პეშვში ცრემლი ჩამივარდა.

უცნაურობებითაა სავსე მთელი ჩემი ცხოვრება. მცირე ხნის წინ სამებიდან ვბრუნდებოდი. ტაძრის ეზოს გამოსასვლელში მათხოვრებს მოეყარათ თავი. რაც ხურდა-ფული მქონდა ჩამოვარიგე. ერთ-ერთმა მკითხა, მოწყენილი რატომ ხარო? - პოეტი ვარ-მეთქი - ვუპასუხე. თუ პოეტი ხარ ლექსი გვითხარიო... თავი არ დამიზოგავს, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ტაძრის წინ "პოეზიის საღამო” გაიმართა. წიგნებითაც დავასაჩუქრე. გაოგნებულ-გახარებულთ მოწყალებისათვის ხელის გაწვდაც კი ავიწყდებოდათ... აღარ გვეთმობოდა ერთმანეთი...

ჩემთვის ფული არასოდეს ყოფილა მთავარი. ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება მხოლოდ ის არის, როცა გრძნობ, როგორ შემოდის შენს სულში უფალი...

ამიტომაც კვლავაც ჯიუტად ვრჩები პოეზიის "კონკიად”, სასწაულებისა და ერთგული მკითხველის მოლოდინში.

მიღებული მაქვს გურამ რჩეულიშვილისა და "შოთაობის” პირველი ლიტერატურული პრემიები. გამოცემული მაქვს წიგნები: "მაინც გათენებას ველოდები”, "შავი ქრიზანთემები”, მითოლოგიური პოემა "დალი”, "ქალი-კენტავრი” და "კონკიას ქოში”.

ჩემი სახელი შეტანილია იენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰაინც ფეინრიხის მიერ გერმანიაში დასტამბულ "ქართველ მწერალთა კატალოგში”.

* * *

რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! -
მოჩუქურთმებულ სამრეკლოს  ჰკითხე...
მე ხომ არ ვიცი, რა მიხარია,
მე ხომ არ ვიცი, სად განმიკითხეს.

მე ხომ შემთხვევით დედამიწაზე
მომინანქრებულ ფიქრებს დავეცი...
თუმცა ჭიშკარი გადამირაზეს
და დღესაც მტკივა ბეჭი ნალეწი.

მე ხომ არ ვიცი, რა მიხარია,
მე ხომ არ ვიცი, სად განმიკითხეს...
რატომ მიყვარხარ ასე ძალიან?! -
მოჩუქურთმებულ სამრეკლოს ჰკითხე.

* * *

მოვარდა ქარი მსტოვარი:
- შენზე ფიქრიო უხარის...
მე კი კუთხეში დავმჯდარვარ,
ვაბოლებთ მე და ბუხარი.

- ქარო, ზამთარი წამიღებს...
ატირდებიან მუხანი...
ან არაფერი არ უთხრა,
ან მიყვარხარო - უთხარი.

ისევ წერილი

ჩემი წერილი განახო მინდა, -
ჩუქურთმა - გულის ჩამონათალი,
შენთან მოვრბივარ მგელთა ხროვიდან,
სულში გამდნარა ოქროს მადანი...

ჟამსაბრუნავი ისევ მაციებს,
თუმცა მდუღარე მეწვის ტერფები,
შენთან წვიმამდე თუ მოვაღწიე,
ვიცი, სიყვარულს ავედენთები...

მე ბედისწერას გავეთამაშე,
მოდი, მომხედე წერაატანილს...
რომ უმოწყალო ჟამისთევაში
გადამიწონო დარდის ავდარი.

* * *

ქარს შევატოვებ ერქვანს...
მომენატრე და... რა ვქნა...
ნეტავ რა უნდა ერქვას
დარდის არშია-მაქმანს?!
შევემატები ბუხარს,
გადავიქცევი სულად,
მხოლოდ სიზმარი თუ ხარ,
არ გავიღვიძებ სულაც.

შოთა რუსთაველს

მე ვენაცვალე შენს ჩაწყობილ კრიალოსანებს -
სიტყვებს... სტრიქონებს... ნაჩუქურთმევ უჭკნობ სოსანებს...

ჟამ-უჟამობის გამძლებელო, სვეტო ნათელო,
რა ძალი დაგყვა უფლისაგან, ვით საქართველოს?!.

რა სულიწმიდის მადლით გმოსა არსთაგამრიგემ,
ულევი განძი ჩვენამდე რომ ჩამოარიგე.

ეტრატზე არა, ცაში წერდი "ვეფხისტყაოსანს”
და იქვე, ახლოს, ნაირფერი ბაღი ჰყვაოდა...

სამოთხის ვარდის სურნელება გაჰყვაო მზითვად,
ვინც შენი "სიბრძნის კიდობანი” ქორწილში ზიდა...

მზის და მთვარის ეტლს დაჰყვებოდი კაცი მართალი,
კაცი ერთგული, ღვთისმოშიში და ნაზამთრალი...

მიჯნურთა ცრემლით გადანამე შვიდი პლანეტა
და სადაფები ჩამოკრიფე სავსე მთვარედან...

სიბრძნის ბადახში მაინც დასწვა დრომ ულმობელმა,
მაგრამ ფერფლმაც კი შეინახა შენი პოემა...

ნიჭიერების უსიმაღლესს გასცდი გალავნებს...
საუკუნეებს ამიტომაც აექარავნე...

რა სიდუმლოს ინახავენ კედლის ბზარები?!
პალესტინაში კვლავ რეკავენ დედო-ზარები?!

უცხოეთის ცას შეატოვე ფიქრი თამარზე,
როს დადგა ჟამი... უკვდავებას აედარბაზე

"მესხო მელექსევ”, თავად მზე ხარ გვირგვინოსანი,
სხივთა მფრქვეველო, მიმსახურე ციცქნა ფრთოსანი...

მე ვენაცვალე შენს ჩაწყობილ კრიალოსანებს -
სიტყვებს... სტრიქონებს... ნაჩუქურთმევ უჭკნობ სოსანებს...

0

ავტორი: